ევრობასკეტი 2013: საქართველოს ნაკრები უკრაინელის თვალით

AutoSharing Option
სლოვენიაში 4 სექტემბერს სტარტს აიღებს კალათბურთელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატი.

უცხოელი სპეციალისტები ფინალური ეტაპის მონაწილე გუნდების შანსებს განიხილავენ. ამჯერად გთავაზობთ უკრაინელი ექსპერტის თვალით (isport.ua) დანახულ საქართველოს ნაკრებს.

ისტორია და თანამედროვეობა
კონტინენტის 2013 წლის ჩემპიონატი მეორე დიდი ტურნირი იქნება, რომელშიც კავკასიელი ბიჭები იასპარეზებენ.

სადებიუტო 2011 წლის ევრობასკეტზე იგორ კოკოშკოვის რაზმმა რვიდან 2 მატჩის მოგებით მეტად საპატიო მე-11 ადგილი დაიკავა.

სიამაყისთვის მეტი საბაბი ექნებოდათ, საქართველოს ნაკრებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის სათანადო გამოცდილება რომ ჰქონოდა. მაშინდელი ნაკრებიდან ორიოდე კალათბურთელმა თუ იცოდა, რომ მნიშვნელოვან შეჯიბრებებში გამარჯვებულის
ვინაობა მატჩის მიწურულს ვლინდება ინდივიდუალური ოსტატობის ან უმაღლესი სათამაშო დისციპლინის ხარჯზე.

ამასაც ჰქონდა თავისებური გამართლება: ბებერი კონტინენტის პირველობა B დივიზიონში, სადაც საქართველოს ნაკრები კარგახანს იმყოფებოდა, ზებუნებრივი ძალების გამოვლენას არ მოითხოვდა.

თავიდან ქვეყანას ნახტომისთვის საკადრო პოტენციელი არ აძლევდა საშუალებას, შემდეგ ნაკრების ჩამოყალიბებას დრო დასჭირდა. როცა ყველაფერმა ამან ჩაიარა, იმ პირველობაში საქართველოს ტოლი არ ჰყავდა.

საკმარისია 2010 წლის პლეი ოფების ფინალური სერია გავიხსენოთ. კოკოშკოვის შეგირდებმა მკაცრი გამოცდა მოუწყეს ბელორუსის ნაკრებს. ქართველებმა სტუმრად 14 ქულით (!) სძლიეს (89:75) სლავებს, შინ კი უფრო მშვიდობიანად (86:84) მიიყვანეს საქმე სასურველ დასასრულამდე. ფინალური სასტვენის შემდეგ ისტორიული წარმატებისთვის ნაკრების წევრებმა მთავრობისგან მნიშვნელოვანი საპრემიო თანხა მიიღეს. მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ, ქვეყნის პრეზიდენტისგან პრემიამაც ასი ათასს გადააჭარბა. სულ ნაკრები კი ამოცანის წარმატებით შესრულებისთვის ნახევარი მილიონით გამდიდრდა.

შარშან ზაფხულს ქართველებმა შესარჩევში წინა ჩემპიონატის წარმატება გაიმეორეს, არადა, ჯგუფში ჰყავდათ ბოსნია, ლატვია, რუმინეთი და ჰოლანდია. საბოლოოდ ქართველებმა და ბოსნიელებმა თანაბარი ქულები მოაგროვეს, ბალტიისპირელები ქულით, ჰოლანდიელები და რუმინელები, შესაბამისად, 4 და 5 პუნქტით ჩამორჩნენ.

ასე რომ, ქართველმა კალათბურთელებმა 2013 წლის ევრობასკეტის საგზური დამსახურებულად მოიპოვეს.

მწვრთნელი
ერთი პატარა, მოკრძალებული სოფლის მკვიდრი იგორ კოკოშკოვი სერბული კალათბურთის ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ამასთანავე, ის პირველი ადამიანია, რომელმაც ამერიკული პასპორტის გარეშე მოიპოვა მწვრთნელობის უფლება, თანაც მთლიანი შტატით NBA-ში - 2000 წელს ის მიიღეს ლოს ანჯელესის "კლიპერსის" შტატში. 2003-დან 2008 წლის ჩათვლით, კოკოშკოვი "დეტროიტის" მესაჭეს ეხმარებოდა, შემდეგ იყო "ფინიქსში".

მიმდინარე წლიდან იგორი "კლივლენდში" მაიკ ბრაუნის სრულუფლებიანი ასისტენტია, ამასთანავე, საქართველოს ნაკრებსაც უდგას სათავეში. 2008 წლიდან მის ყველა ხელშეკრულებაშია ჩაწერილი საკლუბო გუნდსა და ეროვნულ ნაკრებთან მუშაობის შეთავსება.

კოკოშკოვი ხუთი წლის წინათ ჩაუდგა სათავეში საქართველოს ნაკრებს. სერბის საქმიანობას დიდად აფასებს ქვეყნის პრეზიდენტი. გუნდის ხელმძღვანელს დიდ პატივს სცემენ კალათბურთელებიც, რადგან თავად მწვრთნელი ზრუნავს თითოეულ შეგირდზე.

ზაზა ფაჩულია
საქართველოს სპორტული სიმბოლო, "მილუოკის" ცენტრი ზაზა ფაჩულია სლოვენიის ევრობასკეტს ტრავმის გამო გამოტოვებს. ჯერ კიდევ გაზაფხულზე, როცა იგი "ატლანტას" ღირსებას იცავდა, ქართველი კალათბურთელის ქუსლის მყესებმა დატვირთვას ვერ გაუძლეს.

აუცილებელი გახდა ქირურგიული ჩარევა, რეაბილიტაციას კი ნახევარი წელი დასჭირდებოდა. ამიტომ ევროპის ჩემპიონატში მისი მონაწილეობა თეორიულადაც გამოირიცხა, რადგან ფორსირებულად გამოჯანმრთელება სასურველ შედეგს ვერ მოიტანდა.

თორნიკე შენგელია
ქართველებს გული დასწყვიტა თორნიკე შენგელიას ტრავმამაც. "ბრუკლინის" ფორვარდმა ივლისში ვარჯიშისას მენისკი დაიზიანა.

გულმოდგინე სამედიცინო შემოწმებამ შოკში ჩააგდო არა მარტო საქართველოს ნაკრების, არამედ "ბრუკლინის" ხელმძღვანელობაც, რადგან ქირურგიული ჩარევის შემდეგ შენგელია, ევრობასკეტის გარდა, ნბა-ს სეზონის ნაწილსაც გააცდენს...

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არ არის ვლადიმერ ბოისა, რომელმაც საერთაშორისო კარიერა დაასრულა. ეს დანაკარგიც მნიშვნელოვანია, რადგან ვლადიმერის გამოცდილება ყოველთვის ეხმარებოდა პარტნიორებს, რთულ სათამაშო სიტუაციაში არ დაბნეულიყვნენ.

ვარსკვლავი
ნატურალიზებული კალათბურთელების ნაკრებში მიწვევის პრაქტიკა ქართველებმა დიდი ხანია, დანერგეს: შემონდ უილიამსი, ტაირონ ელისი, ტორინ გრინი, ქუინტონ ჰოსლი, ჯეიკობ პულენი - ყველა ისინი ხელს უწყობდნენ საქართველოს ნაკრების ელიტაში დაწინაურებას.

მიღწეულის განმტკიცებას ამჟამად რიკი ჰიკმანი და ლუკ ზელერი შეეცდებიან. პირველს ბებერი კონტინენტის კალათბურთის მოყვარულები თვალს ადევნებდნენ ევროლიგაში. ყველას ხიბლავდა თელ-ავივის "მაქაბის" შემადგენლობაში ამერიკელის სნაიპერული ოსტატობა.

ამ კალათბურთელმა მთელი კარიერა ევროპაში გაატარა, საშუალო დონის ჩემპიონატებში მონაწილეობით დაიწყო. ბოლო დროს თავი წარმოაჩინა, როგორც დირიჟორული ნიჭით დაჯილდოებულმა სპორტსმენმა პლეიმეიკერის პოზიციაზე.

ლუკ ზელერს პირიქით - ევროპაში არასდროს უთამაშია. 2009 წლის დრაფტზე ჩავარდნის შემდეგ ამერიკის D ლიგაში გამოდიოდა, რომ ნბა-ს მწვრთნელთა თვალსაწიერიდან არ დაკარგულიყო.

ჩანაფიქრმა ნაწილობრივ გაამართლა: შარშან დეკემბერში იგი "ფინიქსმა" აიყვანა (სადაც კოკოშკოვი მუშაობდა ასისტენტად), 16 მატჩის განმავლობაში მას თამაშის საშუალება მისცეს, მაგრამ არიზონის ცენტრმა თავი ვერაფრით გამოიჩინა. თუმცა უნივერსალიზმმა, გამძლეობამ და დისციპლინირებულობამ იგი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ კანდიდატად აქცია, მაგრამ მხოლოდ კანდიდატად...

რით გააკვირვებენ?
ცხადია, ზაზა ფაჩულიას გარეშე თამაშით. უწინ იგი იყო არა მარტო ქართული კალათბურთის ლიდერი, არამედ საქართველოს ნაკრების სათამაშო სისტემის ქვაკუთხედი: საკუთარ ნახევარზე იგი დაცვას ამაგრებდა - სამწუთიან ზონაში მეტოქის გოლიათებს თავისუფლად მოქმედების საშუალებას არ აძლევდა, მეტოქის ფარს კი აგრესიულად უტევდა, მეურვეებს პოზიციურ შეცდომებს აშვებინებდა და ისინიც ჯარიმებს ჯარიმებზე იღებდნენ.

თანაგუნდელთაგან ყველაზე ხშირად მას ჰქონდა ბურთი და მიზანმიმართულად ანაწილებდა პასებს, რაც გულშემატკივართა აღფრთოვანებას იწვევდა.

ახლა ნაკრებში სხვა სიტუაციაა. ახალი მოთამაშეები ჰყავთ, განსაკუთრებით - უცხოელები. იგორ კოკოშკოვმა მათი შესაძლებლობები იცის (ამიტომაც არჩია ჰიკმანი - ვ.დ.). თვით შინაურებსაც მინიმალური შეთამაშებაც აკლდათ.

საინტერესო იქნება იმის ნახვა, თუ რას მიაღწიეს თვენახევრიანი "ვარჯიშით" "ძველმა" და "ახალმა" ქართველებმა.

რეზიუმე
ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველებს გაუმართლათ, რადგან ჯგუფში, ფაქტობრივად, თავიანთი სიძლიერის გუნდებთან მოხვდნენ. ცხადია, განცალკევებით დგას ესპანეთის ნაკრები. კოკოშკოვის შეგირდებს სხვებთან, მათ შორის - მასპინძლებთან, თანაბარი ბრძოლა და 2011 წლის ევრობასკეტის შედეგის გამეორება შეუძლიათ, მომდევნო ეტაპზე კი ქართველებს წარმატების შანსი არ ექნებათ...

* * *
ევროპის ჩემპიონატი დღეს, 4 სექტემბერს იწყება და ვნახოთ, ჩვენი ბიჭები უცხოელი ექსპერტების წინასწარმეტყველებებს რამდენად გაამართლებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველო VS პოლონეთი - წინ! ევროპას პოლონეთით ვიწყებთ
იგორ კოკოშკოვი: პოლონეთს საგანგებოდ შერჩეული ტაქტიკით ვეთამაშებით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული