საქართველო VS პოლონეთი - წინ! ევროპას პოლონეთით ვიწყებთ

AutoSharing Option
4 სექტემბერს, თბილისის დროით 16 საათი და 30 წუთი რომ შესრულდება, საქართველოსა და პოლონეთის ნაკრებები ჰიმნებზე გაიჭიმებიან, შემდეგ ერთმანეთს გაეჭიმებიან და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში გამოვლინდება ჯგუფის პირველი მატჩის გამარჯვებული.

მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი 16:20 სთ-იდან შემოგვთავაზებს.

წილისყრა რომ გაიმართა, იმ დღიდან პოლონელებიცა და ქართველებიც ერთსა და იმავეს ამბობენ - ვინც გახსნით შეხვედრაში გაიმარჯვებს, მომდევნო ეტაპისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამსო.

ასეცაა, თუმცა შეჯიბრების პირველი ეტაპი ერთი კი არა, 5 მატჩისგან შედგება და მთავარია თავიდან ბოლომდე სტაბილურად თამაში.

ამხანაგურ მატჩებში საქართველომ დაგვარწმუნა, რომ
ზაზა ფაჩულიასა
და თორნიკე შენგელიას არყოფნაშიც ბრძოლისუნარიანი გუნდია და მეტოქეებისთვის ათასგვარი სიურპრიზის შეთავაზება შეუძლია, განსაკუთრებით - პოლონეთისთვის, რომელსაც ორი უმაღლესი დონის ცენტრი - მარცინ გორტატი და მაცეი ლამპე ჰყავს.

ასეთ დროს იოლი გასაშიფრია მეტოქის სტრატეგია. თავადაც ნახავთ, რომ ბურთების ნახევარზე მეტი სატყორცნად სწორედ ამ დუეტზე წავა. ჰოდა, საქართველოს ნაკრები წლეულს ამხანაგურ მატჩებში სწრაფი თამაშისთვისა და სამქულიანების "სეტყვისთვის" რომ ემზადებოდა, სწორედ პოლონეთის თამაშის სპეციფიკიდან გამომდინარე უნდა ყოფილიყო. უკანახაზელებში ხომ უპირატესობა ჩვენს მხარეზეა.

ისე არ გაიგოთ, თითქოს ვამბობდეთ, რომ ლამპე-გორტატის დუეტი გიორგი შერმადინის, ნიკა ცქიტიშვილისა და ვიქტორ სანიკიძის ტრიოზე უკეთესია. შერმადინს ღირსეულად უთამაშია ბონიფაც ნდონგის, სოფოკლის შორციანიტისის, ნიკოლა მიროტიჩისა და სხვა ცენტრების წინააღმდეგ, უჯობნია კიდეც და სწორედ ახლა უნდა დაამტკიცოს, რომ არა მხოლოდ ევროპელ, არამედ NBA-ს ცენტრების ელიტაშიც ეკუთვნის ადგილი.

თან, შერმადინს უნდა შევახსენოთ, გორტატმა რომ თქვა - ევროპის ჩემპიონატზე არ მოიძებნება კალათბურთელი, მე რომ შემაჩერებსო...

"გორტატთან სათამაშოდ განსაკუთრებულად ვემზადები. ვიცი, რომ ამ კალათბურთელის შეჩერება წარმატებისკენ სერიოზულ ნაბიჯს გადაგვადგმევინებს. ის შეუჩერებელი ნამდვილად არ მგონია", - გვითხრა ნიკა ცქიტიშვილმა.

ვარჯიშის შემდეგ შერმადინსაც გამოველაპარაკეთ:

"ძალიან რთული შეხვედრა გველის და რომელიმე გუნდის ფავორიტად დასახელება არ შეიძლება. მთავარია, კარგად ვიცით მატჩის მნიშვნელობა და წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

იმედია, შეხვედრის დამთავრების შემდეგ კარგ ხასიათზე ჩვენ ვიქნებით".

იგორ კოკოშკოვის სიტყვებით დავასრულოთ:

"პოლონეთის ნაკრები ყველა რგოლში ძლიერია, თუმცა ჩვენც გამოცდილი და თანაბრად დაკომპლექტებული გუნდი გვყავს.

მეტოქის წინააღმდეგ შესაფერისი სტრატეგია შევიმუშავეთ და ვიმედოვნებ, კალათბურთელები ყველაფერს კარგად შეასრულებენ.

გუნდი სათანადო ფორმაშია, რაზეც მოსამზადებელ ეტაპზე ჩატარებული მატჩები მეტყველებს".

3 სექტემბერსვე, სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში ევრობასკეტის გახსნის ცერემონიალი გაიმართა. საქართველოს დროშა ევროპის წამყვან, 24 საკალათბურთო ქვეყანას შორის ღირსეულად ფრიალებდა...

ფოტოგალერეა
Sportall.Ge

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
საქართველოსთვის ბიჭებო!!!
საქართველოსთვის!!!
10:38 04-09-2013
0
ღმერთმა ხელი მოუმართოს ჩვენს ბიჭებს!!!!
dato
11:03 04-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული