ნაკრებს ფაჩულია და ცქიტიშვილიც შეუერთდნენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ავსტრიაში პირველ ივლისს შეიკრიბა. მწვრთნელ იგორ კოკოშკოვს თავის განკარგულებაში 14 კალათბურთელი ჰყავდა, გუნდს აკლდნენ ზაზა ფაჩულია და ნიკა ცქიტიშვილი. ზაზა თურქეთში იყო, ხოლო ნიკას სავიზო პრობლემა შეექმნა და თბილისიდან შტაინბურნისკენ მიმავალ კალათბურთელებთან ერთად ავსტრიაში გამგზავრება ვერ მოახერხა.

გუშინ ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა, ავსტრიაში ნიკაც ჩავიდა და ზაზაც. როგორც მიხვდით, ცქიტომ სავიზო პრობლემები მოაგვარა, ხოლო ფაჩულიამ თურქეთში გამართული კემპი 4 ივლისს დაასრულა და 5-ში ნაკრებს ავსტრიაში შეუერთდა. ზაზასთან ერთად სტამბოლის კემპში NBA-ს ვერსკვლავებიც მონაწილეობდნენ - ჰედო თურქოღლუ, მირსად თურქანი,
ერსან ილიასოვა...

ასე და ამგვარად, ჩვენი ეროვნული ნაკრები ავსტრიის საკურორტო ქალაქ შტაინბურნში სრული შემადგენლობით ვარჯიშობს... თუმცა არ უნდა გამოგვრჩეს, რომ გუნდში ერთი დანაკლისია - მუხლის ტრავმის გამო ეროვნულს წლეულს ვერ დაეხმარება ვლადიმერ ბოისა. მან ტრავმა ხორვატიის ჩემპიონატის ფინალური სერიის მესამე მატჩში მიიღო და დღემდე მკურნალობს.

შარშანდელი გუნდიდან ნაკრებში ვოვა ბოისა და ტაირონ ელისი არ არიან, თუმცა იგორ კოკოშკოვს ორი ახალწვეული ჰყავს - ტორინ გრინი და ქიუნტონ ჰოსლი. ეს ამერიკელები შეკრებაზე პირველივე დღიდან გამოცხადდნენ. ქართველ კალათბურთელთა თქმით, ამერიკელები დადებითი პიროვნებები არიან და გუნდთან შეგუება არ უნდა გაუჭირდეთ. გრინისა და ჰოსლის სპორტულ შესაძლებლობებზე კი კონკრეტულად ლაპარაკი ჯერ ადრეა, რადგან გუნდი ამჟამად ფიზიკური კონდიციების ამაღლებაზეა ორიენტირებული...

ეროვნულ ნაკრებში ვარჯიშობს თორნიკე შენგელია, თუმცა შეიძლება მან შეკრება დროებით დატოვოს. საქმე ისაა, რომ B დივიზიონის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩები სწორედ ავსტრიაში გაიმართება (14 ივლისიდან) და თორნიკე, სავარაუდოდ, საწყის სამ მატჩში ახალგაზრდულ ნაკრებს დაეხმარება.

საქართველოს ეროვნული გუნდი შტაინბურნში 16 ივლისამდე დარჩება. 17-ში კი უნგრეთის ქალაქ სომბათჰეიში ადგილობრივ ნაკრებთან ერთ საკონტროლო შეხვედრას გამართავს. მატჩის დასრულებისთანავე ქართველები ავსტრიაში დაბრუნდებიან და სლოვაკეთის ნაკრებთან თამაშისთვის მოემზადებიან. სლავებთან შეხვედრა 19 ივლისს გაიმართება. 20-ში კი ეროვნული გუნდი თბილისში გამოემგზავრება. ნაკრების მენეჯერმა მერაბ რატიშვილმა ვარაუდი გამოთქვა, რომ გუნდი ავსტრიაში ადგილობრივ ნაკრებსაც გაეჯიბრებოდა, მაგრამ, როგორც შევიტყვეთ, ავსტრიელებთან საკონტროლო შეხვედრა არ შედგება.

აქვე ჩამოგითვლით შტაინბურნში მოვარჯიშე ნაკრების სრულ შემადგენლობას: ზაზა ფაჩულია (კაპიტანი), ნიკა ცქიტიშვილი, ქუინტონ ჰოსლი, ტორინ გრინი, ანატოლი ბოისა, კოტე ტუღუში, ლაშა გამყრელიძე, გიორგი ცინცაძე, მანუჩარ მარკოიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, კოკა ტომარაძე, ლევან შენგელია, ნიკა მეტრეველი, მიხეილ ბერიშვილი, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული