ევრობასკეტზე მეტოქეებად ხორვატია, სლოვენია და იტალია გვირჩევნია

AutoSharing Option
"ვლადიმერ ბოისა საქართველოს ნაკრების დაცვას ადუღაბებდა, მის გარეშე თამაში ძალიან რთული იყო", - ეს ფრაზა ნაკრების მეორე მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა ზაფხულში თქვა. ვოვამ ხორვატიის ჩემპიონატის ფინალური სერიისას მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო და აგვისტოში ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარა. მუხლის დაზიანების შემდეგ თითქმის ექვსი თვე გავიდა, მაგრამ ბოისა ჯერაც ვერ თამაშობს. მან შემოდგომით კონტრაქტი სლოვენიის "ოლიმპიასთან" გააფორმა და სარეაბილიტაციო პერიოდს ლიუბლიანაში გადის.

გუშინ ვოვას სლოვენიაში დავუკავშირდით, ვადინტერესდით ჯანმრთელობის მდგომარეობით, ვისაუბრეთ როგორც "ოლიმპიაზე", ასევე საქართველოს ნაკრებსა და მის პერსპექტივებზე.


ტრავმა
- სეზონის დასაწყისში
"ოლიმპიაში" დავბრუნდი. რეაბილიტაციასაც სლოვენიაში გავდივარ. ვარჯიში უკვე დავიწყე, ტექნიკასა და სროლებზე ვმუშაობ, დავრბივარ კიდეც, თუმცა ბოლომდე არ ვიტვირთები.

- სლოვენიური საიტები წერენ, ბოისა მოედანს იანვარში დაუბრუნდებაო.
- ყველაფერი გეგმაზომიერად რომ წასულიყო, დეკემბერშიც უნდა მეთამაშა, მაგრამ ვარჯიში რომ დავიწყე მუხლი დამისივდა და 2 კვირა დავისვენე. აქედან გამომდინარე, ძნელია კონკრეტულად თარიღის დასახელება, მაგრამ სავარაუდოდ მოედანს იანვრის შუაში დავუბრუნდები. წლის დასაწყისში ევროლიგაზე შესვენებაა და მეც მას მერე ვითამაშებ.

- მკურნალობის ძირითადი პერიოდი ხორვატიაში გაატარე...
- იქ კარგ კლინიკაში კომპეტენტური ექიმების ხელში ვიყავი. ოპერაციის შემდეგ, ფაქტობრივად ახლიდან ვისწავლე სიარული. მუხლი ჯერ ისეთ მდგომარეობაში არაა, როგორშიც ტრავმამდე იყო. შეიძლება უწინდელ მდგომარეობას ვერც დაუბრუნდეს, მაგრამ, რაც მთავარია, პრობლემები უკან მოვიტოვე და ვარჯიშს უკვე შევუდექი. ექიმების აზრითაც, არ ვაგვიანებ...

- ტრავმა რომ არა, შეიძლება კოლექციისთვის ხორვატიის ჩემპიონობა შეგემატებინა.
- მუხლის ჯვარედინი იოგები ძალიან ცუდ დროს დამიზიანდა, თუმცა ვერაფერს შევცვლით, სპორტში ტრავმებისგან დაზღვეული არავინაა. ხორვატიის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში ჩემი "ზადარი" 2:1-ს იგებდა როცა ტრავმა მივიღე. ჩემპიონობამდე ერთი მოგება გვაშორებდა. დასანანი კი ისაა, რომ მომდევნო შეხვედრას შინ ვატარებდით. არ ვამბობ, მე რომ მეთამაშა ოქროს მოვიპოვებდით-მეთქი, მაგრამ გუნდს მაქსიმალურად დავეხმარებოდი.


ოლიმპია
- 2009 წლის ზაფხულში, ხორვატულ "ზადართან" კონტრაქტი რომ გაახანგრძლივე, მაშინ მითხარი - შეთავაზება "ოლიმპიადანაც" მქონდა. ამ გუნდში ადრე თუ გვიან მაინც დავბრუნდებიო.
- დავბრუნდი კიდეც. რუსთავში გავიზარდე, ეს ქალაქიც მიყვარს და საქართველოც. რუსთავის გვერდით მშობლიურ ქალაქად ლიუბლიანა მიმაჩნია. "ოლიმპია" კი ჩემი გუნდია. აქ ვინც უნდა მოვიდეს, მწვრთნელი, თუ კალათბურთელი, ჩემსას ყოველთვის გავაკეთებ, ჩემი ადგილი ყოველთვის მექნება, რადგან აქამდე "ოლიმპიას" სახელისთვის ბევრი ოფლი მაქვს დაღვრილი. გულშემატკივრებსაც ვახსოვარ და გენერალურ მენეჯერ იანის რაიგელთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. პირველად სლოვენიაში სწორედ მან ჩამომიყვანა (მაშინ "სლოვანში" მუშაობდა).

- სადღეისოდ "ოლიმპიაში" ძლიერი შემადგენლობაა შეკრებილი.
- კონკურენციის ნამდვილად არ მეშინია. მოედანზე დაბრუნების შემდეგ საწყის ერთ თვეში ცოტა რთული იქნება, მაგრამ, ვფიქრობ, პირველ ეტაპზე სათამაშოდ 20 წუთი მაინც მერგება. ამის თქმის საფუძველს "ოლიმპიას" თამაში მაძლევს - სეზონის სტარტზე გუნდი შეტევაში უფრო კარგად გამოიყურება, ვიდრე დაცვაში. ამიტომ, ვფიქრობ, მწვრთნელს ჩემი დახმარება დასჭირდება.

- წლეულს გუნდი წარმატებით თამაშობს - ევროლიგაზე ხუთიდან ოთხი მატჩი აქვს მოგებული.
- ტრიბუნებიდან მიწევს გულშემატკივრობა და თითოეული წარმატება ძალიან მიხარია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ოლიმპიელები კარგად ატარებენ ბოლო წუთებს. "ოლიმპიას" ტოპ-16-ში მოხვედრამდე ერთი მოგება აშორებს (ინტერვიუ "ეფესი"-"ოლიმპიას" დაპირისპირებამდე რამდენიმე საათით ადრეა ჩაწერილი).

- არადა, ტოპ-16-ში ბოლოს 2004 წელს გავიდა, გადამწყვეტ მატჩში "ციბონა" დაამარცხა, 26 ქულა შენს ანგარიშზე იყო.
- ის მატჩი ახლაც კარგად მახსოვს. იმედი მაქვს, რომ მეორე ჯგუფურ ეტაპზე კვლავ მომიწევს თამაში, რაც ჩემი თანაგუნდელების დამსახურება იქნება. ტოპ-16-ში კი მეც დავეხმარები, დასვენებული და კალათბურთს მოწყურებული ვიქნები.

- მინდა გიორგი შერმადინზე გკითხო, რომელიც "ოლიმპიაში" "პანათინაიკოსიდან" განათხოვრებით გადმოვიდა.
- გიორგიმ გულშემატკივრებს თავი პირველივე მატჩიდან შეაყვარა. იგი გუნდის გენერალურ მენეჯერსაც ძალიან მოსწონს.

- მწვრთნელი კი ცოტას ათამაშებს.
- ყველა სპეციალისტს თავისი მოსაზრება აქვს. არც იურე ზვოდჩია გამონაკლისი. ჩემი აზრით, დროა, შერმადინმა მეტი ითამაშოს. მას მცირე სათამაშო დრო აქვს და გუნდს კარგად ეხმარება, წუთების რაოდენობა თუ მოიმატებს, "ოლიმპიასთვის" მეტ სარგებელს მოიტანს. ვფიქრობ, სადღეისოდ, მწვრთნელი შედარებით მცირე დროს იმიტომ აძლევს, რომ გიორგი ახალგაზრდაა. თან, კევინ პინკნი ევროლიგაზე კარგად თამაშობს. თუმცა დარწმუნებული ვარ, ერთ თვეში გიორგის მეტი თამაში მოუწევს და მალე, შესაძლოა "ოლიმპიას" ლიდერადაც მოგვევლინოს.


ნაკრები
- ამ ზაფხულს საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარე. ალბათ, გული ძალიან გწყდება...
- ჩვენი გუნდი იმიტომაც მოხვდა ევრობასკეტზე, რომ ერთი კალათბურთელის არყოფნა ნაკლებად ეტყობა. ამ ზაფხულს მე ვერ ვითამაშე, მანამდე ორი წელი მანუჩარ მარკოიშვილის გარეშე ვასპარეზობდით. არადა, მანუჩარი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მსროლელია. 2008 წელს მარკოიშვილი რომ გვყოლოდა, შეიძლება შვედეთში არ წაგვეგო, ან მე რომ მეთამაშა, შესაძლოა, ბელგიასთან უკეთესად გამოვსულიყავით, მაგრამ ახლა ვერაფერს შევცვლით. სწორედ ჩვენმა არყოფნამ დაგვანახა, რომ ძლიერი შემადგენლობა გვყავს და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვიძლია.

- ევროპის წამყვანი ნაკრებების თითქმის ყველა კალათბურთელთან გითამაშია და კარგად იცი ევრობასკეტის მონაწილეთა შესაძლებლობები. მათ წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებისგან რას უნდა ველოდეთ?
- ევროპის ჩემპიონატზე თითო ჯგუფში 6 გუნდი იქნება, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საჭიროა 3 მოგება. მიუხედავად იმისა, რომ ევრობასკეტის დებიუტანტები ვართ, 2-3 შეხვედრის მოგება ნამდვილად შეგვიძლია. წინასწარ ვიტყვი, რომ ევროპის ჩემპიონები ვერ გავხდებით. მომდევნო ეტაპზე გასვლისთვის კი ყველაფერს გავაკეთებთ. 12 გუნდს შორის მოხვედრა ჩვენთვის დიდი წარმატება იქნება.

- როგორ ფიქრობ, თუნდაც ხორვატისა და სლოვენიის დარ გუნდებთან რა შანსი გვაქვს?
- საქართველოს ნაკრების ორი კალათბურთელი იტალიის სერია A-ში თამაშობს (მარკოიშვილი და სანიკიძე); მე და შერმადინი ადრიატიკის ლიგასა და ევროლიგაზე ვართ; ზაზა ფაჩულია NBA-შია; ნიკა ცქიტიშვილი ესპანეთში; გიორგი ცინცაძე ბალტიის ლიგაზე... მოკლედ, ურიგო შემადგენლობა არ გვყავს, რომელსაც თავისუფლად შეუძლია ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს თუნდაც ხორვატიასა და სლოვენიას. ჩვენი პლუსი მონდომება იქნება. ევროპის ჩემპიონატზე მუდმივად მოასპარეზე გუნდებისგან განსხვავებით ქართველებს მაქსიმალურზე მეტი მოტივაცია გვექნება, რაც ჩვენს კოზირად უნდა იქცეს. დაველოდოთ ევრობასკეტის წილისყრას.

- წილისყრა 30 იანვარს გაიმართება.
- ძალიან მინდა ჯგუფში ხორვატიის, სლოვენიისა და იტალიის გვერდით მოხვედრა. საერთოდ, კარგი იქნება, ჩვენს ჯგუფში ორი ისეთი ფავორიტი აღმოჩნდეს, რომლებიც დანარჩენებს ყველა მატჩს მოუგებენ. ასეთ შემთხვევაში ყველაფერი ჩვენზე იქნება დამოკიდებული, დანარჩენ ოთხ გუნდს შორის საუკეთესო შედეგისთვის ვიბრძოლებთ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"







მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული