"მეგრული სამქულიანი" უკრაინაში - ინტერვიუ ლევან ფაცაციასთან

AutoSharing Option
საქართველოს თასის გათამაშების მსვლელობისას მატჩებს ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს ლევან ფაცაცია, რომელიც უკრაინული "დნიპრო-აზოტის" წევრია. მისი გუნდი ახლაც თამაშობს, ლევანი
კი ხელის ტრავმის გამო აზოტელებს გამოაკლდა და, როგორც თავად გვითხრა, დიდია ალბათობა, სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმაროს, რადგან მოტეხილი მაჯის მკურნალობას დრო სჭირდება, უკრაინაში კი რეგულარული ეტაპი მარტში მთავრდება. "დნიპრო-აზოტს" 2 მოგება აქვს და პლეი ოფში, ალბათ, ვერ გავა.

ლევანს თავდაპირველად ტრავმის შესახებ ვკითხეთ.

- "ფეროსთან" მატჩისას მაჯა მოვიტეხე, თუმცა იმ მომენტში არაფერი მიგრძვნია. თამაში განვაგრძე. ნელ-ნელა ტკივილმა იმატა და მატჩის შემდეგ
გაშუქებისას ხელი მოტეხილი აღმოჩნდა. სხვათა შორის, ვიზუალურად არაფერი ჩანდა, არც შეშუპება...

- დასანანია, ტრავმა მაშინ რომ მიიღე, მწვრთნელი ბოლომდე რომ გენდობოდა და გუნდის ლიდერადაც იქეცი.
- უკრაინის ჩემპიონატის ბოლო ხუთი თამაში თითქმის შეუცვლელად ვითამაშე. ყველაფერი კარგად გამომდიოდა, მთავარი მწვრთნელიც კმაყოფილი იყო...

- საინტერესოა, რა შეიცვალა სეზონის დასაწყისის შემდეგ, რამაც გუნდის ლიდერად გაქცია?
- უკრაინის ჩემპიონატი შედარებით ძალისმიერია. თავიდან ალღო ვერ ავუღე, მწვრთნელის მოთხოვნებს ბოლომდე ვერ ვაკმაყოფილებდი. შემდეგ უფრო აგრესიულადაც ავთამაშდი, ძალისმიერადაც და მწვრთნელიც კმაყოფილი იყო.

სხვათა შორის, მას ჩემზე შთაბეჭდილება ევროპის ჩემპიონატიდან შეექმნა. სლოვენიაში ხშირად არ ვუტევდი და ეგონა, რომ დაცვითი ტიპის კალათბურთელი ვიყავი. უკრაინაში კი კარგად რომ გამიცნო, დარწმუნდა, შეტევაშიც შემიძლია თამაში და ამას ითხოვდა კიდეც.

- "დნიპრო-აზოტთან" ერთწლიანი კონტრაქტი გაქვს?
- სხვათა შორის, წამოსვლამდე ველაპარაკე გუნდის ხელმძღვანელობას და ახალი კონტრაქტი შემომთავაზა, რაზეც ხელი უკვე მოვაწერე. მომდევნო სეზონშიც "აზოტში" ვითამაშებ იმ შემთხვევაში, თუ უკეთესი გუნდი არ გამოჩნდა.

- ეგ როგორ?
- ხელშეკრულებაში დევს პუნქტი, რომლის მიხედვით, თუ უკეთესი ვარიანტი მექნება, კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტა შემიძლია.

- უკრაინის ჩემპიონატში "სოხუმის" ყოფილი მწვრთნელი აინარს ბაგაცკისიც მუშაობს...
- მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მითხრა კიდეც, თუ ყველაფერი ნორმალურად წარიმართა, მინდა ჩემს გუნდში გიხილოო. თუმცა ჯერ ბაგაცკისს "ბუდიველნიკის" ხელმძღვანელობასთან აქვს დასამტკიცებელი, რომ უკრაინის ჩემპიონატში წაგებები დროებითი ჩავარდნა იყო.

მისი გუნდი ხომ პარალელურად ევროლიგაზე გამოდიოდა. "ბუდიველნიკს" ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და მისგან უკრაინაში მაქსიმალურ შედეგს ითხოვენ.

- ასე რომ, მომავალ სეზონში უკრაინაში დაბრუნება რეალურია...
- ასეა. კონტრაქტიც მაქვს. უკრაინაში მართლაც სერიოზული ლიგაა, ბევრი მაღალი დონის ლეგიონერია და იქ თამაში პროფესიული წინსვლისთვის ძალიან სასარგებლოა.

- "დონეცკის" ღირსებას გიორგი ცინცაძე იცავს, რომელთანაც ჩემპიონატის გახსნითი მატჩი ითამაშე...
- საინტერესო იყო გიორგისთან დაპირისპირება, თუმცა მწვრთნელმა იგი მატჩის მეორე ნახევარში აღარ ათამაშა. ჩემ მსგავსად, სეზონის პირველ ეტაპზე ცინცაძესაც პრობლემები ჰქონდა, თუმცა ყველაფერი დაალაგა და მწვრთნელი ახლა უკვე ბოლომდე ენდობა.

გიორგიც ჩვეულად ათამაშდა, თუმცა იმაზე გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს, რასაც სადღეისოდ უჩვენებს. რაც შეეხება "დნიპრო-აზოტისა" და "დონეცკის" შეხვედრას, გამარჯვება ძალიან გვინდოდა, მაგრამ დონეცკელებს უკეთესი შემადგენლობა ჰყავთ და დამსახურებულადაც მოიგეს.

- ცინცაძის საქომაგოდ დონეცკში ჩასვლას თუ ახერხებდი?
- რა თქმა უნდა. ერთმანეთის თამაშებს ვუყურებდით და ნამატჩევს მოსაზრებებს ვუზიარებდით. ჩემი ერთ-ერთი კრიტიკოსი ცინცაძე იყო.

- კიდევ?
- ჩემი ოჯახის წევრები. როცა საქართველოში ვთამაშობდი, ისინი დროშებითა და საყვირებით შეიარაღებულები მქომაგობდნენ.

ამ სეზონში კი ყოველი უკრაინული მატჩის რეპორტაჟს თბილისში დიდ ეკრანზე უყურებდნენ, თამაშის შემდეგ მირეკავდნენ და აზრებს მიზიარებდნენ. ყველაზე კრიტიკული დედაჩემია.

- უკრაინის ჩემპიონატის ერთ-ერთი შეხვედრისას სახალისო მომენტი დაფიქსირდა: გვერდითი ხაზიდან შემოტანისას ბურთი მეტოქეს ზურგში მოარტყი და სამქულიანი ჩააგდე. ამ ეპიზოდს სამეგრელოს წარმომადგენელ კოლეგასთან ერთად გამეორებით ვუყურე და მითხრა - აბა, ამას მეგრელის გარდა ვინ მოიფიქრებდაო...
- ფარქვეშიდან ბურთი მეტოქისთვის ხშირად მომირტყამს, რადგან იქიდან იოლია ჩაგდება.

სამქულიანიდან კი ასეთი რამ პირველად ვცადე და ბოლო წუთებზე თანაგუნდელებს სამქულიანიც შევაშველე. ამას
ოღონდ ვერ დავიჩემებ, რომ უკრაინაში მე მოვიფიქრე: რამდენიმე წამით ადრე ანალოგიურ სიტუაციაში აღმოვჩნდი და ბურთი თანაგუნდელს გადავეცი.

მაშინაც, კალათბურთელთა გადაადგილების კონტროლის მიზნით, ერთი მეტოქე ზურგით მედგა.

სწორედ ამის შემდეგ მითხრა მწვრთნელმა - ბურთი ზურგში უნდა მოარტყა და ისე ისროლო, თანაგუნდელს პასი არ გადააწოდოო. ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც ჩავიფიქრეთ.

- სექტემბერში საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი ითამაშე. რა ეტაპი იყო სლოვენიაში თამაში შენს კარიერაში?
- საქართველოს ნაკრებში გამოსვლამ დიდი გამოცდილება შემმატა. ჩემს პოზიციაზე მანუჩარ მარკოიშვილი და ვიქტორ სანიკიძე თამაშობენ, რომლებიც ყოველ ნაბიჯზე მასწავლიდნენ, გვერდში მედგნენ, ისევე, როგორც გუნდის დანარჩენი წევრები.

ამასთან, იოლი წარმოსადგენია, რამდენად ემოციური მომენტია რუდი ფერნანდესის, ბოიან ბოგდანოვიჩის წინააღმდეგ თამაში.

- ესპანელებმა ერთი საინტერესო ფოტო გადაიღეს, რომელშიც მარკ გასოლთან ერთად ბურთისთვის იბრძვი. იმ ეპიზოდში საბოლოოდ ვის დარჩა ბურთი?
- ბრძოლა საქართველოს ნაკრების ნახევარზე იყო და ბურთიც გასოლმა აიღო, მაგრამ დამიჭირა, ჯარიმა იყო. ალბათ, ავტორიტეტმა იმოქმედა და მსაჯებმა წესების დარღვევა არ დააფიქსირეს.

ჩემს ადგილას არბიტრისთვის სხვა, ცნობადი სახე რომ ყოფილიყო, მარკ გასოლს აუცილებლად დააჯარიმებდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს გაზეთი სამართალი რომ იყოს დასახურია! ამდენი უნიჭო, უსამართლო, ფანტაზიისაგან დაცლილი და გარყვნილების მიმდევარი, სად შეიკრიბეთ???
Shoda
17:00 22-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული