ტუღუში: წილისყრისას გამართლებას არ უნდა ველოდეთ

AutoSharing Option
სამშაბათს "არმიამ" დაძაბულ ბრძოლაში თსუ დაამარცხა. თუმცა, წინა ტურში რუსთავისგან 16 ქულით ძლეული თსუ-სგან ბევრი ასეთ კარგ თამაშს არ ელოდა. ეროვნული ნაკრებისა და "არმიის" უკანახაზელ კოტე ტუღუშს თავდაპირველად სწორედ სამშაბათის თამაშზე ვკითხეთ.

- სუპერლიგაში ბევრი კარგი გუნდია. უკონკურენციო არავინაა, არც ჩვენ. ამიტომ, წინასწარ ნამდვილად არ ვფიქრობდი, რომ იოლად გავიმარჯვებდით. თსუ ყოველთვის ბოლომდე იბრძვის და არაერთი ფავორიტი გაუმწარებია. საბოლოოდ საინტერესო თამაში გამოვიდა და მოხარული ვარ, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა.

- მესამე პერიოდში 8 ქულით ჩამორჩით, ზვიად ბაბიაშვილმა თამაშის შემოტრიალებაში დიდი წვლილი
შეიტანა.
- ზვიადი ხომ გასული ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელია. მესამე პერიოდში მან მართლაც მნიშვნელოვანი ქულები ჩააგდო, მაგრამ მატჩი არც ბაბიაშვილს მოუგია და არც ტუღუშს - გუნდური თამაშის წყალობით ვიმარჯვეთ. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, დაცვაში კარგად გავისარჯეთ - თსუ-ს 8 ქულაზე მეტი არ ჩავაგდებინეთ.

- "არმიასა" და მის პერსპექტივებზე რას იტყვი?
- ამ გუნდში მოხვედრით კმაყოფილი ვარ. "არმიაში" შექმნის პირველივე დღიდან პროფესიული ატმოსფეროა. მწვრთნელებს, უფროსობას გათვითცნობიერებული აქვთ რისთვის ვიბრძვით, მათგან დიდ ყურადღებას, მხარდაჭერას ვგრძნობთ და კალათბურთელებიც ვცდილობთ იმედები გავუმართლოთ. ამასთან, ისიც გვესმის, რომ ძალიან კარგი ჩემპიონატია. არ მახსოვს, ამდენი თანაბარი გუნდი საქართველოს პირველობაზე ერთად როდის თამაშობდა. გარდა იმისა, რომ ქართველი კალათბურთელები კლუბებში კარგად არიან გადანაწილებულნი, ლეგიონერების მატებაც იგრძნობა. მართალია, აქ ექსტრა-კლასის უცხოელს ვერ ჩამოვიყვანთ, მაგრამ ვინც სადეღეისოდ სუპერლიგაშია, ყველა კარგია. მაგალითად, სოხუმელების თამაში ლაშა ფარღალავას გარშემო ლაგდება, სამი ამერიკელი დიდ სამუშაოს ასრულებს და ლაშას სათანადოდ ეხმარება. ასევე ბევრს შრომობს ჟულივეტ ტუჯანი, რომელიც ქულების სიუხვით არ გამოირჩევა, მაგრამ დაცვასა და მოხსნებში ძლიერია. საინტერესო შენაძენია სამუელ ლამუც. რაც შეეხება, შსს-ელ ტროი კოტონს, მისი მონაწილეობით მხოლოდ ორი თამაში ვნახე, ერთ-ერთი დადიანის მემორიალის ფინალი იყო. 25 დეკემბერს შსს-ს დავუპირისპირდებით და უშუალოდ კოტონის წინააღმდეგ მომიწევს თამაში. ვფიქრობ, "არმია"-შსს-ს დაპირისპირებას თამამად შეიძლება ეწოდოს პირველი წრის ფინალი.

- სუპერლიგის გამოცოცხლებაზე დიდი გავლენა მოახდინა სანაკრებო წარმატებამ.
- პირველ რიგში, სწორედ ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლამ განაპირობა გულშემატკივრის კალათბურთისკენ შემობრუნება. მოინდომეს ამა თუ იმ კლუბის ხელმძღვანელებმაც და გუნდებიც გააძლიერეს. თავის მხრივ, ფედერაციის პრეზიდენტმა ბევრი იმუშავა, რათა სტუდენტური გუნდებისთვის სათანადო რესურსი გამოყოფილიყო...

- ევრობასკეტის წილისყრა 30 იანვარსაა.
- არ შეიძლება გამართლებას ველოდოთ, რადგან ევრობასკეტზე სუსტი გუნდი არ ითამაშებს. არ არის გამორიცხული, ჯგუფში გრანდებთან მოვხვდეთ, კარგად ვითამაშოთ და წარმატებითაც გამოვიდეთ, მაგრამ შესაძლოა პირიქით, გრანდებს ავცდეთ, მაგრამ ჯგუფიდან ვერ გავიდეთ. ასე რომ, წილისყრას მხოლოდ იმიტომ ველოდებით, რომ მეტოქეთა ვინაობა გავიგოთ და მათთან სათამაშოდ მოვემზადოთ.

- ვლადიმერ ბოისას მეტოქეებად ხორვატია და სლოვენია სურს.
- სლოვენიაში რომ ვთამაშობდი, ბოისა იმ პერიოდიდან ემუქრებოდა სლოვენიელებს. მას მართლაც ძალიან უნდა სლოვენიისა და ხორვატიის წინააღმდეგ თამაში. ახლა მთავარია, ვოვა ბოისამა და ვიქტორ სანიკიძემ ტრავმები დროულად მოიშუშონ და სეზონი წარმატებით ჩაამთავრონ. საქართველოს ნაკრების გამოსვლა მხოლოდ ჩვენს გუნდზე იქნება დამოკიდებული.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული