თბილისი საერთაშორისო ტურნირს 2011 წელსაც უმასპინძლებს

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანს სუპერლიგის დაწყებამდე შეგახვედრეთ. მას მერე ორი თვე გავიდა და მკითხველისთვის საინტერესო არაერთი თემა დაგროვდა, როგორც ნაკრების, ასევე შიდა ჩემპიონატის ირგვლივ.

თუმცა ინტერვიუ სხვა საკითხით დავიწყეთ. სექტემბერში ითქვა შავი ზღვის ლიგის დაარსების შესახებ. შავი ზღვის აუზის ქვეყნების რამდენიმე კლუბთან ერთად მასში აუცილებლად ითამაშებს ორი ქართული გუნდი.

- ოქტომბერში უკრაინაში ვიყავი და იქაური კალათბურთის ხელმძღვანელებთან შავი ზღვის ლიგაზეც ვისაუბრე. თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა. მოლაპარაკებები გრძელდება.

- არის ჩიხში შესვლის ალბათობა?
- შეიძლება ასეც მოხდეს,
რადგან ეს სერიოზული პროექტია და სათანადო მხარდაჭერაც სჭირდება. ძალიან გვინდა ლიგა მალე დაარსდეს და თამაშები მომავალი სეზონიდან დაიწყოს, რადგან ეს ქართულ კლუბებს წაადგება.

- მართალია, ევრობასკეტი-2011-ის წილისყრა 30 იანვარს გაიმართება, მაგრამ მაინც საინტერესოა, ნაკრების მოსამზადებელი ეტაპის კონტურები ხომ არ გამოკვეთილა.
- მზადების გეგმას მთავარი მწვრთნელი, იგორ კოკოშკოვი წილისყრის შემდეგ შეადგენს. დღეს მხოლოდ ზოგადად შეიძლება ვილაპარაკოთ. თუ აქამდე გასვლით და საშინაო შეხვედრებს 3-დღიანი შესვენებით ვატარებდით, ევროპის პირველობაზე მატჩები ყოველდღიურად იმართება. ამიტომ, მზადებისას ეს ფაქტორი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. გვინდა, გუნდი 2 თვით ადრე შევკრიბოთ, თუმცა რამდენად მოხერხდება, ჯერ ძნელი სათქმელია. ყოველივე ზემოთთქმულს მთავარი მწვრთნელი პროგრამის შემუშავებისას აუცილებლად გაითვალისწინებს.

- ამა თუ იმ საკონტროლო ტურნირში მონაწილეობის საკითხიც, ალბათ, 30 იანვრის შემდეგ გაირკვევა.
- ასეა. წილისყრა ლიტვაში გაიმართება. ღონისძიებაზე დასასწრებად ევროპის პირველობის ყველა მონაწილე ქვეყნის საკალათბურთო ხელმძღვანელობა ჩამოვა და საკონტროლო მატჩებზე იქ დავილაპარაკებთ, თუმცა კალენდრის შედგენასა და მონაწილეთა დაზუსტებას გარკვეული დრო დასჭირდება და, ვფიქრობ, 15 თებერვლამდე მოსამზადებელი ციკლის ზუსტი კალენდარი არ გვეცოდინება.

- თბილისში საერთაშორისო ტურნირი გაისადაც გაიმართება?
- მერიის თასის გათამაშება ყოველწლიურია და მას თბილისი ამ ზაფხულსაც უმასპინძლებს. ოღონდ შეჯიბრების გამართვის კონკრეტული თარიღი ჯერ უცნობია. ვფიქრობ, მერიის თასი მოსამზადებელი ეტაპის დასაწყისში გაიმართება, შემდეგ გუნდი ევროპაში წავა. თუმცა, საბოლოო სიტყვა მაინც მთავარ მწვრთნელზეა. ვფიქრობთ, ევროპის ჩემპიონატამდე (31 აგვისტოს დაიწყება) ნაკრებმა 7-8 საკონტროლო მატჩი მაინც უნდა ჩაატაროს.

- ლატვიელებს სურთ მათი ნაკრების მონაწილეობით მატჩები შიაულიაიში გაიმართოს - ჩვენს საზღვართან ახლოსააო.
- სურვილი ერთია, რეალობა - მეორე. კალენდარი წინასწარაა შედგენილი და ცნობილია მატჩების გამართვის ადგილები. დარჩენილია ერთადერთი პროცედურა - გუნდების ჯგუფებში განაწილება. წილისყრის დასრულებისთანავე გაირკვევა ვის სად და როდის მოუწევს თამაში. წინასწარ ვერც მასპინძელი ლიტვა განსაზღვრავს, სად იასპარეზებს.

- საქართველოს ნაკრებში გაისადაც ტორინ გრინი ითამაშებს? ელისის დაბრუნების საკითხი ხომ არ განიხილება?
- ტორინ გრინი აგვისტოში ძალიან დაგვეხმარა, თუმცა მას გაცილებით მეტი სარგებლის მოტანა რომ შეუძლია, ამაში გულშემატკივარი გაისადაც დარწმუნდება. ალბათ, თვალს ადევნებთ ესპანეთში მის თამაშს - ყოველდღიურად უმატებს. ასე რომ, ნაკრებში შემთხვევით არავინ მოხვედრილა. მწვრთნელმა გრინის შესაძლებლობები კარგად იცოდა და იმიტომაც მოიწვია. იგივეს თქმა შეიძლება ქუინტონ ჰოსლიზე, რომელიც ნაკრების საკონტროლო მატჩებში ბოლომდე ვერ გაიხსნა, "ხუვენტუდში" კი ერთ-ერთი წამყვანი კალათბურთელია.

- სუპერლიგაზეც გკითხავთ.
- ძალიან საინტერესო ჩემპიონატი გვაქვს. თუ აქამდე ერთი გამორჩეული ფავორიტი იყო, წლეულს 4-5 თანაბარი ძალის გუნდია. სწორედ ამიტომ ჩემპიონატი სიურპრიზებითაა სავსე. შარშან შსს-ს გამოკვეთილი მიზნები ჰქონდა და წინსვლაც აშკარა იყო, წლეულს შსს კიდევ უფრო გაძლიერდა. ასევე სასიამოვნოა, რომ სუპერლიგას "არმია" შეემატა, რომელსაც შემადგენლობაც კარგი ჰყავს და მის თამაშებს უამრავი ქომაგი ესწრება. მინდა ერთ სასიამოვნო ფაქტორსაც გავუსვა ხაზი: მიმდინარე სეზონში ლეგიონერთა მატება თვალშისაცემია. ეს პირველობას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

- სტუდენტური გუნდებიდან ყველამ მიიღო დაპირებული 200-200 ათასი ლარი?
- ხუთივე გუნდში ყველაფერი წესრიგშია. ვინ როგორ წარმართავს მენეჯმენტს, ეს ჩემპიონატის მსვლელობისას გამოჩნდება.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული