მოვხსნათ ქვევრი, ჩავჭრათ ლორი...

AutoSharing Option
2010 წელი რომ დადგა, ერთ მეგობარს დაბეჯითებით ვუთხარი - საქართველოს ნაკრები ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე მოხვდება-მეთქი. გაეცინა - თუ ოცნებობ, ბარემ ევროპის ჩემპიონობა ინატრეო. ვუპასუხე: ყველაფერს თავისი დრო აქვს - ჯერ ევრობასკეტზე გავიდეთ და ჩემპიონობაზე მერე ვიფიქრებ-მეთქი (ცხადია, ვიხუმრე). ჰოდა, 2010 წელს ნაკრებმა 2011 წელს ლიტვაში გასამართი ევროფორუმის საგზური მოიპოვა და ოქროზე ოცნების დროც დადგა. ოცნებას კაცი არ მოუკლავსო, ხომ გაგიგიათ. თანაც, დღეს არავის სურს გონების "მოხსნა-ჩაჭრა-პასი, სამქულიანით" გადატვირთვა. ზოგს სიტყვა "მოხსნის" წაკითხვისას თავმოხსნილი ქვევრი წარმოუდგება, ზოგს რაჭული ლორის "ჩაჭრა",
ზოგს "პასი" ალავერდს გაახსენებს, ხოლო სამქულიანი - სამჭიქიან განსხვავებულს.

ოცნებას რომ დავასრულებ, ერთი ჭიქა ღვინო მეც დამჭირდება - ევროპის ჩემპიონი საქართველოს ნაკრები უნდა დავლოცო! აი ასე: "სისხლი! ეს გამარჯვება ქართველების დიდად მნიშვნელოვანია. დავინახე ყამირითგან ამოხეთქილი ძალა ქართული: მაგარი!"(1)


VS რუმინეთი
მანამდე უნდა გავიხსენო, რომ 2011 წლის სექტემბერში ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ჩვენებმა ქართულ სენს თავი ვერ დააღწიეს: პირველ მატჩში ტურნირის აუტსაიდერ რუმინელებთან იოლ მოგებას ვარაუდობდნენ. მართლაც, 17 ქულით დაწინაურდნენ და ნაადრევად ირწმუნეს გამარჯვება. რუმინელებმა ქართველთა მოდუნებით ისარგებლეს და 29-ე წუთზე ქულით გავიდნენ წინ (58:57). დამარცხების საშიშროებამ ჩვენი კალათბურთელები გამოაფხიზლა და საბოლოოდ ეს მატჩი 82:77 მოიგეს."(2)


VS თურქეთი
რუმინელებთან ჩავარდნა იმას არ ნიშნავდა, რომ საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტი-2011-ზე არაფერი ესაქმებოდა. ყველას კარგად მოეხსენება ქართული ხასიათი: პატარასთან პატარები ვართ, დიდთან - დიდები. ჰოდა, როცა ჯგუფში ტურნირის ფავორიტები დაგვიპირისპირდნენ, ტოლ-სწორად ვეპაექრეთ და მეოთხედფინალის საგზურიც მოვიპოვეთ. იქ თურქეთის ნაკრები გველოდა.

"თურქეთის კალათბურთის ფედერაცია ამ შეხვედრას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და წარმატებაზეც ფიქრობდა. თურქები სწრაფად, აზარტულად თამაშობდნენ და ქართველთა ტემპიანი თამაში მათ სიამოვნებით მიიღეს... ჩვენმა გუნდმა პირველივე წუთზე მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა და გაიმარჯვა კიდეც 80:67." (3)

ასე მოვიპოვეთ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალის საგზური.


VS რუსეთი
30 იანვრის წილისყრამდეც ვნატრობდით, ჯგუფში რუსეთის ნაკრები შეგვხვედროდა, მაგრამ წილისყრამ ასე არ ინება.

სამაგიეროდ, რუსეთის ნაკრები (რომელიც ძირითადად ცსკა-ს კალათბურთელებითაა დაკომპლექტებული) ნახევარფინალში გადაგვეყარა. აი, როგორ გაშუქდა ეს მატჩი "ლელოში": "ქართველთა გუნდი - ეს არის თავშეუკავებელი ჟინი, აზარტი, გრიგალი, რომელიც თავის გზაზე ამსხვრევს ყველაფერს. მეტოქე კი აკადემიური ანსამბლია, უკვე აღიარებული ძალაა დღევანდელ კალათბურთში. სწორედ ამ სხვადასხვა ხასიათების, ტემპერამენტის "დაუნდობელ" ბრძოლაში უნდა დაბადებულიყო ევროპული კალათბურთის ტახტის ღირსეული პრეტენდენტი. ...მეტოქისთვის გადაუჭრელ პრობლემად დარჩა ქართველთა "ცენტრი", რომელიც უჩვეულო სიმსუბუქით და ოსტატობით აგროვებდა ქულებს. ჩვენებს მთელი მეორე ნახევრის მანძილზე ინიციატივა ხელიდან არ გაუშვიათ და არაჩვეულებრივი მეთოდურობით ბრძოლა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს (77:66)".(4)

იოლი მისახვედრია, ზემო აბზაცში რომელ ცენტრზეა ლაპარაკი. ოცნებიდან დროებით მიწაზე დავეშვები და ვიტყვი:

პირველად სწორედ ზაზა ფაჩულიამ დაგვანახ, რომ ევროპის ჩემპიონატის მონაწილეთა განადგურებაც შეიძლება - 2010 წლის 2 აგვისტოს პოლონეთს 26 ქულა ჩაუგდო და მეტოქე 84:65 დაამარცხა.


VS ესპანეთი
ახლა ევროპის ჩემპიონატის ფინალის მოგებაზეც წავიოცნებოთ. მეტოქედ ესპანეთი უნდა შევარჩიოთ, რადგან მის გარეშე ბოლო წლებში ევრობასკეტის ფინალი არ ჩატარებულა.

"ოცდაათი წელია კალათბურთში ვარ და ასეთი საინტერესო ბრძოლა ჯერ არ მინახავს. ესპანელები ქარიშხალსა და ტექნიკას განასახიერებდნენ, ქართველები - ქარიშხალს, ტექნიკასა და სათამაშო დისციპლინას", - განაცხადა მატჩის შემდეგ კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა უილიამ ჯონსმა." (5)

საქართველოს ნაკრებმა მატჩი 90:83 მოიგო. ჩვენების გუნდურ თამაშზე საბოლოო სტატისტიკაც მეტყველებდა - ხუთმა კალათბურთელმა 12-17 ქულებს შორის იტრიალა. ხოლო ესპანელების რიგებში მხოლოდ ამერიკელი ჰაიტაუერი თამაშობდა - 30 ქულა ჩააგდო (6). აქვე გაგიჩნდებათ კითხვა - რაში დასჭირდათ პირენელეებს ამერიკელის ნატურალიზაცია?

თუმცა აქ სხვა რამაა გასარკვევი - ზედმეტად ხომ არ გადავეშვი ოცნებებში? იქნებ, ვინმემ ერთი აფორიზმი გამახსენოს: არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი.

სწორედ ასეთ შეპასუხებას ველოდი, რომ ოცნებიდან რეალობაში, მიწაზე დავბრუნებულიყავი და თამამად მეთქვა:
ევროპული თუ მსოფლიო მწვერვალები ქართველი კალათბურთელებისთვის უცხო არ არის. გვყავს ოლიმპიური მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონი. გუნდური წარმატება გნებავთ? კი ბატონო: 1962 წელს საქართველოს ნაკრები "დინამოს" სახელით საკლუბო ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, გზიდან ჯერ რუმინელები ჩამოიცილა, შემდეგ თურქები, რუსები (ცსკა), ფინალში კი ესპანური "რეალი" დაამარცხა. ზემოთ, ბრჭყალებში ჩასმული ფრაზები სწორედ 1962 წლის ამბებს ასახავდა (თუმცა ჩვენს ოცნებასაც მოუხდა). ისინი ამოკრეფილია "ლელოდან" და უფროსი კოლეგის, ვაჟა დანელიას წიგნიდან "ევროპული ოდისეა". უფრო კონკრეტულად იხილეთ სქოლიოში:

1. სადღეგრძელოდ გრიგოლ რობაქიძის სიტყვები გამოვიყენეთ, რომელიც 1962 წელს, "დინამო"-"რეალის" მატჩს ჟენევაში დაესწრო.
2. მერვედფინალში "დინამომ" რუმინულ "ზვეზდას" სტუმრად 77:76 სძლია, შინ - 82:77.
3. მეოთხედფინალში ქართველებს თურქული "დარუშაფაკა" შეხვდათ და მასაც ორივეჯერ სძლიეს - 80:67, 84:89.
4. ნახევარფინალში "დინამო" მოსკოვის ცსკა-ს დაუპირისპირდა. მოსკოვში თბილისელებმა 75:71 მოიგეს. განმეორებითი მატჩის წინ "ზემოდან" არაერთი ზარი განხორციელდა, ცსკა უფრო გამოცდილია და საბჭოეთს ღირსეულად წარმოაჩენს, მატჩი დაუთმეთო. ეს დამატებითი სტიმული გამოდგა ისედაც ალესილი ქართველებისთვის - თბილისში 77:66 გაიმარჯვეს.

5. ფინალი ნეიტრალურ მოედანზე, ჟენევაში გაიმართა და ქართველთა გამარჯვებით დასრულდა - 90:83. ამ სტატიაზე მუშაობისას შეხვედრის ქრონოლოგია და სრული ოქმი აღმოვაჩინე (2011 წლის პირველივე დღეებში შემოგთავაზებთ), რაც უთუოდ წლის მთავარი აღმოჩენაა.
6. მადრიდის "რეალში" თამაშობდა ამერიკელი უეინ ჰაიტაუერი, რომელიც 1962 წელს NBA-ს დრაფტზე "სან ფრანცისკო უორიორსმა" მე-7 ნომრად აიყვანა. მან NBA-ში 1972 წლამდე ითამაშა.


***
დავინახეთ, რომ ნებისმიერ საკალათბურთო ოცნებას საფუძველი აქვს, თუმცა მოთმინება გვმართებს: 2011 წელს ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია და პირველი ეტაპის ბარიერის დაძლევაც დიდ წარმატებად უნდა მივიჩნიოთ. 2013 წლამდე შიდა საქმეებს მივხედოთ, ნაკრებისთვის სათანადო რეზერვი გამოვწვრთნათ და 2013 წლის ევრობასკეტზე გუნდისგან პირველი ეტაპის გადალახვის მოთხოვნა თამამად შეგვეძლება, 2015-ში მეოთხედფინალში გასვლა, 2017-ში – ნახევარფინალში... 90-იანი წლების შემდეგ ქართულმა კალათბურთმა იმდენი დაკარგა, რომ ასანაზღაურებლად ერთი და ორი წელი არ კმარა.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"



.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მადლობა, გაგვემარჯვოს 2011-ში
vaja
20:14 02-01-2011
0
ძალიან მაგარი სტატიაა! მრავალ ახალ წელს დაესწარი, ძმაო ვაჟა :)
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული