ბულგარეთმა მინსკის ტურნირი მოიგო

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჩ ჯგუფის წარმომადგენელთა შორის ყველაზე ადრე ბულგარელები შეიკრიბა. ლოგიკურიცაა, რომ სხვებზე მეტი საკონტროლო შეხვედრა სწორედ მათ ჩაატარეს. რუმინელებთან ორ საშინაო გამარჯვებას (პირველი - 96:73, მეორე - 89:73) როსენ ბარჩოვსკის გაწვრთნილმა გუნდმა ბელარუსის საერთაშორისო ტურნირის მოგება მიაყოლა.

შეჯიბრებაში მასპინძელთა და ბულგარელთა გარდა A დივიზიონის წარმომადგენლები, უკრაინა და ისრაელი მონაწილეობდნენ. პირველ ტურში ერთმანეთის პირისპირ წარდგნენ ბელარუსი-ისრაელი, ბულგარეთი-უკრაინა. მასპინძლებმა ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვეს - ებრაელები ოვერტაიმში 80:71 დაამარცხეს. ბულგარეთისა და უკრაინის შეხვედრა შედარებით ქულამწირი გამოდგა და ქართველთა მეტოქის ხუთქულიანი გამარჯვებით
დასრულდა - 65:60.

ამ შეხვედრის სრული სტატისტიკა მთავარ ბულგარულ საკალათბურთო საიტზე გამოქვეყნდა. მატჩის ოქმს შემოკლებით გთავაზობთ:

უკრაინა-ბულგარეთი 60:65
25:17, 14:12, 16:19, 5:17
უკრაინა: აგაფონოვი (12ქ, 9მ), ფესენკო (9ქ, 8მ, 4პ), ლუკაშოვი, გლებოვი (7ქ), პუსტოზვონოვი (7ქ); ზაბირჩენკო (3ქ), კრივიჩი (20ქ), კორნიენკო (2ქ), ზაიცევი, ონუფრიევი.
ბულგარეთი: კალუეი (17ქ, 5ჩ), კ. ივანოვი (7ქ), ვიდენოვი (6ქ, 3პ), დ. ივანოვი (9ქ), ვრბანოვი (8ქ, 5მ); კოსტოვი, ზ. გეორგიევი (13ქ), ს. გეორგიევი (3ქ), ჰოუმანი (8 წთ), ველიკოვი (2ქ), ნიკოლოვი.

უკრაინელებთან ორმა ნატურალიზებულმა ამერიკელმა ითამაშა, ერლ კალუეიმ და ჯარედ ჰოუმენმა. პირველი ბულგარელთა #1 გამთამაშებლად იქცა და, ალბათ, ოფიციალურ მატჩებშიც არაფერი შეიცვლება. რაც შეეხება ჰოუმენს, იგი 206 სმ სიმაღლის ცენტრია და როსენ ბარჩოვსკის ეიმედებოდა, რომ ჯარედი გუნდის წინა ხაზს გააძლიერებდა, თუმცა ჯერჯერობით ჰოუმენი ვერც მოხსნებში ყოჩაღობს, ვერც სროლის სიზუსტთ გამოირჩევა - უკრაინასთან ბურთი ერთხელაც არ მოუხსნია, ხოლო 4 ორქულიანიდან ყველა ააცილა. შესაბამისად, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ბულგარეთმა უკრაინელებთან მოხსნებში 23:32 წააგო. წინასწარ ძნელი სათქმელია, საქართველოს ნაკრებთან მატჩის განაცხადში მწვრთნელი ჰოუმენს შეიყვანს თუ კალუეის, მაგრამ ფაქტია, რომ წინა ხაზში ბულგარეთს ჰოუმენიანად უნდა ვაჯობოთ. ამ კალათბურთელთან დაკავშირებით გუშინ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა: იგი მომავალ სეზონში იტალიის "ვირტუსის" ღირსებას დაიცავს. შეხსენება არ გჭირდებათ, რომ ვიქტორ სანიკიძეც "ვირტუსის" ღირსებას იცავს.

ბულგარელთა მეტოქე, უკრაინის ნაკრები 22 ივლისს თბილისში გვეწვევა და საერთაშორისო ტურნირის მესამე ტურში (25 ივლისს) ჩვენს ნაკრებს დაუპირისპირდება.

წინა დღეს (24-ში) კი ქართველები ბელარუსს ეთამაშებიან. "თეთრმა რუსებმა" მინსკის საერთაშორისო ტურნირის მეორე ტურში ბულგარელებთან ვერაფერი გააწყვეს - 64:76.

ამ შეხვედრის სრული ოქმი ინტერნეტ-სივრცეში ვერსად მოვიძიეთ, ამიტომ მხოლოდ საუკეთესოების ჩამოთვლით შემოვიფარგლებით. ბულგარელთა ბომბარდირი ფილიპ ვიდენოვი გახდა, რომელმაც 18 ქულა ჩააგდო. ამ კომპონენტში მეორე იყო ერლ კალუეი - 13 ქულა. ერთით ნაკლები მოუგროვდა დეიან ივანოვს. ბელარუსები განსაკუთრებით ნიკოლაი ვრბანოვს დაუჩაგრავს, რომელმაც ათივე ქულა გადამწყვეტ მომენტში ჩაუგდო.

მეორე ტურში უკრაინამ ისრაელთან წააგო - 65:73.

შეჯიბრების გამარჯვებულის ვინაობა ბულგარეთისა და ისრაელის მესამე ტურის შეხვედრაში უნდა გარკვეულიყო. ებრაელებს დიდი სხვაობით გამარჯვება სჭირდებოდათ, თუმცა მხოლოდ მხოლოდ სამქულიან უპირატესობას გამორჩნენ - 72:69.
მატჩი საინტერესო გამოდგა: პირველი პერიოდის შემდეგ ისრაელი 23:17-ს იგებდა, დიდ შესვენებაზე 10-ქულიანი ფორით გავიდა (44:34), ხოლო მესამე პერიოდის წინ 65:42 დაწინაურდა. უკრაინასთან მატჩის მსგავსად, ბულგარეთმა მეოთხე პერიოდი მაღალ დონეზე ჩაატარა, მართალია, ისრაელთან გამარჯვება ვეღარ შეძლო, მაგრამ სამქულიანი ჩამორჩენა ტურნირის მოსაგებად ეყო. ისრაელთან შეხვედრაშიც ფილიპ ვიდენოვი გამოირჩა - 17 ქულას მოუყარა თავი. დეიან ივანოვმა 11 ქულა ჩააგდო. შეხვედრის ბომბარდირი გახდა ისრაელის ნაკრების ფორვარდი იოთამ ჰალპერინი (22 ქულა), რომელიც სლოვენიის "ოლიმპიაში" მანუჩარ მარკოიშვილის გვერდით თამაშობდა.
ხუთმატჩიანი მარაგით ბულგარეთი იტალიის ოთხთა ტურნირზე მიემგზავრება. ფლორენციაში გასამართი შეჯიბრება 16 ივლისს დაიწყება. მასში მასპინძლები, ბულგარელები, პოლონელები და მაკედონიელები ითამაშებენ. 16 ივნისს ბულგარეთი პოლონეთს "დაეჭიდება", 17-ში - მაკედონიას, 18-ში - იტალიას.

ფლორენციიდან დაბრუნებული ბულგარელები მზადებას სოფიაში განაგრძობენ და ოფიციალური მატჩების წინ გენერალურ რეპეტიციას ჩეხეთთან თამაშით გაივლიან. მატჩი სოფიის არენა "უნივერსიადაზე" 25 ივლისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ბულგარეთს 14 აგვისტოს ეწვევა, ხოლო განმეორებითი მატჩი 29 აგვისტოს გაიმართება.
ბოლოს საინტერესო გამოკითხვის შედეგს გაგაცნობთ. ერთ-ერთ ბულგარულ საიტზე დასმულია შეკითხვა: მოხვდება თუ არა ბულგარეთი ევრობასკეტი-2011-ზე?

ამ კითხვას 696-მა კაცმა უპასუხა. 284 ადამიანი ფიქრობს, რომ ბულგარელები ევრობასკეტზე პირველი ადგილით გავლენ; 53-ის აზრით, მათი ნაკრები ევროპაზე დამატებითი საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით მოხვდება; 76 მიიჩნევს, რომ საკვალიფიკაციო ტურნირზე ჩაფლავდება; 72 გამოკითხულის აზრით გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპზეც ვერ მოხვდება; 16-ის აზრით, ევრობასკეტზე იმ შემთხვევაში გავა, თუ ტოდორ სტოიკოვი ითამაშებს; 20 კაცი ფიქრობს, რომ ნაკრებში თაობათა ცვლის პროცესია და შესარჩევზე წარმატების იმედიც არ აქვს; 82-ს ჰგონია,რომახალგაზრდები პოტენციალს სრულად გამოავლენენ და ბულგარეთს ევრობასკეტზე გაიყვანენ; 93 გამოკითხული ეთანხმება იმ აზრს, რომ ჯგუფის ფავორიტები ბელგია და პოლონეთია და ბულგარეთი მათ ვერ აჯობებს.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული