ისევ როკი
"ცინცაძე "ტარტუ როკში" სამი წლის განმავლობაში თამაშობდა. ამ დროში მან ადგილობრივ პუბლიკას თავი შეაყვარა. 2009 წლის ზაფხულში მისმა საბერძნეთში გადასვლამ ბევრს გული დასწყვიტა. თუმცა 2009-10 წლების სეზონი ქართველი გამთამაშებლისთვის წარუმატებელი გამოდგა და იგი კვლავ ესტონეთში დაბრუნდა, თან მეუღლე, ნანა ცინცაძე ჩაიყვანა.
მისი დაბრუნების შესახებ პრესა 2010 წლის ზამთარშიც ალაპარაკდა, თუმცა გიორგი პოლონეთში გადავიდა და "სოპოტში" ჩაირიცხა. გასული წლის სექტემბერში იგი "ტარტუში" მაინც დაბრუნდა.
- ამ სეზონის დასაწყისში "როკის" ხელმძღვანელობამ ერთწლიანი კონტრაქტი რომ შემომთავაზა, თანხმობა ისე ვუთხარი, ბევრი არ მიფიქრია. მინდოდა ყველაფერი თავიდან დამეწყო და ძველ სიმაღლეზე ავსულიყავი, - იოლი მისახვედრია, ეს მოსაზრება ვის ეკუთვნის, - მქონდა გერმანულ კლუბში გადასვლის ვარიანტი, მაგრამ ახალ გუნდში, ახალ მწვრთნელთან, ახალ ატმოსფეროში აღარ მინდოდა.
მას "როკიც" განახლებული შემადგენლობით დახვდა. გუნდი წინა წლებთან შედარებით გაახალგაზრდავდა - წავიდნენ გამოცდილი ტანოკა ბერდი, ტანელ ეტეინი, გერტ კულმაე (მწვრთნელთა შტაბშია) და მოვიდნენ კურბასი, ეზიუკვუ, ვეიდემანი...
- ვერ ვიტყვი, რომ ორი წლის წინანდელთან შედარებით უარესი შემადგენლობა გვყავს. თუმცა, ზოგიერთ მომენტში თავის იჩენს გამოუცდელობა, რაც ახალგაზრდული ასაკის ბრალია. გვაქვს პლუსებიც - შეგვიძლია ძალიან მაღალ ტემპში და დიდი მონდომებით თამაში.
გიორგი ცინცაძეს სურდა წლეულსაც ისევე ერთპიროვნული ლიდერი ყოფილიყო, როგორც ორი წლის წინათ. თუმცა ეს არ მოხდა, რადგან ამჯერად "როკი" განსხვავებული სტრატეგიით თამაშობს. ამაში გიორგი პრობლემას ვერ ხედავს:
- შეიძლება, ზოგიერთ მომენტში საჭიროა თამაშის საკუთარ თავზე აღება, ერთი-ერთზე მცველის მოტყუება, მაგრამ ჯერ არ ვართ ამ დონეზე.
არც ცინცაძეა ისეთ კონდიციებში, როგორც ორი წლის წინათ. მაგალითად, იგი 2007-08 წლებში ევროჩელენჯზე საშუალოდ 14.4 ქულასა და 5.2 შედეგიან გადაცემას აგროვებდა და ტურნირის სიმბოლურ ხუთეულშიც მოხვდა. წლეულს კი ევროჩელენჯზე მისი მონაგარი 10.7 ქულა და 3.3 პასია.
- შემოდგომით, ტარტუში რომ ჩამოვედი, კარგ ფორმაში ვიყავი. თუმცა სეზონის დასაწყისში ფეხმა შემაწუხა და შესაძლებლობებს 100 პროცენტით ვეღარ ვავლენდი. საბედნიეროდ, ახლა თავს კარგად ვგრძნობ და ვცდილობ, სათანადო ფორმას მივაღწიო.
ენისეი, ტრიკალა, დონეცკი, საუ, სოპოტი...
ცინცაძე 2009-10 წლების სეზონს მოკლედ ასე აფასებს:
- კატასტროფა იყო... არაერთი კლუბი გამოვიცვალე. მოგზაურობით ძალიან დავიღალე.
მართლაც, 2009 წლის ზაფხულში ცინცაძე კრასნოიარსკის "ენისეიში" ჩაირიცხა. თუმცა, რუსეთის ვიზა ვერ მიიღო და კონტრაქტის გაუქმება მოუწია. მან გასული სეზონი ბერძნულ "ტრიკალაში" დაიწყო, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო მალე უკრაინულ "დონეცკში" გადავიდა. იანვარში ეს კლუბიც გაბანკროტდა და ყველა ლეგიონერი დაითხოვა. სამშობლოში დაბრუნებულმა ცინცაძემ საუ-ს ("აგრარული") საქართველოს თასი მოაგებინა, თებერვალში კი პოლონურ "სოპოტში" გადავიდა, თუმცა ტრავმამ იქაც ხელი შეუშალა.
ისტორიაში!
რთული სეზონის შემდეგ ცინცაძემ საქართველოს ნაკრებთან ერთად აგვისტოში წარმატებით ითამაშა. თბილისური შეხვედრები სავსე ტრიბუნების წინაშე მიმდინარეობდა. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ქართველებმა რვიდან ხუთი მატჩი მოიგეს და ჯგუფში მხოლოდ ბელგიას ჩამორჩნენ. ფიბა-ევროპამ ევრობასკეტის მონაწილეთა რაოდენობა 16-დან 24-მდე გაზარდა და პირველი ლიცენზია სწორედ საქართველოს ნაკრებს შეხვდა.
- საოცარი ზაფხული იყო - ისტორიაში შევედით! ნაკრებმა პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური. ეროვნულ გუნდთან ერთად, თავიდან კარგად დავიწყე, თუმცა ტრავმამ ფორმის პიკის მიღწევაში ხელი შემიშალა. ვერც მორალურად ვიყავი სათანადოდ მზად, რადგან ფეხის ტრავმისა მეშინოდა, - იხსენებს ცინცაძე, რომელიც საქართველოს ნაკრებში საშუალოდ 5.5 ქულას აგდებდა.
საინტერესოა, რას ელიან ქართველები მათი ნაკრებისგან ევრობასკეტზე?
- ჩვენი გუნდის თამაში მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული განწყობაზე. თუ ამ მხრივ საქმე კარგადაა, წინ ვერავინ დაგვიდგება. ახალგაზრდა გუნდი გვყავს. თუ ტრავმებმა ხელი არ შეგვიშალეს, ევროპის ჩემპიონატზე ბევრს გავაკვირვებთ.
საქართველოს ნაკრებში ცინცაძესთან ერთად თამაშობს ვიქტორ სანიკიძე, რომელსაც ესტონელი გულშემატკივარი "ტარტუ როკიდან" კარგად იცნობს. ყველაზე ცნობილი ქართველი კალათბურთელი კი ზაზა ფაჩულიაა. მას ცინცაძე ასე ახასიათებს:
- ზაზა ჩვენი ვარსკვლავია. იგი ყველას უყვარს, რადგან გარდა იმისა, რომ ძლიერი კალათბურთელია, გუნდისთვის სხვა მხრივაც ბევრს აკეთებს. ფაჩულია ქართველი ბავშვების კერპია.
ფეხბურთი თუ კალათბურთი?
გიორგი ამბობს, რომ 10 წლის წინათ ქართული დარბაზები შიდა ჩემპიონატის მატჩებისას სავსე იყო. შემდეგ სიტუაცია გაუარესდა და ზოგ მატჩზე მხოლოდ კალათბურთელების ოჯახის წევრები დადიოდნენ. სადღეისოდ მდგომარეობა უმჯობესდება. რაც შეეხება სპორტულ იერარქიას, ცინცაძე ამბობს:
- მიუხეადვად იმისა, რომ ქომაგები წარმატებებით განებივრებულები არ არიან, საქართველოში ნომერ პირველ სპორტად ფეხბურთი ითვლება. ფეხბურთს მოსდევს რაგბი და კალათბურთი, რომელთა წარმატებებით ქართველები ძალიან ამაყობენ.
პატარაობაში ფეხბურთს ცინცაძეც თამაშობდა:
- ეს სპორტი პატარაობიდან მიყვარდა. ასევე მიზიდავდა კალათბურთი და არ ვიცოდი, რომლისთვის მიმენიჭებინა უპირატესობა. მახსენდება ერთი შემთხვევა, როცა კალათბურთის ვარჯიშზე არ წავედი და საფეხბურთო ტურნირში მივიღე მონაწილეობა. ის შეჯიბრება ჩემმა გუნდმა მოიგო.
ცინცაძემ მაინც კალათბურთელობა გადაწყიტა და წარმატებაც მალე მოვიდა: იგი კადეტთა და ჭაბუკთა ნაკრებში მიიწვიეს, ხოლო 17 წლისა მოსკოვის ცსკა-მ აიყვანა. ეს დიდი აღიარება იყო, მაგრამ მეორე მხრივ, უნდა ითქვას, რომ ასეთი დონის გუნდები ახალგაზრდებისთვის შესაფერისი არ არის.
- მოსკოვურ კლუბებში ცსკა-სა და "დინამოში" 10-15 წუთს ვთამაშობდი. ამიტომ შედარებით დაბალ საფეხურზე მყოფ "ტარტუში" გადავედი, ბალტიის ლიგაზე, ევროჩელენჯსა და ესტონეთის ჩემპიონატში ერთ სეზონში 75 მატჩი მომიგროვდა.
"როკში" სათამაშო პრაქტიკა შევიძინე, რაც ახალგაზრდა კალათბურთელისთვის ძალიან ფასეულია, - აცხადებს გიორგი, რომელსაც ბავშვობაში ბუ შეარქვეს.
საინტერესოა, რატომ...
- 11-12 წლისას დიდი თმები მქონდა, თამაშისას ბევრ ფარულ პასს ვაკეთებდი. ბუც ამიტომ შემარქვეს.
კავკასიის მთების...
ბოლოს მოვუსმინოთ გერტ კულმაეს, რომელიც ორი წლის წინათ ცინცაძის თანაგუნდელი იყო, ახლა კი "როკის" სამწვრთნელო შტაბშია.
- ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, თითქოს, ცინცაძე ჩვენ იმედებს ვერ ამართლებს. იგი ძალიან სასარგებლო კალათბურთელია, ამ სეზონში აქვს როგორც აღმავლობები, ასევე ჩავარდნები. "როკი" ორი წლის წინანდელთან შედარებით განსხვავებულ სტილში თამაშობს, ერთპიროვნული ლიდერი არავინაა. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გადაწყობა იოლი არ არის, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ ცინცაძე კიდევ უკეთესად ათამაშდება. მისგან ემოციურ მუხტს ველით. ეს გუნდსაც სჭირდება და გულშემატკივარსაც, გიორგი ხომ მთიანი ქვეყნის შვილია.
.