პოლონეთმა 45 ქულით დაიწყო

AutoSharing Option
პოლონეთის ნაკრებმა მოსამზადებელი ეტაპი სამარცხვინო წაგებით დაიწყო - ლატვიასთან 45:72 დათმო. თუმცა ასეთი სხვაობით დამარცხებას თავისი მიზეზები აქვს: პოლონელები ლიდერების გარეშე თამაშობდნენ. ლატვიასთან მატჩამდე გუნდთან შეერთება ვერ მოასწრეს მაცეი ლამპემ, მარცინ გორტატმა, პაველ კიკოვსკიმ და ლუკაშ კოზარეკმა.

პოლონეთის ნაკრების მენეჯერმა ჰუბერტ ჰეიმანმა კი შეგვახსენა, რომ გუნდი ახალი შეკრებილია და ეს პირველი მატჩი იყო:
- ვროცლავში გავლილი შეკრების შემდეგ პირველი შეხვედრა ლატვიასთან ჩავატარეთ. ნამდვილად არაა გასაკვირი, რომ გუნდის თამაშში ქაოსი შეინიშნებოდა. დაცვაშიც არაფერი გამოგვივიდა და შეტევაშიც გაგვიჭირდა. ამხანაგური მატჩები იმისთვისაა საჭირო,
რომ ოფიციალურებისთვის სათანადოდ მოვემზადოთ. შესაბამისად, საკონტროლო შეხვედრების შედეგებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ. მთავარია, აგვისტოში რას ვიზამთ.

მეორე დღეს პოლონელებმა ლატვიელებთან მეორე მატჩი ჩაატარეს და შეცდომების გამოსწორება მოახერხეს - 71:60 გაიმარჯვეს.
ამ შეხვედრაში პოლონელებს კშიშტოფ შუბარგა და ფილიპ დილევიჩი (იტალიური "აველინოდან") გაუძღვნენ. პირველმა 17 ქულას 7 მოხსნა მიამატა, ხოლო მეორემ 16 ქულა ჩააგდო.

ორი საკონტროლო შეხვედრის შემდეგ პოლონეთის ნაკრები ფლორენციის ოთხთა ტურნირისთვის მზადებას შეუდგა. ამასობაში ნაკრებს დაემატა სამი ლიდერი - ლამპე, კიკოვსკი და კოზარეკი. ლამპეს ამერიკული "კლივლენდი" ეპატიჟება, კოზარეკი იტალიური "კასერტას" წევრია, ხოლო კიკოვსკი სლოვენიის "ოლიმპიას" ღირსებას იცავს.

ისინი გუნდთან ერთად იტალიისთვის ემზადებიან. 16 ივლისს ფლორენციაში პოლონელები იტალიას დაუპირისპირდებიან, 17-ში - ბულგარეთს, ხოლო 18-ში - მაკედონიას. იტალიიდან დაბრუნების შემდეგ მათ გორტატი შეუერთდებათ. პოლონეთის კალათბურთის ფედერაციას ჯერაც არ გაუწყვეტია კავშირი დევიდ ლოგანთან, რომელიც "პროკომიდან" ესპანურ "კახა ლაბორალში" გადავიდა. თუმცა პოლონელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ლოგანი ნაკრებში აღარ ითამაშებს. ფედერაციის მესვეურებმა ამიტომაც შეითანხმეს ვალენსიელი ტომას კელატი, რომელიც პოლონურ პასპორტს ელის. როდის აიღებს საბუთს, ჯერ უცნობია.

იმასაც შეგახსენებთ, რომ შარშანდელი შემადგენლობიდან ჩვენს მომავალ მეტოქეს ოთხი კარგი კალათბურთელი გამოაკლდება - მიხალ ინგერსკი, დამიენ კულიგი, შიმონ შევჩიკი და ტომაშ ჩიელებაკი. მათი არყოფნის მიზეზი ტრავმებია.


მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა ვინ მეტანხმებმა რომ კალატბურტს ფეხბურტიი ჯობიია?
nini messi
21:41 22-07-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული