გუშინ, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში შედეგიანი ტური იყო - ყველა გამარჯვებულმა გუნდმა 100-ქულიანი ზღვარის გადალახვა მოახერხა, მაგრამ შედეგიანობის მხრივ განსაკუთრებით გამორჩეული იყო "ვაშინგტონისა" და "საკრამენტოს" შეხვედრა, რომელიც ძალიან უცნაური სცენარით წარიმართა. თავად განსაჯეთ: უკვე პირველი მეოთხედი დედაქალაქელებმა 19 ქულის სხვაობით მოიგეს, თანაც 12 წუთში 38 ქულა დააგროვეს, რომელთაგანაც 13 ქულა ნიკ იანგის ანგარიშზე იყო. იმის გათვალისწინებით, რომ "უიზარდსის" მეტოქე იყო გუნდი, რომელმაც საერთოდ არ იცის სტუმრად თამაში და თანაც საუკეთესო კალათბურთელი ტაირიკ ევანსი აკლია, მატჩის ბედი თითქოს გადაწყვეტილი უნდა ყოფილიყო. მაგრამ
უცნაურობები მეორე ტაიმში გაგრძელდა. "უიზარდსმა" ისევ დიდი ანგარიშით მოიგო მესამე მეოთხედი. სტუმრების კალათბურთელები ვერ ხვდებოდნენ, რა მოეხერხებინათ იანგისთვის, რომელიც ნებისმიერი წერტილიდან ზუსტად ისროდა.
ძირითადი დროის დასრულებამდე წუთით ადრე "ვაშინგტონი" 117:109-ს იგებდა. 40 წამით ადრე სხვაობა კიდევ ერთი ქულით გაიზარდა. მერე რა, რომ გარსიამ სამქულიანი ჯარიმასთან ერთად ჩააგდო - იქვე უოლისა და იანგის ზუსტი საჯარიმოებით დედაქალაქელებმა 13 წამით ადრე ექვსქულიან უპირატესობას მიაღწიეს. მაგრამ თურმე შესაძლებელი ყოფილა ასეთ მცირე დროში ასეთი უპირატესობის გაფლანგვა. ამისთვის საჭიროა საკუთარი ფარის წაგება და ბოლო წამებზე ორი შეცდომის დაშვება. "ვაშინგტონი" ასეთი "გულუხვობისთვის" ოვერტაიმში უნდა დასჯილიყო, მაგრამ დამატებით დროში სტუმრებს იღბალი აღარ ეყოთ.
საცოდავი სანახავი იყო მოქმედ ჩემპიონ "ლეიკერსთან" მატჩში "კლივლენდ კავალიერზი". რა თქმა უნდა, ლებრონ ჯეიმსის ყოფილ გუნდს იმის ილუზია არ ჰქონდა, რომ კალიფორნიაში შეძლებდა 10-მატჩიანი მოუგებელი სერიის შეწყვეტას, რომელიც 20 დეკემბრიდან გრძელდება, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ "კლივლენდი" განაახლებდა მიმდინარე სეზონის ორ ანტირეკორდს - დაგროვილ ქულებსა (57) და ყველაზე დიდი სხვაობით წაგებაში (მინუს 55). რა თქმა უნდა, რთული მისახვედრი არ არის, რომ ამ თამაშში ბრძოლა არ ყოფილა - ჩემპიონი თავის მოედანზე, რაც უნდოდა, იმას აკეთებდა. ამაზე მეტყველებს აბსოლუტურად ყველა სტატისტიკურ კომპონენტში "ლეიკერსის" უპირატესობა. საერთოდ, რა ბრძოლაზეა ლაპარაკი, როცა სტუმრების ძირითადმა გამთამაშებელმა მო უილიამსმა 26 წუთში მხოლოდ ერთი შედეგიანი პასი შეასრულა, ხოლო თამაშიდან ტყორცნების პროცენტი 29.9-ს, სამქულიანებისა კი 7.1 პროცენტს უდრიდა. და კიდევ, "კავალიერსის" სასტარტო ხუთეულმა უფრო ნაკლები ქულა დააგროვა, ვიდრე "ლეიკერსის" სამმა რეზერვისტმა - ბრაუნმა, ებენქსმა და კარეკტერმა.
საბოლოოდ, "ლეიკერსმა" ბოლო 39 წლის განმავლობაში მისთვის ყველაზე დიდი ანგარიშით გაიმარჯვა. "კავალიერზმა" კი, თავის მხრივ, ყველაზე დაბალშედეგიანი მატჩი ჩაატარა კლუბის ისტორიაში. გასაოცარია კიდევ ერთი ფაქტი: ასეთი განადგურების მიუხედავად, გამარჯვებული გუნდის არც ერთ მოთამაშეს არ დაუგროვებია 20 ქულა.
მაგრამ "კლივლენდის" გულშემატკივრებმა ყველაზე მძიმე დარტყმა თავიანთი ყოფილი კერპისგან ლებრონ ჯეიმსისგან მიიღეს. თავის "თვითერზე" "მეფემ" შარშანდელი ზაფხული გაიხსენა და ასეთი კომენტარი გაუკეთა გუშინდელ მატჩს: "ცუდია, როცა სხვას უბედურებას უსურვებ. ღმერთი ყველაფერს ხედავს!"
ფილადელფია-ინდიანა 103:111
23:27, 26:30, 32:27, 22:27
ფ: ჰოლიდეი (19+8 პასი+7 მოხსნა), ბრენდი (18+5 მოხსნა), სპეიტსი (14+9 მოხსნა), ტერნერი (14), მიქსი (13), იანგი (12+5 მოხსნა), უილიამსი (12).
ი: გრეინჯერი (27+7 პასი+5 მოხსნა), კოლისონი (21+13 პასი), დანლივი (20), ჰენსბრო (12+9 მოხსნა), ფოსტერი (10+8 მოხსნა).
ვაშინგტონი-საკრამენტო 136:133 (ო)
38:19, 16:37, 40:27, 32:43, 10:7
ვ: იანგი (43), უოლი (22+9 პასი+6 მოხსნა), ბლეტჩი (16+13 მოხსნა), ლუისი (16+10 მოხსნა+6 პასი), ჰაინრიხი (14), მაკგი (10+11 მოხსნა).
ს: უდრიხი (26+6 პასი), გარსია (26), ლენდრი (23+5 მოხსნა), კასპი (15+8 მოხსნა), კაზინსი (10+8 მოხსნა).
მინესოტა-სან ანტონიო 96:107
25:36, 28:27, 23:25, 20:19
მ: ლავი (20+20 მოხსნა), რიდნური (18+9 პასი), უებსტერი (18+5 მოხსნა), ბრიუერი (11).
ს-ა: ჯინობილი (19+9 მოხსნა+6 პასი), ჯეფერსონი (17+5 მოხსნა), დანკანი (16+8 მოხსნა), ბონერი (16), ჰილი (13), პარკერი (12+13 პასი).
დენვერი-ფინიქსი 132:98
20:32, 44:23, 38:17, 30:26
დ: აფლალო (31+9 მოხსნა), ენტონი (28+10 მოხსნა), სმიტი (15), ნენე (11), ჰარინგტონი (10+5 პასი).
ფ: ნეში (15+7 პასი), კარტერი (15+6 მოხსნა), ფრაი (11+8 მოხსნა), გორტატი (11), დრაგიჩი (11).
პორტლენდი-ნიუ იორკი 86:100
23:29, 27:27, 16:19, 20:25
პ: ოლდრიჯი (19+10 მოხსნა), ფერნანდესი (18), მილერი (14), ბატუმი (13), მეტიუზი (10), კემბი (1+16 მოხსნა+6 დაფარება).
ნ-ი: სტაუდმაიერი (23+8 მოხსნა), ტურიაფი (19+10 მოხსნა), ფელტონი (17+14 პასი), ჩენდლერი (17+5 მოხსნა), უოლკერი (10).
ლეიკერსი-კლივლენდი 112:57
27:12, 30:13, 35:16, 20:16
ლ: არტესტი (15+6 პასი+5 მოხსნა), ბინუმი (15+6 მოხსნა+5 დაფარება), პ. გასოლი (13+14 მოხსნა), ბრაიანტი (13+8 პასი+5 მოხსნა), ოდომი (13+5 მოხსნა), ბრაუნი (13), ფიშერი (10).
კ: გი (12+8 მოხსნა), სეშენსი (10).
.