ეროვნული უნგრეთით გახსნის

AutoSharing Option


საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს სეზონის პირველ მატჩს ჩაატარებს – უნგრეთის ქალაქ სომბათჰეიში ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება და პირდაპირ ეთერში შპორტ1 გადასცემს.

ქართველები 1 ივლისიდან ავსტრიის საკურორტო ქალაქ შტაინბურნში ვარჯიშობენ. მათ 5 ივლისს ზაზა ფაჩულია შეუერთდა, ხოლო ერთი დღის შემდეგ – ნიკა ცქიტიშვილი. მას მერე, 13 ივლისამდე გუნდი სრული შემადგენლობით ვარჯიშობდა, თუმცა 13-ში ავსტრიაში B დივიზიონის მატჩების ჩასატარებლად საქართველოს ახალაგზრდული ნაკრები ჩავიდა და ეროვნულიდან თორნიკე შენგელია დაიმატა. იგი 20-წლამდელებთან ერთად ჯგუფური ეტაპის სამ შეხვედრას ჩაატარებს და
იგორ კოკოშკოვის კრებულს შემდეგ დაუბრუნდება. ასე და ამგვარად, ეროვნულ გუნდს უნგრეთში თორნიკე შენგელია არ გაჰყოლია. დანარჩენი 15 კალათბურთელი მწყობრშია და გუშინ დილას შტაინბურნიდან სომბათჰეიში გადავიდა.

სასიამოვნოა, რომ ყველა მწყობრშია, თუმცა დაკვირვებულ მკითხველს ემახსოვრება, რომ ერთი კვირის წინ კოკოშკოვის ასისტენტმა, დავით უსტიაშვილმა გვითხრა – ვიქტორ სანიკიძეს ფეხის კუნთი აქვს გაჭიმული და ისვენებსო. ვიქტორს ორი დღე გაუცდა და ახლა გუნდთან ერთად უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

ვიდრე ორიოდე სიტყვას ჩვენი ნაკრების მომავალ მეტოქე, უნგრეთზე ვიტყოდეთ, სომბათჰეიში გამგზავრებული საქართველოს ნაკრების 15-კაციან შემადგენლობას გაგაცნობთ: გიორგი ცინცაძე, ტორინ გრინი, ლაშა გამყრელიძე, კოტე ტუღუში, ანატოლი ბოისა, მანუჩარ მარკოიშვილი, კოკა ტომარაძე, ქუინტონ ჰოსლი, ვიქტორ სანიკიძე, ნიკა ცქიტიშვილი, ლევან შენგელია, მიხეილ ბერიშვილი, ნიკა მეტრეველი, გიორგი შერმადინი, ზაზა ფაჩულია.

აქვე უნგრელების თხუთმეტეულს ჩამოგითვლით: ზოლტ საბო (სოპრონი), ადამ ჰანგა (ალბაკომპი), მარტონ ფოდორი (შოლნოკი), პეტერ ლორანი (ბურგოსი, ესპანეთი), დავიდ ვოივოდა (კაპოშვარი), კრისტიან ვიტმანი (კეჩკემენტი), როლანდ ჰენდლეინი (ალბაკომპი), აკოშ ჰორვატი (შოლნოკი), ანდრას მოლნარი (სოპრონი), ადამ ტოთი (ზტე), გაბორ სოოში (კაპოშვარი), აკოშ კელერი (ალბაკომპი), გერგელი ტოთი (კორმენდი), მილან ჩორვასი (კეჩკემენტი).

უნგრელებს ~ალბაკომპის" თავკაცი ბრანისლავ ძუნიჩი წვრთნის. გუნდის მენეჯერი ლაიოშ მესაროში გახლავთ. უნგრულ პრესაში სწორედ მან ილაპარაკა საქართველოს ნაკრებთან მომავალ დაპირისპირებაზე:

- იტალიაში გამართული ტურნირი ჩვენთვის მეტად სასარგებლო იყო. დავინახეთ მინუსები, რომელთა აღმოფხვრაზე შემდეგ მატჩებში ვიზრუნებთ. ამ მხრივ მნიშვნელოვანია საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირება. ჩემი აზრით, ქართველებს შედარებით ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ. მათ გუნდში საქართველოს ჩემპიონატიდან მხოლოდ ორი კალათბურთელია. დანარჩენები ევროპის წამყვან კლუბებს წარმოადგენენ, გარდა ერთისა – ზაზა ფაჩულია NBA-ში თამაშობს. ასე რომ, საინტერესო მატჩი გველის.
თუ საქართველოსთვის უნგრეთთან დაპირისპირება სეზონში პირველია, მადიარებისთვის მესამეა. მათ იტალიის ქალაქ ბორმიოში ჯერ იტალიასთან დათმეს (46:88), შემდეგ ირანს მინიმალური სხვაობით აჯობეს – 64:63.
ასე რომ, უნგრელებს მეტი სათამაშო პრაქტიკა აქვთ. მათ მხარესაა მოედნის ფაქტორი და ერთმატჩიანი ისტორია – 2006 წლის 20 აგვისტოს სომბათჰეიში გამართულ ტურნირზე ქართველებმა მასპინძლებთან 73:79 დათმეს. იმ მატჩში ზაზა ფაჩულიამ 32 ქულა ჩააგდო.
საქართველოსა და უნგრეთის ნაკრებების შესახებ უნგრულ ინტერნეტ-სივრცეში ინფორმაციების ძიებისას ერთ ანგარიშს წავაწყდით – 83:67. მატჩის თარიღად 14 ივლისი იყო დასახელებული, 2010 წელი... თქვენც მიხვდებოდით, რომ საქმე ეხება სამი დღის წინ გამართულ B დივიზიონის 20-წლამდელთა ტურნირის გახსნის მატჩს, რომელიც უნგრელებმა 83:67 მოიგეს.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული