მახსოვს, 2005 წელს ეროვნული გუნდის თამაში რომ შეაფასა, ვლადიმერ სტეფანიას მოსაზრებებს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. მას ევრობასკეტი 2015-ის დასრულების შემდეგაც ვესაუბრე და შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვე.
შეგახსენებთ, რომ ვოვას საქართველოს ნაკრებში 19 მატჩი აქვს ჩატარებული. მისი მონაგარი თამაშში საშუალოდ 15.3 ქულა და 8.2 მოხსნა იყო...
ვიდრე ინტერვიუს ჩაწერა დაიწყებოდა, სტეფანიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვკითხე. გულის ოპერაცია გადაუტანია, თუმცა, როგორც
"საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე შესაძლებლობების 100 პროცენტი ვერა, მაგრამ 70-80 პროცენტი გამოავლინა.
ეს ბოლო სამ მატჩზე შეიძლება ითქვას, საწყის სამ შეხვედრაში კი ძალიან გაგვიჭირდა ფაჩულიამდე, სანიკიძემდე, შენგელიამდე, შერმადინამდე ბურთის მიტანა. მეტოქეებს კარგად ვყავდით შესწავლილი და დაცვაშიც შესაბამისად გვეთამაშებოდნენ. მაგალითად, ჰოლანდიელებმა გუნდურად გვაჯობეს, ჩვენი თამაშის ჩვენების საშუალება არ მოგვცეს. პერიმეტრიდანაც კარგად იცავდნენ თავს და ფარქვეშაც.
ბოლო მატჩებში, როცა ბურთი ცენტრებამდე ადიოდა, ჩვენმა წინახაზელებმა ევროპის წამყვანი ნაკრებების მეფარეები დაჩაგრეს კიდეც".
ყველა ვთანხმდებით, რომ ჰოლანდიასთან გამართლების ფაქტორიც იყო:
"ჰოლანდიას ხუთჯერ რომ შევხვდეთ, ხუთივეჯერ მოვუგებთ. ცოტა გაუმართლათ კიდეც, თუნდაც იმიტომ, რომ ევრობასკეტის გახსნით მატჩში დაგვიპირისპირდნენ, ბოლო წამებზე ისეთი ტყორცნები გამოიყენეს, წესითა და რიგით რომ არ უნდა ჩავარდნილიყო.
გაუმართლა ესპანეთსაც საფრანგეთთან - მატჩის გადამწყვეტ მომენტში ესპანელებს ყველაფერი ჩაუვარდათ, ფრანგებს - არაფერი. თუმცა ვერაფერს შევცვლით, სპორტია და აქ ზოგჯერ გამართლება გადამწყვეტი ფაქტორია".
სტეფანია მიიჩნევს, რომ საქართველოს ნაკრებს ჰქონდა პოტენციალი, პლეი ოფში კიდევ უფრო წინ წასულიყო. რომ ვკითხე, ლიტვის დამარცხება რამდენად რეალური იყო-მეთქი, მიპასუხა:
"დამარცხებული არ გვყავდა? თამაშს რომ ვუყურებდი, გამიჩნდა შეგრძნება, რომ აუცილებლად უნდა მოგვეგო, საქართველოს ნაკრები თავის კალათბურთს თამაშობდა, მეტოქე კი წვალობდა.
მიმაჩნია, რომ მწვრთნელს სწორი სტრატეგია ჰქონდა შერჩეული, თუმცა იმასაც ვფიქრობ - ზაზა ფაჩულიასა და სხვა ლიდერებს პირველ ტაიმში ცოტა მეტი რომ დაესვენათ, ბოლო წუთებს ერთი-ორად კარგად ჩავატარებდით. ბოლოს დაშვებული შეცდომები დაღლის ბრალი მგონია.
აკვირდებოდით, ლიტველთა მწვრთნელი რა ხშირად მიმართავდა შეცვლებს? მათ "ფიზიკით" მოგვიგეს. თუმცა დღეს მატჩის ანალიზი იოლია, შეხვედრის მიმდინარეობისას კი, როცა ზაზას თამაში მისდის, მეტოქის ცენტრებს ფარქვეშ არ უშვებს, როგორია მისი შეცვლა"?
სტეფანია ნაკრებში 90-იან წლებში თამაშობდა. მას იმდროინდელ გუნდთან პარალელის გავლება ვთხოვე:
"საქმე ყველაფერზე მეტყველებს. ამ გუნდმა ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალი ითამაშა. ვუყურებდი თამაშებს, ვაკვირდებოდი ხარისხს და მეამაყებოდა. ამაყი ვარ იმიტომ, რომ ასეთი კარგი გუნდი გვყავს, იმიტომაც, რომ საქართველოს ნაკრების მშენებლობის საქმეში მეც მცირე აგური მაქვს დადებული, ერთ დროს მეც მეცვა ნაკრების 6-ნომრიანი მაისურა.
1995 წელს, როცა პირველად ჩავერთეთ საერთაშორისო შეჯიბრებებში, ვინმეს რომ ეთქვა - მოვა დრო და ლიტვას ევრობასკეტის მერვედფინალში შეხვდებითო, ვერ დავიჯერებდი. არადა, მაშინაც კარგი გუნდი გვყავდა, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში გამოცდილი კალათბურთელები, მათ შორის - ნიკოლოზ დერიუგინი.
მას მერე ეროვნულ გუნდს ჰქონდა აღმავლობები, ჩავარდნები, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მივიღეთ სოლიდური ნაკრები, რომელმაც ზედიზედ სამი ევრობასკეტი ითამაშა ღირსეულად".
...და რაც შეეხება პერსპექტივას:
"ზაზა ფაჩულიას თაობა კალათბურთს მუდმივად ვერ ითამაშებს, ადრე თუ გვიან კარიერას დაასრულებს. ძალიან მინდა, ეს რაც შეიძლება გვიან მოხდეს. ტრადიცია მომდევნო თაობამ უნდა გააგრძელოს. შესაძლოა, ევროპის ჩემპიონი ვერ გახდეს, მაგრამ ისევე, როგორც დღევანდელი გუნდი, ყველა მეტოქისთვის სერიოზული ძალა იყოს.
პირველ რიგში, უნდა შევისწავლოთ - ასეთ ქვეყანაში, იმ პირობებში, როცა კლუბებს ევროსარბიელზე გასვლის საშუალება არა აქვთ, არც საკალათბურთო ლიგაა ძლიერი, როგორ მოვახერხეთ ესოდენ სოლიდური ნაკრების ჩამოყალიბება? ნაკრებისა, რომელმაც ევრობასკეტის მასპინძელ ხორვატიას მისსავე მოედანზე შანსი არ დაუტოვა. არადა, ხორვატებს ჩვენზე გაცილებით მეტი საკალათბურთო დარბაზი აქვთ, მომავალი თაობის გამოსაზრდელად. ხორვატული კლუბები ევროლიგაზეც თამაშობენ და ადრიატიკის ლიგაზეც.
მაკედონიას ხომ, როგორც იტყვიან, გადავუარეთ. შესანიშნავი ინფრასტრუქტურის მქონე სლოვენიის დამარცხებაც რეალური იყო, მაგრამ ის დღე სლოვენიისა იყო - სროლა საოცრად წაუვიდა...
მოკლედ, სათანადო შესწავლისა და სწორი დასკვნების გამოტანის შემდეგ სულაც არ იქნება წარმოუდგენელი ტრადიციის გაგრძელება, ქართველებს ხომ საკალათბურთო ისტორია გვაქვს ისეთი, ჩვენს გარეშე ევროპის ჩემპიონატები არ ტარდებოდა".
რესპონდენტს კალათბურთში დაბრუნებაზეც გავესაუბრე, ოღონდ, ცხადია, სპორტსმენის რანგში არა. მითხრა, ვფიქრობო. სხვა სპეციალობებთან ერთად სპორტული მენეჯმენტის ფაკულტეტიც აქვს დამთავრებული და სწორედ ამ კუთხით აპირებს სპორტში დაბრუნებას.
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
გაიხარე ვოვა!