უნგრეთის ციხესიმაგრე ქართველთათვის კვლავ შეუვალია

AutoSharing Option

1994 წელს საქართველოს ნაკრები უნგრულ შეკრებაზე იყო. ვის ეთამაშა, რა შედეგი დაფიქსირდა, აღარავის ახსოვს. უნგრული ამბები არც ფურცელს შემოუნახავს და არც ვიდეოფირს. 16 წლის შემდეგ, 2010 წლის 17 ივლისს საქართველოს ეროვნულმა გუნდმა კვლავ უნგრეთში ითამაშა, ტექნიკური პროგრესის წყალობით ქართველებმა მატჩი პირდაპირ ეთერში ინტერნეტის საშუალებით ვიხილეთ. 16 წლის წინანდელთან შედარებით გუნდიც ძლიერი გვყავს, მაგრამ შედეგი მაინც იგივეა – უნგრელებთან კვლავ დავმარცხდით. მადიარებთან 2006 წელსაც ამხანაგურად ვითამაშეთ და მაშინაც ვერაფერი გავაწყეთ. მოკლედ, უნგრეთი ქართველთათვის ჯერაც აუღებელი ციხესიმაგრეა.
სიტყვა “ციხესიმაგრე” გონებაში უნებლიედ არ

გაჩენილა - სომბათჰეის ოთხკუთხა არენის ერთი კედელი ქვით აშენებულ ციხეს მოგაგონებდათ*. მეორე ტაიმში ქართველები ამ კედლის მხარეს მდგარ კალათს უტევდნენ, მანუჩარ მარკოიშვილი “კატაპულტიდან” სამქულიანებს ზუსტად ისროდა (5 სამქულიანი ჩააგდო); შორეული ტყორცნებით და ფარქვეშ სწრაფი შესვლებით თავი დაგვამახსოვრა ნიკა ცქიტიშვილმა; რიგ ეპიზოდებში ვიხილეთ ისეთი თამაში, როგორითაც ნაკრებმა შარშან A დივიზიონის საგზური მოიპოვა...
სხვათა შორის, გუშინ ჩვენი ნაკრების ამერიკელმა მწვრთნელმა ჯეისონ სტაუდტმაც აღნიშნა, რომ ზოგ მომენტში ქართველებმა კარგად ითამაშეს, თუმცა იქვე დასძინა სეზონის პირველი საკონტროლო შეხვედრა უმთავრესად ოპტიმალური შემადგენლობის ძიებას მიეძღვნაო:
- შარშანდელი სეზონის შემდეგ ნაკრებში რამდენიმე ახალი კალათბურთელია. ამ შეხვედრაში ჩვენი მთავარი მიზანი მათი გამოცდა იყო. მთავარი მწვრთნელი ამიტომაც ხშირად ცვლიდა შემადგენლობას. მზადების პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს და თამაშს დღითი-დღე გავაუმჯობესებთ.

ძნელი სათქმელია, ნაკრების თავკაცმა იგორ კოკოშკოვმა შაბათის შეხვედრაში ოპტიმალური შემადგენლობის კონტურები დაინახა თუ არა, მაგრამ სეზონის სადებიუტო მატჩში რამდენიმე საინტერესო სიახლე შემოგვთავაზა. სასტარტო ხუთეულში გამთამაშებლობა კვლავ გიორგი ცინცაძეს დაევალა, რომელიც 2006 წლის შემდეგ კლუბებშიც პლეიმეიქერად ირჯება და ამ პოზიციიდან გუნდითვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია. ტაირონ ელისის შემცვლელი ტორინ გრინი ამპლუით გამთამაშებელია და მისი გაქართველების შემდეგ საინტერესო იყო, მსროლელად ითამაშებდა (ელისის ადგილზე), თუ პლეიმეიქერობაში ცინცაძეს შეეცილებოდა. უნგრეთთან მატჩმა გვიჩვენა: როცა ცინცაძე მოედანზეა, გრინი მეორე ნომრის პოზიციას გაამაგრებს. “ბუ” (გიორგის მეტსახელი) პირველი მეოთხედის ბოლოს სათადარიგო გამთამაშებელმა ლაშა გამყრელიძემ შეცვალა და გრინი კვლავ მსროლელად დარჩა, თუმცა იყო მოკლევადიანი ეპიზოდი, როცა ამერიკელმა პლეიმეიქერობა იკისრა.

ერთი შეხვედრის მიხედვით კალათბურთელის შეფასება ძნელია. ეპიზოდებში ტორინი კარგ ინდივიდუალისტად გამოჩნდა, დრიბლინგიც არ დაეწუნება და სამქულიანებსაც ისვრის. თუმცა, იყო მომენტები, როცა მან იჩქარა და პასის გადაცემას შორეული ტყორცნა ამჯობინა. ამის შემდეგ იგი სათადარიგოთა სკამზე დაჯდა და ხანგრძლივი დასვენება მოუწია.

ცინცაძე, გრინი... სასტარტო ხუთეულში მსუბუქ ფორვარდად მანუჩარ მარკოიშვილი გამოჩნდა, რომელმაც ფლანგებიდან მასპინძლებს მოსვენება არ მისცა. პირველი მეოთხედი 28:19 რომ მოვიგეთ, უმთავრესად მანუს ზუსტი თამაშის შედეგია. თუმცა, მას ოპტიმალურ ფორმამდე ჯერ არ მიუღწევია - როცა სათანადო კონდიციებში იყო, “კანტუს” მაისურით ბოლო წუთებზე სამი სამქულიანიც ჩაუგდია.
ხუთეულში მძიმე ფორვარდის პოზიცია მე-15 ნომერმა დაიკავა. 15 ორი წლის წინათ ნიკა ცქიტიშვილი იყო, თუმცა მას სომბათჰეიში 22-ნომრიანი მაისურა ეცვა. შარშან ნაკრებში მძიმე ფორვარდად ვლადიმერ ბოისა თამაშობდა, რომელმაც მუხლის ტრავმა მიიღო და წლეულს ნაკრებს ვერ დაეხმარება. იგორ კოკოშკოვი სწორედ ვოვას შემცვლელის ძიებაშია. ამიტომაც დააყენა ხუთეულში ახალგაზრდა ნიკა მეტრეველი (15-ნომრიანი მაისურა სწორედ მას ემოსა), რომელზეც მადიარმა კომენტატორმა არაერთხელ თქვა - იტალიის “მონტეპასკის” წევრიაო. სანაკრებო დონეზე მეტრეველი გამოუცდელია, რაც პირველ პერიოდშიც დაეტყო: სითამამე აკლდა, თუმცა მალე გაშინაურდა და პირველი ტაიმის ბოლო წამზე ჩაგდებული ორქულიანით (41:40) მწვრთნელს დაანახა, რომ მისი ნდობა შეიძლება. მეტრეველი შეცვალა ნიკა ცქიტიშვილმა, რომელიც შეხვედრაში კარგად ჩაერთო და უნგრელ მიმომხილველებს NBA გაახსენა. მატჩის ბოლოს, როცა თამაშის შემოტრიალება დასჭირდა, იგორ კოკოშკოვი მძიმე ფორავრდის პოზიციაზე ცქიტოს ენდო...

როგორც მოსალოდნელი იყო, სასტარტო ხუთეულშე ცენტრად კაპიტანი ზაზა ფაჩულია გამოვიდა. მას გიორგი შერმადინი ცვლიდა.
როცა ქუინტონ ქოსლის მიერ ჩატარებული მატჩების საუკეთესო ეპიზოდები ვიხილეთ, ვიქტორ სანიკიძის ჩატენვები გაგვახსენდა. ვიქტორიცა და ქუინტონიც უნივერსალური კალათბურთელები არიან და მწვრთნელს საშუალება ჰქონდა ისინი მსუბუქ ფორვარდადაც მოესინჯა და მეოთხე ნომრადაც. კოკოშკოვმა სანიკიძე ბოლომდე არ დატვირთა, ალბათ იმიტომ, რომ მას ფეხის კუნთი ჰქონდა გაჭიმული და რამდენიმე დღე გაუცდა. არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ მწვრთნელმა 2009 წლის ნაკრების სნაიპერი დამალა... აკი ამბობს პოლონელთა მწვრთნელი იგორ გრიშჩუკი: სკაუტები მეტოქეთა ყველა მატჩზე მივავლინეო.

ქუინტონ ჰოსლის სათამაშოდ საკმარისი დრო ჰქონდა, ძირითადად მარკოიშვილს ცვლიდა, თუმცა “ვიდეო-ჰაილაითებში” ნანახი რომ გვყავს, ისეთი ეფექტური არ იყო. ვნახოთ, მომდევნო მატჩებში თავს როგორ გამოიჩენს.

უკანა ხაზში შარშანდელი სეზონის შემდეგ მანუჩარ მარკოიშვილის დაბრუნებამ ბევრი რამე შეცვალა. მწვრთნელს შემადგენლობით ვარირების მეტი საშუალება მიეცა. ამან ანატოლი ბოისასა და კოტე ტუღუშის უთამაშებლობა გამოიწვია. ვფიქრობთ, სათამაშო პრაქტიკისთვის მათი მოედანზე თუნდაც მცირე დროით შეყვანა საჭირო იყო...

12 კაცს შორის ვერ მოხვდნენ მიხეილ ბერიშვილი, ლევან შენგელია და კოკა ტომარაძე.
ჯეისონ სტაუდტმა აღნიშნა, რომ მთავარი აქცენტი შემადგენლობის შერჩევაზე გაკეთდა და საფინალო ანგარიში მეორეხარისხოვანი იყო, თუმცა ბოლო წუთებზე კოკოშკოვმა გამოცდილი შემადგენლობა დააყენა და თამაშის მოგება სცადა. მაგრამ, გადამწყვეტ მომენტში ქართველებს არც დაცვაში და არც შეტევაში ბევრი არაფერი გამოუვიდათ. დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ უნგრეთი უკეთ იყო შეთამაშებული და “ბურთსაც გრძნობდა”. ეს არც უნდა გაგვიკვირდეს, რადგან მადიარებმა ქართველებთან დაპირისპირებამდე 3 საკონტროლო შეხვედრის ჩატარება მოასწრეს, ხოლო ჩვენმა გუნდმა ვარჯიშებისას ხუთი-ხუთზე თამაში ერთი კვირის წინ დაიწყო, უნგრეთთან კი სეზონის პირველი მატჩი ჰქონდა.

მკითხველის ყურადღებას საინტერესო დეტალზე გავამახვილებთ: უნგრეთის ნაკრებში ერთადერთი ლეგიონერი იყო - ლორანი, რომელიც ესპანეთის მეორე ლიგაში ასპარეზობს. მადიარების ჩემპიონტი იმდენად მაღალი დონისა აღმოჩნდა, რომ მასში მოასპარეზეებმა ესპანეთის, საბერძნეთის, იტალიის პირველობების წარმომადგენელ ქართველებს 90:82 აჯობეს. ზაზა ფაჩულია ამიტომაც გვახსენებს - ნაკრების წარმატება თუ გვინდა, საქართველოს ჩემპიონატს უნდა მივხედოთო...

ჯეისონ სტაუდტმა მოკლე კომენტარის შემდეგ გვითხრა: ახლა ავტობუსისკენ მივემართები, გეზი სლოვაკეთისკენ უნდა ავიღოთო. შემდეგი გაჩერება პეზინოკია - 19 ივლისს ქართველები სლოვაკებს ამხანაგურად გაეჯიბრებიან.

*სომბათჰეი უნგრეთის უძველესი ქალაქია, იგი პირველ-მეორე საუკუნეებში რომაელებმა გააშენეს და სავარია უწოდეს. სომბათჰეის საკალათბურთო არენას სწორედ “სავარია” ჰქვია. ამიტომ, დარბაზში ციხესიმაგრის იმიტაცია გასაკვირი არ უნდა იყოს.

საქართველოს ნაკრები. პირველი საკონტროლო მატჩი

17 ივლისი, უნგრეთი
სომბათჰეი, არენა “სავარია”
500 მაყურებელი
უნგრეთი-საქართველო 90:82
19:28, 21:13, 17:19, 33:22
უნგრეთი: ჰონგა (5), მოლნარი (7), ვოივოდა (7), ჰეინდლეინი (5), ლორანი (20), ვიტმანი (20), საბო (2), ა. ტოთი (4), შოოში (6), გ. ტოთი (2), კელერი (2), ჰორვატი (10)
საქართველო: ცინცაძე (5), გრინი (9), მარკოიშვილი (22), მეტრეველი (4), ფაჩულია (14), გამყრელიძე (2), შერმადინი (2), ჰოსლი (3), ცქიტიშვილი (17), სანიკიძე (4)
მსაჯები: ფორაი, ტოთი, საბალი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული