ბესიკ ლიპარტელიანი: ლიტვაში ტურისტებად არ ჩავალთ

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის წილისყრის შემდეგ ლიტვიდან დაბრუნდა ქართული დელეგაცია, რომლის შემადგრენლობაში იყო კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი.

საინტერესოა მისი მოსაზრება წილისყრის შედეგებთან დაკავშირებით, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვა საკითხებიც: როგორ მოემზადება საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის, ვინ იქნება ჩვენი მეტოქე საკონტროლო მატჩებში... ამ საკითხებზე ბატონი ბესო ლიტვიაშივე მუშაობდა და საინტერესოა, რა სიახლეებით დაგვიბრუნდა. საუბარი წილისყრით დავიწყეთ.

- ორი აზრი არ არსებობს - დანარჩენ სამ ჯგუფთან შედარებით უკეთესში აღმოვჩნდით. პირველ ჯგუფში რომ მოვხვედრილიყავით, ევრობასკეტზე ფაქტობრივად ტურისტებად უნდა ჩავსულიყავით, რადგან იქ ძალიან ძლიერი შემადგენლობაა შეკრებილი. ჩვენი
ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი არის, რაც დამატებით სტიმულს გვაძლევს.

- სამი კარგად ნაცნობი ნაკრებია...
- მესამე კალათიდან ყველაზე სასურველი მეტოქე შეგვხვდა - ბელგია. მართალია, ამ გუნდთან 2010 წელს, შესარჩევზე ორჯერ წავაგეთ, მაგრამ უძლეველი ნამდვილად არ არის. ასევე კარგად ვიცნობთ ბულგარეთსა და უკრაინას. მაგრამ როგორც ჩვენ, ეს გუნდებიც სასექტემბროდ კიდევ უფრო გაძლიერდებიან და დიდი მნიშვნელობა ექნება კონკრეტული მომენტისთვის რომელი ნაკრები რა შემადგენლობით იასპარეზებს და როგორი მომზადებული იქნება.

- გამოცდილებაც მნიშვნელოვანია. ევრობასკეტზე პირველად ვითამაშებთ.
- ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. საქართველოში ჩამოსულს ხავერდოვანი ფონი დამხვდა... არადა, ჯგუფიდან გასვლა ძალიან რთული იქნება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ნაკრებს 6 დღეში 5 მატჩი არასოდეს ჩაუტარებია. ეს დიდ ენერგიასა და რესურსს მოითხოვს. სამწუხაროდ, აქამდე ყოველთვის იყო შემთხვევები, როცა ტრავმის გამო ნაკრებს ესა თუ ის კალათბურთელი ვერ ეხმარებოდა. იმედია, წლეულს ამ მხრივ პრობლემები არ შეგვექმნება. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი სხვა ნაკრებისგან განსხვავებით ქართველებს საქმე ასარჩევად არ გვაქვს - არ არის საშუალება 12-კაციანი სიიდან ერთი მოთამაშე სათანადო მეორით ჩავანაცვლოთ. სასიხარულოა ვლადიმერ ბოისას დაბრუნება. მას მძიმე ტრავმა ჰქონდა, რომელიც საბოლოოდ მოიშუშა და "ოლიმპიაში" უკვე თამაშობს. ვოვა სეზონის მსვლელობისას ფორმაში შევა და ნაკრებსაც დაეხმარება.

- ლიტვაში მეტოქეების წარმომადგენლებს თუ შეხვდით?
- რა თქმა უნდა. ჩვენს მსგავსად ისინიც ნასიამოვნებები არიან, რადგან თვლიან, რომ ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი აქვთ. სწორედ ამიტომ, თითოეული მეტოქე ევრობასკეტისთვის გუნდის მაქსიმალურად გაძლიერებას შეეცდება.

- ზემოთ აღნიშნეთ, ჩვენს დარად სხვებიც გაძლიერდებიანო. საქართველოს ნაკრების გაძლიერებაში რა იგულისხმეთ? ტორინ გრინის ნაცვლად სხვა უცხოელის ჩამოყვანას ხომ არ გეგმავთ?
- გუნდის მოსამზადებელი ეტაპის დაგეგმვა და შემადგენლობის შერჩევა მწვრთნელის საქმეა. საქართველოს ნაკრების თავკაც, იგორ კოკოშკოვთან უკვე ვმუშაობთ. დაახლოებით ერთ თვეში სწორედ მწვრთნელი დაგეგმავს მოსამზადებელ ეტაპს. ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს. როგორც აღვნიშნე, დიდი მნიშვნელობა ექნება როგორ კონდიციებში შეხვდება ნაკრები ევრობასკეტს.

- ლიტვაში, სხვა ქვეყნებიდან ამხანაგურ ტურნირებზე მიწვევა ხომ არ მიგიღიათ?
- შემოთავაზებები არის, მაგრამ ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი. იგორ კოკოშკოვი სიტუაციას აწონ-დაწონის და რომელი ტურნირიც უფრო სასარგებლო იქნება, გუნდიც იქ ითამაშებს.

- გადაწყვეტილი მხოლოდ თბილისის საერთაშორისო ტურნირის თარიღებია?
- ასეა. თბილისის მერიის თასი 13-15 აგვისტოს გაიმართება. მასში ოთხი გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

- უკრაინა ჩვენი ოფიციალური მეტოქეა, მერიის თასზე, ალბათ, აღარ ჩამოვა.
- შეჯიბრებაში მონაწილე მხოლოდ ორი გუნდის ვინაობა ვიცით - საქართველო და ისრაელი. ისრაელის კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები თბილისში ჩამოსვლაზე სიამოვნებით დაგვთანხმდნენ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული