"ყველაზე ამოუცნობი მეტოქე" - ასე ჰქვია პუბლიკაციას.
"ევრობასკეტი-2011-ის წილისყრამ გულშემატკივრებს კმაყოფილების საბაბი გაუჩინა. რუსეთის ნაკრებს ძლიერი სლოვენია და ოთხი ისეთი გუნდი ერგო, რომელიც შესარჩევებზე ყოველთვის კარგად თამაშობენ, მაგრამ იშვიათი გამონაკლისების გარდა მთავარ შეჯიბრებებზე ვერ ხვდებიან. სამთან რუსებს ნათამაშები გვაქვს - უკრაინელებს,
ლაპარაკი შორიდან უნდა დავიწყოთ და შეგახსენოთ ევროპის სანაკრები შეჯიბრებების სტრუქტურა. ფიბა-ევროპას ნაკრებები ორ დივიზიონად აქვს გაყოფილი: A-ში ძლიერები თამაშობენ B-ში - სუსტები. ამის მიუხედავად, ევრონაკრებები სამ კატეგორიად უნდა დავყოთ.
1. გუნდები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატებზე რეგულარულად თამაშობენ.
2. A-დივიზიონის ნაკრებები, რომლებიც იშვიათად ხვდებიან მთავარ საკალათბურთო ფორუმებზე.
3. B დივიზიონის წარმომადგენლები.
ბოლო დრომდე საქართველოს ნაკრები მესამე კატეგორიის გუნდი იყო, თუმცა უკანასკნელ ორ წელიწადში სერიოზული ნახტომი შეასრულა. 2009 წელს კავკასიელებმა A დივიზიონის საგზური მოიპოვეს, პლეი ოფში ბელარუსები დაამარცხეს. 2010 წელს კი ქართველებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი კარგად ჩაატარეს. მათმა ნაკრებმა სერიოზული განაცხადი გააკეთა ევრობასკეტზე ყოველგვარი საკვალიფიკაციოს გარეშე მოხვედრაზე (მაშინ ცნობილი არ იყო, რომ მონაწილეთა რაოდენობა 16-დან 24-მდე გაიზრდებოდა). საქართველოს ნაკრები შესარჩევში მცირედით ჩამორჩა ბელგიას, ხოლო უკან მოიტოვა გამოცდილი მეტოქეები პოლონეთი და ბულგარეთი.
ასეთი ნახტომი ახალი თაობის წამოზრდის ხარჯზე მოხერხდა. ნაკრების წევრთა ასაკი 24-დან 27 წლამდე მერყეობს. სუსტი შიდა ჩემპიონატის გათვალისწინებით გასაკვირი არ არის, რომ ნაკრების საკვანძო კალათბურთელები საზღვარგარეთის კლუბებს წარმოადგენენ. ხშირ შემთხვევებში ქართველი ლეგიონერები ევროპული ჩემპიონატების საშუალო დონის კლუბებში ასპარეზობენ, რეგულარულადაც თამაშობენ, მაგრამ ციდან ვარსკვლავებს ვერ წყვეტენ. ერთადერთი გამონაკლისი NBA-ს კლუბ "ატლანტას" ცენტრი ზაზა ფაჩულიაა (26 წლის, 210 სმ). იგი საქართველოს ნაკრების ნამდვილი ლიდერია, ბევრს აგდებს, ბევრს ხსნის... მოკლედ გუნდის ფუნდამენტია. ფაჩულიათი და მის გარეშე საქართველოს ნაკრები სხვადასხვა გუნდია, როგორც თამაშის სტილით, ასევე საშიშროების მხრივ.
ქართველთა ნაკრების წინა ხაზი შთამბეჭდავად გამოიყურება. ფაჩულიას გვერდით თამაშობს სლოვენიის "ოლიმპიას" ცენტრი გიორგი შერმადინი (21 წლის, 216 სმ), ასევე ნიკოლოზ ცქიტიშვილი (27 წლის, 212 სმ) და ვიქტორ სანიკიძე (24 წლის, 203 სმ). თუ შერმადინი ძალიან ახალგაზრდაა და ნაკრებში მხოლოდ დამხმარის როლს თამაშობს, სანიკიძეს და ცქიტიშვილს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრიათ. ტანმაღალ ცქიტიშვილს შორიდან ჩაგდებაც შეუძლია და ფარქვეშ კარგად თამაშიც. ფაჩულიასთან ერთად იგი ფარქვეშ ორკოშკიან ციხესიმაგრეს აშენებს.
ცქიტიშვილისგან განსხვავებით სანიკიძე დაბალიცაა და სწრაფიც, ნახტომითაც გამოირჩევა. ნორმალური მსუბუქი ფორვარდის არყოფნაში ამ პოზიციაზე თამაში სნიკიძეს უწევს, თუმცა ფიზიკური და სხვა მონაცემებით იგი ტიპიური მძიმე ფორვარდია. მოხსნებში სწორედ სანიკიძე განაპირობებს საქართველოს ნაკრების უპირატესობას. ტექნიკასა და სროლასთან მას პრობლემები აქვს, მაგრამ შესანიშნავი ნახტომი და გრძელი ხელები სანიკიძეს მოხსნისას შეუცვლელ კალათბურთელად აქცევს.
როგორც უკვე ვთქვი, ქართველებს სუფთა მსუბუქი ფორვარდი არ ჰყავთ, არიან "მაღლები" და "დაბლები" გარდამავალი მესამე ნომერი კი არაა. ეს გუნდის თამაშზე საგრძნობლად აისახება. სანიკიძის პარალელურად მსუბუქი ფორვარდის ფუნქციების შესრულება მანუჩარ მარკოიშვილს უწევს (24 წლის, 196 სმ). ამ კალათბურთელს საქართველოს ნაკრების წევრთაგან ყველაზე კარგი ხელი აქვს. საერთოდ, კავკასიელებს პერიმეტრიდან ტყორცნებში პრობლემები აქვთ და მარკოიშვილი ერთადერთია, რომლიც შეიძლება სტაბილურ სნაიპერთა შორის ჩაიწეროს.
ამავე სიაშია ძირითადი შემადგენლობის მსროლელი, ტორინ გრინი (25 წლის, 183 სმ). მას ყაზანიელი ქომაგი კარგად იცნობს - ევროთასზე "გრან კანარიას" მაისურით ითამაშა. ესპანურ კლუბში ტორინს ვარსკვლავი თანაგუნდელები ჰყავს, ხოლო საქართველოს ნაკრებში თავი პირველ კაცად მიაჩნია (ფაჩულიას შემდეგ). ამერიკელი თანაგუნდელებს მხოლოდ ბლოკის დასაყენებლად იყენებს, ყველა შეტევის დასრულებას დამოუკიდებლად ცდილობს. შეიძლება გრინს მარკოიშვილზე უარესი სროლა არ აქვს, მაგრამ ტყორცნის სიზუსტეზე უარყოფითად მოქმედებს მისი პრინციპი - სროლა ყოველთვის და მოედნის ნებისმიერი წერტილიდან.
საერთოდაც, ქართველები ინდივიდუალური თამაშისკენ იხრებიან. მათი სასტარტო გამთამაშებელი გიორგი ცინცაძეა (24 წლის, 192 სმ), რომელმაც რამდენიმე წლის წინათ კონტრაქტი გააფორმა კრასნოიარსკის "ენისეისთან". მის სტატისტიკაში ის მაღელვებდა, რომ იმდენივე შეცდომა ჰქონდა, რამდენიც პასი. ახლა, საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვის შემდეგ ზემოთ ნახსენებს ახსნა მოვუძებნე: ცინცაძის მოქმედებაში ენერგია და მონდომება უფრო მეტია, ვიდრე მოედნის ხედვა. იგი შედეგიანი გადაცემების უმეტესობას საჯარიმოში შესვლის შემდეგ ცენტრის მოძებნის შედეგად აგროვებს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ცინცაძე მოქმედებს პრინციპით: "გავიქცევი და შემდეგ ვნახავ, რა როგორ გამოვა". გამოდის სხვადასხვანაირად, 50/50-ზე.
საქართველოს ნაკრების თამაშიც მნიშვნელოვნადაა განპირობებული "მაღლებისა" და "დაბლების" დიფერენციაციით. არის "მძიმე მოდელი", რომლის დროსაც გუნდი მშვიდად გადადის შეტევაზე (თავს ბლოკების დაყენებით არ იწუხებს), ბურთი გადაეცემა სამწამიან ზონაში მყოფ ცენტრს (როგორც წესი, ზაზა ფაჩულიას), რომელიც დაუყოვნებლივ იწყებს მეტოქის მოტყუებას. შეტევას ან თავად ასრულებს, ან დახმარებისთვის მისული თანაგუნდელი გაჰყავს სასროლ პოზიციაზე.
ერთი-ორი ცვლილება და თამაშის სტილი რადიკალურად იცვლება. ბურთს ეპატრონებიან მარკოიშვილი, გრინი, ცინცაძე და "კარუსელიც" ტრიალებს. ისინი მოედანზე დაფრინავენ და თან მძიმე ცენტრებსაც ითრევენ. გუნდი დარბის, მაგრამ ამ დროს მკვეთრი სისტემა არ ჩანს.
მართლაც, ქართველებს სირბილი უფრო უყვართ, ვიდრე პასის გაცემა. ისინი სროლის სიზუსტეში მოიკოჭლებენ, ამიტომ ცდილობენ ფართან რაც შეიძლება ახლოს მივიდნენ. მეტოქის კალათისკენ ჯიქურ მიიწევენ როგორც პატარა გრინი, ასევე გოლიათი ცქიტიშვილი. ამ უკანასკნელის დრიბლინგი (სამქულიანი ზონიდან კალათისკენ) ძალიან საშიშია...
საქართველოს ნაკრებში სნაიპერები ცოტაა, სიტუაციას ისიც ართულებს, რომ მსროლელებს თავად უწევთ სატყორცნი სიტუაციის შექმნა. რამდენიმე მატჩი ვნახე და ვერ აღმოვაჩინე კომბინაცია, რომლის მიზანი ერთი კალათბურთელის სამქულიანის სატყორცნ პოზიციაზე გაყვანა იქნებოდა. ყველა ცდილობს ბურთის სამწამიან ზონამდე მიტანას, ან დრიბლინგისთვის სივრცის გამოთავისუფლებას. ალბათ ამიტომ, შორეული ტყორცნები წინასწარ გაუთვლელად ხორციელდება. მარკოიშვილი და გრინი ბლოკის დაყენების შემდეგ ისვრიან, ცინცაძე ცენტრისგან პერიმეტრზე პასს ელოდება, ცქიტიშვილი თავისი სიმაღლის გათვალისწინებით მეტოქეზე მაღლა ხტება და კაცსზემოდან ისვრის. ასეთ მცდელობებს შედეგი იშვიათად მოაქვთ.
საქართველოს ნაკრებზე ლაპარაკისას ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი არ უნდა გამოგვრჩეს: ჩვენი მეტოქე სამხრეთელია და ამით ყველაფერია ნათქვამი. ქართველები შინ უფრო კარგად თამაშობენ, ვიდრე სტუმრად. წარმოიდგინეთ გავსებული 9 ათასიანი დარბაზი, რომელშიც მძიმე თამაში მიმდინარეობს. ქართველები ერთი-ორ რთულ სროლას ჩააგდებენ, თავადაც იქოქებიან და დარბაზიც. შესაბამისად ტრიბუნები დიდ ზეგავლენას ახდენს მსაჯებზეც და მეტოქეზეც. საქართველოში მხურვალე და ხმამაღალი ქომაგობა იციან. ცხადია, ასეთ სიტუაციაში მსაჯი ხან დაუსტვენს, ხან - არა. მეტოქეც შედრკება, ან ჯარიმას ააცდენს, ან არაზუსტ პასს გააკეთებს.
სტუმრად ქართველები სხვანაირად თამაშობენ. კალათბურთელებს დაძაბული სახეები აქვთ და შედარებით შებოჭილად თამაშობენ. თამაშიც პირიქით მიდის: ერთ შეცდომას ბურთის აცილება მოსდევს, მეტოქე 10 ქულით გაიქცევა და მერე ადექი და სდიე.
ასეა თუ ისე, საქართველოს ნაკრების სათვალავში არჩაგდება არ შეიძლება. რუსეთის ნაკრები შედარებით ძლიერია, უკეთესად დაბალანსებული. ჩვენს გუნდს კავკასიელებისგან განსხვავებით მაღალი რანგის ტურნირებზე თამაშის გამოცდილება აქვს. იცის, როგორ უნდა მომზადება შეჯიბრებისთვის, როგორ გაანაწილოს ძალები, როგორ გაიტანოს თავი აგრესიულ გარემოცვაში. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთ მატჩში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
საქართველოს ნაკრების ცალი ხელით ძლევა არ გამოვა. მას აქვს არაერთი კოზირი, რამაც რუსეთის ნაკრებს შეიძლება დიდი პრობლემები შეუქმნას. სერიოზული ბრძოლა გველის, რომელშიც რუსებს უფრო მეტი შანსი გვაქვს."
ამ პუბლიკაციას მცირე კომენტარი აუცილებლად სჭირდება. ძნელი სათქმელია, ავტორმა ჩვენი ნაკრების რომელი თამაშები ნახა, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი რამ დაუნახავს. მას არაერთ საკითხში შეიძლება არ დავეთანხმოთ, სანიკიძეს ტექნიკა და სროლა არ უვარგაო... მაგრამ უფრო ინდივიდუალიზმისკენ რომ არის მიდრეკილი, ეს მართალია.
თუმცა, იმედი დავიტოვოთ, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის განსხვავებულ ნაკრებს ვიხილავთ - ტანმაღალი კალათბურთელებიც ისევე კარგად დააყენებენ ბლოკებს, როგორც საკუთარ კლუბებში და ზემოთ მოყვანილი სტატიის ავტორს დავანახებთ, რომ სხვაგვარად თამაშიც შეგვიძლია და მოგებაც.
.