მეტსაც გეტყვით, ბაგაცკისის საქართველოში დარჩენა 99 პროცენტითაა გადაწყვეტილი. იგი "სოხუმს" მაისის ბოლომდე უხელმძღვანელებს და გუნდის საპრიზო სამეულში შეყვანას შეეცდება. "სოხუმის" ხელმძღვანელობას ცნობილი სპეციალისტის ჩამოყვანა მხოლოდ შიდა ჩემპიონატში წარმატებისთვის როდი სჭირდება - მომავალ სეზონში ევროჩელენჯზე აპირებს თამაშს, რისთვისაც ძლიერ მწვრთნელთან ერთად გამოცდილი ლეგიონერების
ბაგაცკისის ჩამოყვანაც მომავალზეა გათვლილი, თუ მან გუნდს ევროჩელენჯის საგზური მოაპოვებინა (ბევრი რამ დამოკიდებული იქნება სხვა ქართულ კლუბებზე, ვინ მოისურვებს საერთაშორისო ასპარეზზე გასვლას და ვინ - არა), ლატვიელ სპეციალისტთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაილაპარაკებენ.
მხოლოდ მისი სამწვრთნელო კარიერითაც რომ ვიმსჯელოთ, ბაგაცკისი საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე სახელიანი მწვრთნელია. იგი 2005-06 წლებში ლატვიის "ბარონსს" წვრთნიდა, 2006-ში კაუნასის "ჟალგირისს", 2007-09 წლებში ლატვიის "ვალმეირას", ხოლო 2009-10-ში რუსულ "ენისეის". სხვათა შორის, 2009 წლის ზაფხულში გიორგი ცინცაძემ კონტრაქტი სწორედ "ენისეისთან" გააფორმა, მაგრამ რუსეთის ვიზა არ მისცეს და ხელშეკრულების გაუქმება მოუწია.
აინარს ბაგაცკისი ამჟამად ლატვიის ნაკრების თავკაცია და 30 იანვარს ლიტვაში გამართულ წილისყრასაც ესწრებოდა.
5 თებერვალს, "სოხუმი"-"აგრარულის" მატჩის შემდეგ ბაგაცკისმა წიგნაკი დახურა და ინტერვიუსთვის მოიცალა.
- საინტერესოდ მიგაჩნიათ საქართველოდან მიღებული წინადადება?
- ასე რომ არ ყოფილიყო, თბილისში არ ჩამოვიდოდი. მაინტერესებდა, რა ძალის გუნდის მწვრთნელობას მთავაზობდნენ. ჩამოვფრინდი, რათა ადგილზე გავცნობოდი "სოხუმს", გამეგო რა მიზნები აქვს. ერთი კვირის განმავლობაში გუნდს შევისწავლი და... დიდ პრობლემებს ვერ ვხედავ და ვფიქრობ, დავრჩები.
- "სოხუმის" თამაში ნახეთ. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- მხოლოდ ერთი თამაში ვიხილე. ძნელია ერთი მატჩის მიხედვით დასკვნების გამოტანა და განსაზღვრა, რა აკლია გუნდს და რა - არა, რა პლუსი აქვს და რა მინუსი. დავინახე მხოლოდ ერთი - გუნდს უნდა მოგება. ეს მნიშვნელოვანია. ასევე მთავარია სტაბილურობა, შედეგი სწორედ ამას მოაქვს. კალათბურთელებს ხვალ შევხვდები, უფრო მეტს ვნახავ, გუნდს უკეთ გავიცნობ და მერე უფრო კონკრეტულად შემეძლება ლაპარაკი.
- სანაკრებო თემაზე გადავიდეთ. საქართველოს ეროვნულ გუნდს თუ იცნობთ?
- სამი წლის წინათ საქართველოს ნაკრები ლატვიაში ჩვენს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა. ქართველებმა მოიგეს. შთამბეჭდავი შემადგენლობა გყავთ. ფაჩულია NBA-შია, ქართველები ევროლიგაზეც წარმატებით თამაშობენ. მოკლედ მაღალი დონის, გამოცდილი ნაკრები გყავთ. მწვრთნელიც ძლიერია... ჩემი აზრით, ევრობასკეტის წილისყრისას საქართველოს ნაკრებს ცოტა გაუმართლა.
- ერთ-ერთ ლატვიურ გაზეთთან წილისყრის შემდეგ საქართველოს ნაკრებიც ახსენეთ...
ლატვიელმა მწვრთნელმა თითით მანიშნა, ერთი წუთი მაცალეო და ჩანთაში დაიწყო ქექვა. დაკეცილი ფურცელი ამოიღო, გაშალა და მიუხედავად იმისა, რომ ლატვიურად ეწერა, მაინც გავარჩიე ქვეყნების ჩამონათვალი: სლოვენია, რუსეთი, ბელგია, მაკედონია, ბულგარეთი... ბაგაცკისმა ეს ქვეყნები თითის მიყოლებით ჩამოთვალა და განაგრძო:
- გუნდები წილისყრის წინ ჩამოვწერე. მინდოდა სწორედ ესენი შეგვხვედროდნენ (ლატვიელები მეექვსე კალათაში ვიყავით). წილისყრამ მეოთხე ჯგუფში სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი გუნდები მოახვედრა, მხოლოდ ერთი ვერ გამოვიცანი - საქართველოს ნაცვლად მაკედონია მეწერა. სამწუხაროდ, ლატვია ამ ჯგუფში ვერ მოხვდა.
- მაკედონიას უფრო სუსტად მიიჩნევთ?
- მათაც კარგი გუნდი ჰყავთ, მაგრამ მეოთხე კალათიდან მაინცდამაინც მაკედონია იმიტომ ამოვარჩიე, რომ კარგად მყავს შესწავლილი. ნამდვილად არ მინდოდა მეოთხე კალათაში განთესილ ისრაელთან შეხვედრა, თანაბრად დაბალანსებული, ძლიერი გუნდია. არც დიდი ბრიტანეთი იყო სასურველი მეტოქე, რადგან 2012 წელს ოლიმპიადა სწორედ იქ იმართება და ევროპის ჩემპიონატზე ძლიერ შემადგენლობით წარდგება. საქართველოს ნაკრები კი ამოუცნობი გუნდია და ამიტომაც ჩავწერე მის ნაცვლად მაკედონია.
- ლატვიის ნაკრებში შარშან რამდენიმე წამყვანი კალათბურთელი არ თამაშობდა. ევროპის ჩემპიონატისთვის თუ მოახერხებთ მათ დამატებას?
- ნაკრებში მოხვდება ის, ვინც დაიმსახურებს და ვინც მეტად იქნება მოტივირებული. შარშან, შესარჩევზე 9 კალათბურთელი გვაკლდა. გუნდში აუცილებლად მოხვდებიან ისინი, ვინც ეს 2010 წელს თამაშით დაიმსახურა. ვიცი, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაში ყველას უნდა, რათა ძლიერი გუნდების კომპანიაში აჩვენონ რა შეუძლიათ. ასე რომ, არა მგონია, შემადგენლობასთან დაკავშირებით პრობლემები შეგვექმნას.
- ბოლოს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსებზეც გკითხავთ.
- გამოცდილება მკარნახობს, რომ ნებისმიერ გუნდს შეუძლია ფავორიტად შერაცხულთა დამარცხება. მაგალითად, შარშან ლატვიის ნაკრებმა NBA-ს ორი ვარსკვლავით გაძლიერებულ იტალიას მოუგო. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა შემადგენლობის სიძლიერეს, არამედ კონკრეტული მატჩისთვის ამა თუ იმ გუნდის მომზადებას. არავინ იცის თამაშის დღეს, ვინ როგორ შეხვდება.
დოსიე
აინარს ბაგაცკისი
დაიბადა: 29.03.1967
მოთამაშის კარიერა
1985-87 - ვეფ რიგა
1987-91 - ასკ რიგა
1991-92 - პრინციპსი
1992-93 - ბროცენი
1994-95 - რიგა
1995-98 - ბროცენი
1998-99 - ბიტომა
1999-2000 - პრუშკოვი
2000-01 - დიჟონი
2001-03 - ვენტსპილსი
2003-04 - ევრაზი
2004-05 - ჟალგირისი
2005-06 - ბარონსი
სამწვრთნელო კარიერა
2005-06 - ბარონსი
2006 - ჟალგირისი
2007-09 - ვალმეირა
2009-10 - კრასნოიარსკი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
.