ვლადიმერ სტეფანია: სლოვენია ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის წილისყრის შემდეგ სლოვენიელებმა, სადაც კი ხელი მიუწვდებოდათ, ყველა თანაჯგუფელი ალაპარაკეს. სლოვენიის ნაკრებს კარგად იცნობს ვლადიმერ სტეფანია, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში სლოვენიურ "ოლიმპიაში" თამაშობდა. ვოვას მეტოქეთა შესახებ საკუთარი მოსაზრების გამოთქმა ვთხოვეთ.

- ევროპის ჩემპიონატზე იოლი ჯგუფი არ არსებობს. საქართველოს ნაკრებსაც სერიოზული მეტოქეები შეხვდა. სლოვენია, რუსეთი ძალიან კარგი გუნდებია...

- სლოვენიის ნაკრების თამაშს კარგად იცნობ. ალბათ, ჯგუფის ფავორიტი სწორედ ის იქნება.
- მხოლოდ ჯგუფის ფავორიტი? სლოვენიელებს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები ჰყავთ და მაღალი მიზნებისთვის თამამად შეუძლიათ ბრძოლა. მათ რიგებში თამაშობენ:
დრაგიჩი, ლაკოვიჩი, უდრიხი... ოღონდ, ერთია საკითხავი - შეკრებენ თუ არა საუკეთესო შემადგენლობას.

- რუსეთის ნაკრებზე რისი თქმა შეიძლება?
- რუსებს ძლიერი გუნდი ჰყავთ, ჯგუფიდან უნდა გავიდნენ. მიმაჩნია, რომ ამ ნაკრების დამარცხება ქართველებს შეუძლიათ, მაგრამ ძალიან ძნელი იქნება.

- დარჩა ბელგია, უკრაინა, ბულგარეთი.
- ბელგიელებთან ძალიან ცუდი მოგონებები გვაკავშირებს და ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატზე ამ გუნდს დავამარცხებთ. შარშან გამოჩნდა, რომ ბულგარეთის ნაკრები არ არის უძლეველი და ჩემი აზრით, ბულგარელებსაც უნდა ვაჯობოთ. ძალიან გაგვიჭირდება უკრაინელებთან. მათ გამოცდილება აქვთ, რაც ბევრს ნიშნავს. თუმცა, იმას არ ვამბობ, რომ საქართველოს ნაკრების კალათბურთელებს არ აქვთ გამოცდილება. ჩვენ უბრალოდ, ასეთი დონის ტურნირებზე დებიუტანტები ვართ. ასევე, შედეგებზე ლაპარაკისას გასათვალისწინებელია მნიშვნელოვანი ფაქტი - ევროპის ჩემპიონატზე მატჩები ყოველდღე, ერთმანეთის მიყოლებით იმართება, რაც დიდ ენერგიას მოითხოვს, აუცილებელია ძალების თანაბრად გადანაწილება.

- ევროლიგაზე "ოლიმპიას" თამაშს თუ ადევნებ თვალს?
- სამწუხაროდ, რეგულარულად ვერ ვუყურებ. ისე ვიცი, კარგი სეზონი აქვს.

- ევროლიგაზე პლეი ოფში გასვლისთვის იბრძვიან. სლოვენიელები იმ დროს იხსენებენ (1997 წელს), როცა შენც "ოლიმპიაში" თამაშობდი, ევროლიგის ნახევარფინალში რომ ითამაშეთ.
- თუ პლეი ოფში გავლენ, ძალიან გამიხარდება, მაგრამ გაუჭირდებათ. ჯგუფში ორი ძლიერი გუნდია - "ბარსელონა" და "მაკაბი".

- სლოვენიელები გიორგი შერმადინზე ამბობენ, სტეფანიას გზას აგრძელებსო...
- გიორგი კარგი კალათბურთელია. მისი პროგრესი ძალიან მახარებს. შერმადინს ნამდვილად შეუძლია "ოლიმპიას" ერთ-ერთ წამყვან კალათბურთელად ჩამოყალიბება.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"






.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული