სლოვაკეთშიც უნგრული სცენარით

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები. ამხანაგური მატჩი

19 ივლისი, პეზინოკი (სლოვაკეთი)
სლოვაკეთი-საქართველო 80:72
10:15 32:24 22;18 16:15

სლოვაკეთი: მარკო (16), ნოვაკი (16), ჰაველი (10), სჟალაი (6), ლოშონსკი (4), სედმაკი (10), სედლაკი (8), მიკლოშიკი (3), ტერლანდა (3), ჩერვენკა (2), კოზლიკი (2)
საქართველო: ფაჩულია (10), გრინი (10), ცქიტიშვილი (10)

საქართველოს ნაკრებმა მეორე საკონტროლო მატჩი ჩაატარა და მეორედ დამარცხდა. უნგრეთის შემდეგ ქართველებმა სლოვაკებთან დათმეს - 72:80. აქვე აუცილებლად უნდა გავიხსენოთ 2008 და 2009 წლებში სლოვაკებთან ჩატარებული ოფიციალური მატჩების შედეგები: 101:78, 90:41, ცხადია ქართველთა სასარგებლოდ.

თუ გავითვალისწინებთ
იმასაც, რომ სლოვაკები ჩვენზე გვიან შეიკრიბნენ და სეზონის პირველ შეხვედრას ატარებდნენ, თამამად შეგვეძლება იმის თქმა, რომ საქართველოს ნაკრებს გუშინ მეტოქის დამარცხება ნამდვილად შეეძლო.
თუმცა, ეს იგორ კოკოშკოვმა არ მოინდომა, რასაც ორი მიზეზი უნდა ჰქონდეს. პირველი: სლოვაკები ივლისის ბოლოს პოლონელებს ეთამაშებიან და გუშინდელი თამაშის ვიდეოფირს საქართველოს ნაკრების მეტოქეს აუცილებლად გადასცემენ... ჰოდა, კოკოშკოვმა, ნაკრების ლიდერები და მათთან ერთად გუნდის პლუსები დამალა. აკი აღნიშნა მეორე მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა - წამყვანი კალათბურთელები დიდად არ დაგვიტვირთავსო.

სლოვაკეთთან წაგების მეორე მიზეზი სათადარიგოების გამოცდა იყო. მწვრთნელებმა უნგრეთზე სუსტ სლოვაკებთან (B დივიზიონში არიან) ყველა სათადარიგოს მისცეს თავის გამოჩენის შანსი - 14-მა ითამაშა. ეს მათი სათამაშო პრაქტიკისთვისაც სასარგებლო იქნება და მწვრთნელსაც საუკეთესოების გამორჩევას გაუადვილებს, ოფიციალური მატჩების განაცხადში ხომ 12 კაცი უნდა მოხვდეს.

როგორც ჩანს, სლოვაკები ამხანაგურ მატჩებს არცთუ გულიანად უდგებიან, დარბაზში კომპიუტერი არ იდგა და, შესაბამისად, სტატისტიკის სრულად დათვლა ვერ მოხერხდა. საბოლოოდ მხოლოდ საქართველოს ნაკრების სამი კალათბურთელის შრომის შედეგი ვიცით: ზაზა ფაჩულიამ, ნიკა ცქიტიშვილმა და ტორინ გრინმა 10-10 ქულა ჩააგდეს.

სლოვაკური მედიის დახმარებით მატჩის სცენარის (რომელიც უნგრული მატჩის ასლი გამოდგა) აღდგენაც ხერხდება: თავიდან სლავები დაწინაურდნენ - 8:3. ამას მოჰყვა დაცვაში ქართველთა აგრესიული თამაში და მალე სტუმრები წინ გაიჭრნენ - 15:10. თუმცა ჩვენი გუნდი მალევე მოდუნდა და სლოვაკეთმა 10:0 გაქცევა მოაწყო (20:15).

მეორე მეოთხედში თანაბარი თამაში გაჩაღდა და დიდ შესვენებაზე სლოვაკეთი სამქულიანი უპირატესობით გავიდა - 42:39.
მესამე ათწუთეულიც ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. ადგილობრივი ჟურნალისტები მესამე რაუნდში გამთამაშებელი ტორინ გრინის თამაშს მოუხიბლავს.

ისევე როგორც უნგრეთთან, ქართველებს მეოთხე პერიოდის შუაში სლოვაკეთის კალათისკენ გზა დაეკარგათ, რითაც მასპინძლებმა უმალ ისარგებლეს - 68:59. დარჩენილ 8 წუთში ჩვენმა გუნდმა თამაშის შემოტრიალება ვერ მოახერხა და სწორედ ისეთი სხვაობით დამარცხდა, როგორითაც უნგრეთში (-8).

მატჩის სურათზე წარმოდგენის შექმნაში იგორ კოკოშკოვის მთავარი ასისტენტი დავით უსტიაშვილი დაგვეხმარა, რომელმაც კალათბურთის ფედერაციის საიტს შემდეგი უთხრა:

- სლოვაკეთთან საკონტროლო შეხვედრაში გადავწყვიტეთ, ყველა მოთამაშე გამოგვეცადა. კოტე ტუღუშს, ანატოლი ბოისას, კოკა ტომარაძეს, ნოდარ შენგელიას და მიხეილ ბერიშვილს უნგრეთთან არ უთამაშიათ, სლოვაკეთთან კი საკმარისად დავტვირთეთ. სულ 14-მა კალათბურთელმა ითამაშა მოედანზე მხოლოდ გიორგი ცინცაძე და თორნიკე შენგელია არ გავიდნენ. პირველს მცირე ტრავმა აწუხებს - უნგრეთთან ფეხი იტკინა. ცინცაძეს გუშინ არ უვარჯიშია და დღესაც მოვერიდეთ მის დატვირთვას. თორნიკე შენგელია ნაკრებს დღეს შეუერთდა, აქამდე ახალგაზრდულს ეხმარებოდა, ოდნავ ხელი სტკიოდა და მისი მოედანზე შეყვანისგანაც თავი შევიკავეთ.
დავით უსტიაშვილმა ისიც დაამატა, რომ იგორ კოკოშკოვმა შედეგზე დიდი ყურადღება არ გაამახვილა და ლიდერები მეტ-ნაკლებად დაასვენა:

- ვერ ვიტყვით, რომ შესაძლებლობები ყველამ მაქსიმალურად გამოავლინა. მოვერიდეთ ლიდერების დატვირთვას. იმიტომ, რომ წინ გაცილებით მნიშვნელოვანი მატჩები გველის. ნაკლებად დავტვირთეთ მარკოიშვილი, სანიკიძე, ფაჩულია და გუნდის სხვა წამყვანი მოთამაშეები. ბევრი სათამაშო დრო არავის რგებია, შესაბამისად გამორჩეულად არავის უთამაშია. ბიჭები ცოტა გადაღლილებიც იყვნენ...
მეორე მწვრთნელი ამერიკელ ახალწვეულებსაც შეეხო:

- ქუინტონ ჰოსლი მსუბუქი ფორვარდია, თუმცა სამწამიანში თამაშიც შეუძლია. ის გონიერი და გამოცდილი მოთამაშეა. გრინი გამთამაშებელია და თავის მოვალეობას კარგად ართმევს თავს. დაყენებული სროლა აქვს, ბურთის მეტოქის ნახევარზე სწრაფად გადატანაც შეუძლია და პასის ალღოც არ დაეწუნება. მისგან ბევრს ველით. იმედია, ამერიკელები ჩვენს ნაკრებს თბილისის საერთაშორისო ტურნირზე უფრო კარგად შეერწყმებიან.

საქართველოს ნაკრები გუშინ ღამით (4 საათზე) ვენის რეისს უნდა ჩამოყოლოდა და ვარჯიშს სპორტის სასახლეში განაგრძობს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული