ვინ ითამაშებს საქართველოს ნაკრებში - გრინი, ელისი თუ?

AutoSharing Option
17 თებერვალს "ოლიმპია"-"მაქაბის" საევროლიგო შეხვედრაში ფარქვეშ საუკეთესო გიორგი შერმადინი იყო, ხოლო პერმეტრზე - ჯერემი პარგო ("მაქაბი"). სწორედ პარგოს თამაშის შემყურეს გამახსენდა, რომ შარშან საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა კალათბურთელმა მკითხა: ტაირონ ელისის ნაცვლად მართლა პარგო ჩამოყავთო? ფედერაციაში ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს, ზაფხულის დადგომასთან ერთად კი გაცხადდა, რომ 2010 წლის შესარჩევში იგორ კოკოშკოვის კრებულს ტორინ გრინი დაეხმარებოდა.

დაეხმარა კიდეც, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შემდეგ ბევრი ალაპარაკდა, გაცილებით ძლიერი უკანახაზელი გვჭირდებაო. მაინც როგორი?

პასუხი ერთმა ვეტერანმა კალათბურთელმა გაგვცა: ფიზიკურად ძლიერი, მეტოქის კალათისკენ სავალ გზაზე
ყველაფერს რომ ქელავდეს, თან გუნდზე თამაშიც ეხერხებოდეს. დაახლოებით ისეთი, როგორიც შემონდ უილიამსი იყოო.

მაქაბელი პარგოც სწორედ ასეთია - ღონიერია, ბურთსაც მშვენივრად ათამაშებს და მეტოქის ფარისკენ თუ დაიძრა, მისი ჯარიმით შეჩერებაც კი შეუძლებელია. ხუთშაბათს, "მაქაბიმ" მას შემდეგ ჩამოიტოვა მასპინძელი "ოლიმპია", რაც ჯერემი პარგომ სისწრაფეს უმატა და თამაში საკუთარ თავზე აიღო.

გრინის ნაცვლად პარგო, როგორია? ერთი შეხედვით ურიგო ვარიანტი არ არის, მაგრამ მხოლოდ სათქმელადაა იოლი. საკითხავია, აპირებს კი საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ახალი ამერიკელის დამატებას? ან, რატომ მაინცდამაინც პარგო? აქ უნდა დავამუხრუჭო, რადგან აშკარად ევროლიგური მატჩის შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ჯერ გავარკვიოთ, სჭირდება თუ არა იგორ კოკოშკოვს ახალი უცხოელი.

ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა აღნიშნა:
- ამ საკითხთან დაკავშირებით იგორს ჩვენი ვარიანტები შევთავაზეთ. დაისვა კითხვა ტორინ გრინის შესახებაც, მაგრამ მწვრთნელი მასზე უარს არ ამბობს, რადგან ახალი ამერიკელის ნატურალიზებამ შეიძლება სასურველი შედეგი არ მოგვცეს. საკითხავია, იგი როგორ შეეწყობა გუნდს, აქაურობას. ევროპის ჩემპიონატის წინ კი ასეთი ცვლილების განხორციელება შეიძლება მიზანშეუწონელი იყოს.

როგორც ვხედავთ, იგორ კოკოშკოვი ტორინ გრინის შემცვლელის ძიებას არ აპირებს. თუ შემონდ უილიამსის მაგალითს გავითვალისწინებთ, ევროპის ჩემპიონატის წინ უცხო კაცის დამატება შესაძლოა მართლაც არ იყოს სასარგებლო. შემონდის მაგალითიდანაც ნათელია: რაც უფრო მაღალი კლასისაა კალათბურთელი, მით მეტი თავისებური პრინციპი აქვს და ლიდერობის პრეტენზიაც გააჩნია. ქართველებს კი ლიდერობა არანაკლებ გვიყვარს.

თუნდაც აქედან გამომდინარე, ტორინ გრინი საქართველოს ნაკრებისთვის შესაფერისი ვარიანტია: შედარებით ახალგაზრდაა (25 წლის), კლუბში ("გრან კანარია") ერთპიროვნული ლიდერი არ არის, საშუალოდ 24 წუთს თამაშობს. ასე რომ, არც საქართველოს ნაკრებში ჩამოვა გადამეტებული პრეტენზიებით. თუმცა, კლასი ნამდვილად არ დაეწუნება: დეკემბერში იგი კანარელთა გმირად იქცა - ბოლო წამებზე ჩაგდებული სამქულიანით მადრიდის "რეალი" დაამარცხა.

გრინთან ინტერვიუ ბელარუსთან ამხანაგური მატჩის შემდეგ ჩავწერე (2010 წლის ივლისში) და უბრალო ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. როგორც ჩანს, სანაკრებოდ ამერიკელთა შერჩევისას კოკოშკოვისთვის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი პიროვნული თვისებები იყო. როცა პრეტენზიებზე ვლაპარაკობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გრინს სიტყვაც არ დასცდენია, როცა მწვრთნელი ნაკრებში მსროლელად ათამაშებდა. არადა, იგი ფლორიდის კოლეჯშიც (ელ ჰორფორდთან და იოაკიმ ნოასთან ერთად სასტარტოში თამაშობდა) გამთამაშებელი იყო, "სარაგოსაშიც" და აეკ-შიც.

მწვრთნელი ხუთეულში, პლეიმეიქერად გიორგი ცინცაძეს ათამაშებდა, მსროლელად - გრინს... აბა, გავიხსენოთ საუკეთესო ორი მომენტი გრინის მონაწილეობით: უკრაინასთან ამხანაგურ მატჩში ბოლო წამებზე ბურთი მეტოქის ნახევარზე გადაიტანა და შორი მანძილიდან ზუსტი ტყორცნით თამაში მოიგო. მეორე დასამახსოვრებელი ეპიზოდი ბულგარეთის ნაკრებთან სტუმრად გამართული შეხვედრის ბოლო წუთები იყო: მწვრთნელის დავალებით ბურთს გრინი აკონტროლებდა, მეტოქეები ჯარიმდებოდნენ და ტორინიც უშეცდომოდ ისროდა. ზემოთ მოყვანილ ორივე ეპიზოდში იგი გამთამაშებელი იყო. დაგვანახა, რომ ამ პოზიციაზე უფრო სასარგებლოა, ვიდრე მსროლელად. თუმცა, თავდახრილი ასრულებდა მწვრთნელის დავალებებს.

როგორც ვთქვით, სასტარტო პლეიმეიქერი გიორგი ცინცაძე იყო, რომელსაც ტრავმამ და საკლუბო სათამაშო პრაქტიკის არქონამ 2010 წლის შესარჩევ ტურნირში სათანადოდ თამაშში ხელი შეუშალა. იგორ კოკოშკოვს ახსოვდა "ბუს" მიერ ჩატარებული 2008-09 წლების მატჩები და იმედი ჰქონდა, რომ 2010-შიც გაიხსნებოდა.

როგორი იქნება საქართველოს ნაკრების უკანა ხაზი ლიტვაში გასამართ ევრობასკეტზე, ჯერ ძნელი სათქმელია. ყველაფერი დამოკიდებული იქნება, ვინ როგორ კონდიციებში შეხვდება 31 აგვისტოს.

ამასწინათ ინტერვიუში ვეტერანმა გივი ბიჭიაშვილმა თქვა: ნაკრებში მსროლელების დეფიციტია, კარგი სნაიპერი მხოლოდ მანუჩარ მარკოიშვილიაო. გრინი მსროლელის პოზიციაზე თამაშობდა, მაგრამ ტაირონ ელისისა და მანუჩარ მარკოიშვილისგან განსხვავებით მიჯრით ორი-სამი სამქულიანი არ ჩაუგდია. ალბათ იმიტომ, რომ გრინი ამპლუით გამთამაშებელია.

დაკვირვებული მკითხველი წინა აბზაციდან ერთ გვარს მოინიშნავდა - ტაირონ ელისი და გაიკვირვებდა: თუ მსროლელი გვჭირდება, მაშ, გრინის ნაცვლად ევროპის ჩემპიონატზე ელისი რატომ არ მიგვყავსო?!

მით უმეტეს, რომ ტაირონი საქართველოს ნაკრებში 4 წელი თამაშობდა და 2009 წელს ქართველობაც დაიჩემა. მეტსაც გეტყვით: ელისს დღემდე ხშირი მიმოწერა აქვს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან და ღიადაც აფიქსირებს: მზად ვარ ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდო. ოთხი წლის განმავლობაში ნაკრებსაც ძალიან დაეხმარა და ქართველ ქომაგსაც შეაყვარა თავი. ევრობასკეტი არ ეკუთვნის?

ეკუთვნის, მაგრამ გრინის ტიპის კალათბურთელიც რომ გვჭირდება?! გრინი თუ ელისი? ელისი თუ გრინი? "ორივენიცა"! - ესეც გამოსავალი.

"არ არის გამორიცხული, მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა ლიტვაში ტორინ გრინიც იახლოს და ტაირონ ელისიც. რადგან ამა თუ იმ მატჩის განაცხადში მხოლოდ ერთი ნატურალიზებულის შეყვანა შეიძლება, მწვრთნელი თავისი შეხედულებისამებრ გადაწყვეტს - რომელ მატჩში რომელი ამერიკელიც დასჭირდება, იმას ათამაშებს", - ეს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა გვითხრა.

ჩვენი მხრივ დავამატებთ, რომ ევრობასკეტზე თითეული ნაკრების მწვრთნელს 14 კალათბურთელის წაყვანის უფლება აქვს. მათგან ყოველი მატჩის წინ 12 კაცი უნდა შეარჩიოს.
ვლადიმერ ბოისას მოედანზე დაბრუნების შემდეგ ქუინტონ ჰოსლის ნაკრებში გამოძახებაზე ლაპარაკიც არ არის, თუმცა, თუ მწვრთნელს დასჭირდა, ჰოსლიც ჩამოვა. ამას კონტრაქტი ავალდებულებს.






.
მკითხველის კომენტარები / 2 /
საერტოდ იფიქროს ფედერაციამ ჯერ რა მცვრტლეია და მერე დანარჩენზე მცვრნელი რომელსაც ერტხელაც არ უნახავს ჩვენი ჩემპიონატი მაგას როგორ უნდა ენდო არ მინდა დავიჯერო მაგრამ დზალიან დიდ ფიასკოს განიცდის ეგრე ჩვენი ნაკრები























английский язык курсы
lashare
01:33 20-02-2011
0
ფაქტი ერთია გრინზე ძლიერი მსროლელი გვჭირდება, ფედერაცია კი მგონი თავს ვერ ართმევს უკეთესის მოძიებას
vikrami
20:12 19-02-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული