როგორ მოვხვდეთ 2019 წლის საკალათბურთო მუნდიალზე?

AutoSharing Option
ქართველი გულშემატკივარი მოუთმენლად ელის ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის წილისყრას. 22 ნოემბერს, სტამბოლში გაირკვევა, რომელ ქვეყანაში, რომელ ჯგუფში მოვხვდებით და ვინ იქნება ჩვენი მეტოქე.

ევრობასკეტი 2017-ის შემდეგ ევროპული კალათბურთის ისტორია მთლიანად შეიცვლება. თუ აქამდე კონტინენტური პირველობა ორ წელიწადში ერთხელ იმართებოდა, 2017-ის შემდეგ ოთხწლიან ციკლში ჩაჯდება. მომდევნო ევროპის ჩემპიონატი 2021 წელს იგეგმება. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ფიბამ, რომელმაც თავისი ძალაუფლება ყველა რეგიონულ ორგანიზაციაზე განიმტკიცა, მათ შორის ფიბა-ევროპაზე.

ლოგიკურად ჩნდება შეკითხვა: რა უნდა ვაკეთოთ 2021 წლამდე? ამ საკითხზე ფიბას ბევრი აქვს ნაფიქრი და გადაწყვეტილია,
რომ კალათბურთში ისეთივე კალენდარი ჩამოყალიბდეს, როგორც ფეხბურთში - ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები ოთხ წელიწადში ერთხელ გაიმართოს.

მარტივად რომ ვთქვათ, ამა თუ იმ ნაკრების ოთხი წელი ასეთი იქნება: პირველ წელს მუნდიალის შესარჩევი, მეორე წელს მუნდიალი, მესამეს ევრობასკეტის შესარჩევი, მეოთხეს ევრობასკეტი. შუალედში, რა თქმა უნდა, ოლიმპიადა ჩაჯდება, ოღონდ მას ცალკე შესარჩევი არ ექნება, გუნდები მსოფლიო ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგების მიხედვით მოხვდებიან ოლიმპიურ თამაშებზე.

მუნდიალი 2019
გავარკვიეთ, რომ 2017 წლის შემდეგ ევრობასკეტი 2021-ში ჩატარდება. მანამდე, 2019 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი გველის.

ჯერ ფორმატზე: მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა - მასში 5 აფრიკული, 7 ამერიკული, 8 აზია-ოკეანეთისა და 12 ევროპის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. სულ 32.

მუნდიალზე ორი ჯგუფური ეტაპი რომ გაიმართება, ამ და სხვა ნიუანსებს ახლა არ ჩავუღრმავდებით, სადღეისოდ ჩვენთვის საინტერესოა, რა გზა უნდა გავიაროთ, რომ მუნდიალი 2019-ზე მოვხვდეთ.

დავიწყოთ იქიდან, რომ 2017 წელს ევრობასკეტის დასრულების შემდეგ გუნდები ორ დივიზიონად გაიყოფა. პირველში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მაძიებელი ნაკრებები მოხვდებიან, მეორეში - ევრობასკეტი 2021-ის. რადგან საქართველოს ნაკრები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს, პირველ დივიზიონში მოხვდება, რომლის მატჩებიც 2017 წელსვე დაიწყება.

აი, ყველაზე მთავარი ცვლილება, რაც ფიბას ფორმატის შეცვლას მოჰყვა: თუ 2003 წლიდან 2017-მდე ევროპული ნაკრებები წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი თვე თამაშობდნენ ოფიციალურ მატჩებს, ამიერიდან შეხვედრები მთელ კალენდარულ წელზე გადანაწილდება და ქომაგს 11-თვიანი მოლოდინი აღარ მოუწევს.

პირველი დივიზიონი იგივე მუნდიალის შესარჩევი ციკლია. იგი ორ ეტაპად გაიმართება. პირველზე ევროპის 32 საუკეთესო ნაკრები (ესპანეთიან-ლიტვიანად) 8 ოთხგუნდიან ჯგუფად გაიყოფა, საიდანაც სამ-სამი საუკეთესო მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადავა. 8 ჯგუფის ბოლოადგილოსნები კი მეორე დივიზიონის საუკეთესოებთან ერთად განაგრძობენ გზას ევრობასკეტი 2021-სთვის.

პირველი დივიზიონის საწყის ეტაპზე მატჩები ასე განაწილდა: 2017 წლის 20-28 ნოემბერი (რაც იმას ნიშნავს, რომ ევრობასკეტის შემდეგ ჩვენს ნაკრებს ორ თვეში კიდევ ექნება ორი ოფიციალური მატჩი), 2018 წლის 19-27 თებერვალი, 2018 წლის 25 ივნისი-3 ივლისი.

დავასახელეთ 6 რიცხვი. ოთხგუნდიან ჯგუფში ჩვენს ნაკრებს სწორედ 6 შეხვედრის ჩატარება მოუწევს (შინ და გარეთ). ყველა მატჩს ოქროს ფასი ექნება: მართალია, მეორე შესარჩევ ეტაპზე ოთხიდან სამი გადის, მაგრამ იქ იქმნება ოთხი ექვსგუნდიანი ჯგუფი. ექვსიდან სამი პირველი ეტაპის ერთი ჯგუფის წარმომადგენელი იქნება.

მარტივად რომ ავხსნათ, მაგალითი მოვიხმოთ: ვთქვათ, პირველ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ჯგუფში მოხვდა ესპანეთთან, იტალიასა და რუსეთთან. ბოლო ადგილზე რუსეთი გავიდა, ის ბრძოლას 2021 წლის ევრობასკეტისთვის განაგრძობს. საქართველო, იტალია და ესპანეთი კი მუნდიალი 2019-ის მეორე შესარჩევ ეტაპზე გადავლენ.

სამივე ერთ ჯგუფში მოთავსდება სხვა ჯგუფის ტრიოსთან ერთად. საქართველოს, იტალიასა და ესპანეთს საწყის ეტაპზე ერთმანეთში მოგროვილი ქულები გადაჰყვებათ და ურთიერთში საქმის ხელახლა გარჩევა აღარ მოუწევთ. ისინი დანარჩენ სამ გუნდთან შინ და გასვლაზე ექვს მატჩს ითამაშებენ.

საბოლოოდ ყველას 10-10 თამაში მოუგროვდება და სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა მუნდიალის მონაწილეთა ვინაობა - მეორე ეტაპის თითო ჯგუფიდან მსოფლიოზე 3-3 საუკეთესო ითამაშებს.

კინაღამ გამოგვრჩა მეორე შესარჩევი ეტაპის მატჩების განრიგი: 2018 წლის 3-18 სექტემბერი, 2018 წლის 26 ნოემბერი-4 დეკემბერი, 2019 წლის 18-26 თებერვალი.

ესეც ასე, მსოფლიოს ჩემპიონატსაც მივადექით, რომელსაც ოფიციალურად ასე ჰქვია: ფიბას საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატი 2019. მას ჩინეთი უმასპინძლებს.

ევრობასკეტი 2021
გგონიათ ყველაფერი მუნდიალზე მოხვედრით დასრულდა? მას ხომ ოლიმპიადა მოსდევს (2020 წელს)?! ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მსოფლიოს ჩემპიონატის რჩეული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.

ხოლო ისინი, ვინც 2020 წელს ოლიმპიადით არ იქნებიან დაკავებულნი, კონტინენტური ჩემპიონატებისთვის ითამაშებენ შესარჩევს. ევროპაში საქმე ასე იქნება: 2019, 2020 და 2021 წლებში გაიმართება ორი შესარჩევი ეტაპი. პირველზე ითამაშებენ ის გუნდები, რომლებიც 2019 წლის მუნდიალზე ვერ მოხვდნენ (მეორე დივიზიონიდან გადმოსულები და მსოფლიოს შესარჩევის მეორე ეტაპიდან გამოვარდნილები).

ევროპის ჩემპიონატის მეორე შესარჩევზე "ბებერი კონტინენტის" საუკეთესო 32 ნაკრები მოიყრის თავს, ოთხგუნდიან 8 ქვეჯგუფად განაწილდება და ევრობასკეტის საგზურს თითოეული ჯგუფის სამი საუკეთესო მიიღებს (სულ 24).

მკითხველს უნდა დავეთანხმოთ, ერთ მცირე სტატიაში მომდევნო 5 წლის გათამაშებებისა და მათი ფორმატის მარტივად ჩატევა რთულია. თუმცა ვეცადეთ, ეს პუბლიკაცია ზედმეტობებით არ დაგვეტვირთა და გულშემატკივრისთვის მარტივად აღსაქმელი ყოფილიყო.

დანარჩენს მომავალი ხუთი წელი გვიჩვენებს. ჩვენს ნაკრებს ჯერ ევრობასკეტი აქვს სათამაშო, რომელიც გლობალურადაც ისტორიულია და ქართველებისთვისაც შესაძლოა, სწორედ ასეთი აღმოჩნდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
mundial (ესპანურად)-world(ინგლისურად)
zviadi
11:54 21-10-2016
0
ხალხო მუნდიალი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს კი არ აღნიშნავს მარტო :))
მუნდიალი- ნიშნავს მსოფლიოს ქართულად. ვაი ჩვენს პატრონს, მუნდიალი მარტო პეხბურტის ჩემპიონატი რომ გგონიართ :D
daCi
16:53 19-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული