დიღმის ბაზა ნაკრებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები წლეულს ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ეს ყველას გვახარებს, მაგრამ ამავე დროს არ უნდა დავივიწყოთ: ასეთ წარმატებულ გუნდს ერთიორად მეტი ყურადღება სჭირდება. საქართველოს ნაკრები შესაძლოა ევრობასკეტის მონაწილეთა შორის იმ იშვიათთაგანია, რომელსაც ბაზა არ გააჩნია.

ჰოდა, მას მერე, რაც გაირკვა, რომ საფეხბურთო "დინამოს" ახალი სპონსორი საკალათბურთო "დინამოს" ყიდვას არ აპირებს, ხოლო დიღმის კალათბურთელთა ბაზა ბანკშია დაგირავებული, ვეტერანმა სპორტსმენებმა გადაწყვიტეს, ქვეყნის პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისადმი წერილით მიემართათ. წერილში ნათქვამი იყო, რომ საქართველოს ნაკრებს მოსამზადებელი ბაზა არ აქვს. კარგი იქნებოდა, თუ "დინამოს" დიღმის ბაზა
კალათბურთის ფედერაციის განკარგულებაში გადავიდოდა და ნაკრებს დაეთმობოდა.

ცხადია, ამ საკითხის გადაწყვეტა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალა და ამ უწყების მინისტრი ლადო ვარძელაშვილი კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებსა და ვეტერანებს სამინისტროში ესაუბრა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია  სპორტის სამინისტროს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ჭანიშვილმა მოგვაწოდა:

- სპორტის მინისტრისა და ვეტერანების შეხვედრისას რამდენიმე საკითხზე გამახვილდა ყურადღება. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი "დინამოს" დიღმის ბაზის ამბავი იყო. ეს ობიექტი ბანკშია ჩადებული. სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ვეტერანებს დაჰპირდა, რომ აქტიურად ჩაეთვება პრობლემის მოგვარებაში. დიღმის საკალათბურთო ბაზის კალათბურთის ფედერაციის დაქვემდებარებაში გადასვლის შემთხვევაში ეროვნულ გუნდს ექნება საკუთარი ბაზა, რაც აუცილებელია ნებისმიერი გუნდისთვის, მით უმეტეს, წარმატებული საკალათბურთო ნაკრებისთვის.

რადგან მთავრობა საქმეში აქტიურად ჩაერთო, უნდა ვივარაუდოთ, რომ "დინამოს" ბაზის გამოსყიდვა ზაფხულამდე მოხერხდება და საქართველოს ნაკრები აგვისტოში დიღომში მოემზადება. ამ საქმის მოგვარება დიდი შვება იქნება ასაკობრივი ნაკრებებისთვისაც.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული