თორნიკე შენგელია: შესაძლოა გუნდთან ვარჯიში მომავალ კვირაში განვაახლო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი თორნიკე შენგელია ამ დღეებში ტრავმირებულ ფეხზე რენტგენს გადაიღებს და თუკი ყველაფერი მწყობრში ექნება, გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგება. ახლა კი იგი ინდივიდუალურად - ტრენაჟორებზე და აუზში ვარჯიშობს.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ფორვარდმა ტრავმა დაახლოებით ერთი თვის წინ მიიღო და გაბზარული ძვლით ერთი შეხვედრაც ითამაშა. დღეს შენგელიას ბელგიაში შევეხმიანეთ და ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოვკითხეთ.

- თვეზე მეტი გავიდა, რაც ტრავმა მაქვს და ექიმებმა გაბზარული ძვლის მდგომარეობა ხელახლა უნდა შეამოწმონ. როგორც მითხრეს, რენტგენს კვირას, ან ორშაბათს გადავიღებ. თავდაპირველი ვარაუდით, 2
თვე, შესაძლოა, მეტიც, ფეხს ვერ დავტვირთავდი, თუმცა ექიმებმა თქვეს, რადგან ახალგაზრდა ხარ, შესაძლოა, გაბზარული ძვლის რეაბილიტაცია ვადაზე ადრე მოხდეს და მხოლოდ ერთი თვე მოგიწიოს უქმად ყოფნაო.

- თავად როგორ გრძნობ, ძვალი შეხორცებული იქნება?
- რა შედარებაა, ახლა უკეთესად ვარ. თავიდან სიარულის დროს ფეხი მტკიოდა, ახლა კი ტკივილს აღარ ვგრძნობ. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, შესაძლოა ყველაფერი მწყობრში იყოს და ექიმებმა გუნდთან შეერთების საშუალება მომავალ კვირაში მომცენ.

- ტრავმის შემდეგ რას აკეთებდი, ვარჯიში საერთოდ აგიკრძალეს?
- ფეხზე ძვალი გაბზარული რომ მქონდა, გვიან გავიგე და ასეთ მდგომარეობაში ერთი მატჩი ვითამაშე. დიაგნოზი რომ დამისვეს, ექიმებმა ფეხის დატვირთვა სასტიკად ამიკრძალეს, რათა ტრავმა კიდევ უფრო არ გამრთულებოდა. რამდენიმე დღე მთლიანად დავისვენე, შემდეგ კი ისეთ ვარჯიშებს შევუდექი, რომლის დროსაც ფეხს ძალა არ ადგებოდა. ვვარჯიშობდი ტრენაჟორებზე, ასევე აუზში.

- გუნდთან ვარჯიშის ნება რომ დაგრთონ, ძველებურ ფორმაში შესასვლელად რამდენი ხანი დაგჭირდება?
- ძნელი სათქმელია, თუმცა ვფიქრობ, რომ დიდი დრო არ უნდა დამჭირდეს, რადგან ყველანაირად ვცდილობდი, ფიზიკური ფორმა შემენარჩუნებინა.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული