ოფიციალურად: ხელი მოწერილია, ვიქტორ სანიკიძე სიენელია

AutoSharing Option
ორშაბათის ნომერში შემოგთავაზეთ სტატია, რომელსაც ვიქტორ სანიკიძის კომენტარი დავურთეთ - სიენას "მონტეპასკისთან" კონტრაქტს დღე-დღეზე გავაფორმებო. ჰოდა, ხელმოწერის დღეც დადგა. ვიქტორმა იტალიურ გრანდთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

- ხელშეკრულება 2+1 სისტემისაა, - გვითხრა ვიქტორმა 11 ივლისს, - ასე რომ, მინიმუმ მომდევნო ორ წელიწადს სიენაში გავატარებ. სამედიცინო შემოწმებისთვის ახლა მინდოდა ჩასვლა, მაგრამ ვერ მოხერხდა, რადგან მედპერსონალი ამჟამად შვებულებაშია.

ამიტომ ნაკრების ავსტრიული შეკრებიდან მომიწევს იტალიაში გადასვლა, სამედიცინო შემოწმებას გავივლი და ავსტრიაში მალევე დავბრუნდები. ახალი სეზონისთვის მზადებას "მონტეპასკისთან" ერთად სექტემბერში, სანაკრებო მატჩების დასრულების შემდეგ შევუდგები.

როგორც ყველგან ხდება, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შემდეგ ორ-სამ დღეს მომცემენ დასასვენებლად...


სანიკიძე მესამე ქართველია, რომელსაც "მონტეპასკის" მაისურა მოურგია: 2005-07 წლებში სიენაში ვლადიმერ ბოისა თამაშობდა, ხოლო ახალგაზრდა ნიკა მეტრეველს ამ კლუბთან ახლაც აკავშირებს კონტრაქტი, თუმცა განათხოვრების წესით შარშან "დინამო სასარიში" იასპარეზა.

რაც შეეხება სანიკიძეს, მას "მონტეპასკის" გარდა, სანკტ-პეტერბურგის "სპარტაკი", ესპანეთის "ვალენსია" და ყაზანის "უნიქსი" ეპატიჟებოდნენ. საბოლოოდ სად გადაწყვიტა თამაში, თავადაც მოგეხსენებათ.

ისიც უნდა ითქვას, რომ "მონტეპასკიში" წლეულს სერიოზული რეფორმები ხორციელდება. შარშანდელი შემადგენლობიდან გუნდში მხოლოდ ფორვარდი დევიდ მოსი დარჩა (რომელიც ორი წლის წინათ "ვირტუსში" ვიქტორთან ერთად თამაშობდა).

სანიკიძესთან ერთად "მონტეპასკიში" გადავიდა პესაროელი დანიელ ჰაკეტი. დანარჩენი ახალწვეულების ვინაობას ახლო მომავალში შევიტყობთ.

ასევე შეიცვალა მთავარი მწვრთნელი - სიმონე პიანიჯანი მისმა ასისტენტმა ლუკა ბანკიმ ჩაანაცვლა. სხვათა შორის, 2006-07 წლების სეზონის შემდეგ ამ გუნდში მთავარი მწვრთნელი კარლო რეკალკატი მისმა თანაშემწე სიმონე პიანიჯანიმ შეცვალა და გუნდის თავკაცად 6 წელი იმუშავა.

სანიკიძის სიენურ გრანდში გადასვლა იმიტომაცაა სასიამოვნო, რომ "მონტეპასკი" ევროლიგაზე ყოველთვის მაღალ მიზნებს ისახავს (26 წლის, 203 სმ სიმაღლის ქართველ ფორვარდს ევროლიგაზე ჯერ არ უთამაშია).

არც წლეულს უნდა ჰყავდეს მოკრძალებული გუნდი და იმედი დავიტოვოთ, რომ ევროლიგაზე თავის გამოჩენა სანიკიძეს მომავლისთვის აუცილებლად წაადგება.

ჯგუფურ ეტაპზე "მონტეპასკის" მეტოქეები იქნებიან გიორგი შერმადინის "მაქაბი", გერმანიის "ალბა", ესპანეთის "უნიკახა", პოლონეთის "პროკომი" და საფრანგეთის "შალონი". მომდევნო ეტაპზე საუკეთესო ხუთეული გადის.

ევროლიგისთვის მზადებას "მონტეპასკი" იდეალურ პირობებში გაივლის - ოქტომბრის დასაწყისში იტალიის ჩემპიონები ამერიკაში არიან მიწვეულნი, 6-ში "სან ანტონიო სპურსს" დაუპირისპირდებიან, 8-ში - "კლივლენდ კავალიერსს". ეს ვიქტორისთვისაც სერიოზული გამოცდა იქნება... გემახსოვრებათ, რომ 2004 წლის დრაფტზე იგი სწორედ "სან ანტონიომ" აიყვანა.

ვიქტორ სანიკიძის სიტყვებით დავამთავროთ:

- იტალიაში ყველა ყველას იცნობს. მატჩების დაწყებამდე ყოველთვის თბილად მესალმებოდა "მონტეპასკის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ლუკა ბანკი, რომელიც აქამდე ასისტენტად მუშაობდა.

კონტრაქტი სიენელებთან გაფორმებული არ მქონდა (თუმცა ყველაფერი შეთანხმებული იყო), როცა ბანკიმ დამირეკა და ვრცლად მელაპარაკა. ვისაუბრეთ გუნდზე, სამომავლო პერსპექტივებზე.

მწვრთნელს ისიც აინტერესებდა, რატომ გადავწყვიტე მაინცდამაინც "მონტეპასკიში"
ადასვლა. იმავე დღეს ჩემს აგენტს ველაპარაკე, რომელმაც მითხრა, მწვრთნელი კმაყოფილი დარჩაო. ახალ დამრიგებელთან საუბარი ჩემთვისაც საინტერესო იყო.

ვიქტორი პლუს ერთი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული