მანუჩარ მარკოიშვილის "ბომბა" და ვიქტორ სანიკიძის 13 მოხსნა ევროლიგაზე

AutoSharing Option
"მანუჩარ მარკოიშვილის შორეულმა "ბომბამ" რუსული "ხიმკის" ყოველგვარი იმედი დაასამარა, "კანტუ" 61:48 დაწინაურდა, რაც უკვე გამარჯვებას ნიშნავდა", - ვკითხულობთ იტალიურ გაზეთ "დეილიბასკეტში".

სამქულიანამდე ორწუთიან მონაკვეთში მანუმ ორჯერ ჩაჭრა, ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა, მანამდეც თანაგუნდელებთან ერთად მტკიცედ იდგა დაცვაში (თუმცა შეტევაში რამდენიმე ტყორცნა გაუცუდდა) და რუს კომენტატორს ათქმევინა: ყველა-ყველას აზღვევს, ასეთი შემჭიდროვებული დაცვის წინააღმდეგ ხიმკელებს შანსი არ აქვთო.

მოკლედ, "კანტუმ" ევროლიგის ჯგუფურ ეტაპზე წლეულს პირველი გამარჯვება მოიპოვა - 67:54. მანუჩარმა 29 წუთში 6 ქულა (6-დან 1 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი, 2-დან 1
საჯარიმო), 4 მოხსნა, 3 ჩაჭრა, და 4 პასი მოაგროვა.

* * *

იმდენად საოცარი სანახავი გამოდგა "უნიკახა"-"მონტეპასკის" დაპირისპირება, რომ ფორტუნამ მატჩის ძირითად დროში დასრულება არ ინება.

არადა, ვიქტორს ბოლო წამებზე მეორე ჯარიმაც რომ ჩაეგდო, იტალიელები შინ ტრიუმფით დაბრუნდებოდნენ. ასეა თუ ისე, წაგება საკუთარ თავს უნდა დააბრალონ - მეოთხე პერიოდში 14 ქულის სხვაობით იგებდნენ და, როგორც გითხარით, მეტოქეს გათანაბრების შანსი მისცეს.

ოვერტაიმში გადამწყვეტი მალაგელი ერლ კალუეის ორქულიანი აღმოჩნდა, რომლის შემდეგ სიენელებს 17 წამი ჰქონდათ, თუმცა ბურთი ვერ ჩააგდეს და 89:91 დამარცხდნენ.

ვიქტორ სანიკიძე "მონტეპასკის" ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო. ამაში მისი მონაგარიც დაგარწმუნებთ: 27 წუთი, 8 ქულა (5-დან 1 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 13 მოხსნა და 1 პასი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული