თორნიკე შენგელიამ "ჰიუსტონთან" უნივერსალიზმი გამოავლინა

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიამ ორლანდოში მიმდინარე საზაფხულო ლიგაზე პირადსარეკორდო დროით და ყველაზე შედეგიანად ითამაშა.

"ჰიუსტონთან" მატჩში ჯეისონ კიდმა ის ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გაამწესა და მოედანზე 31 წუთს დატოვა.

ქართველმა ფორვარდმა უნივერსალიზმი გამოავლინა, რაც, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში თანაბრად კარგ თამაშში გამოიხატა.

დავიწყოთ იმით, რომ თორნიკემ 6 ჩაჭრა მიითვალა, რაც არათუ ამ, საზაფხულო ლიგის არც ერთ შეხვედრაში ვერავის მოუხერხებია.

შენგელიამ 5-დან 4 ორქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, შორი სროლები კი არ წაუვიდა და 3-დან სამივე სამქულიანი ააცილა. ქართველ ფორვარდს 9 ქულა დაუგროვდა,
რასაც ზემოთ ნახსენები 6 ჩაჭრა, 4 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მოაყოლა.

ბრუკლინელებმა მატჩის პირველი მეოთხედი საშინლად ითამაშეს, რომელიც 6:25 წააგეს და ამის შემდეგ გამარჯვების მოპოვების შანსიც აღარ ჰქონიათ. შენგელიას გუნდმა საბოლოოდ 76:92 წააგო. "ნეთსში" სამმა კალათბურთელმა დააგროვა 15-15 ქულა: ტეიშონ ტეილორმა, დემიონ ჯეიმსმა და კარლტონ სკოტმა.

რაც შეეხება ახალწვეულ მეისონ პლუმლის, რომელმაც ლიგა 2 უძლიერესი მატჩით დაიწყო, მორიგი უხეირო მატჩი ჩაატარა: 21 წუთში მხოლოდ 6 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა.

ასე და ამგვარად, "ბრუკლინმა" 4-დან ვერც ერთი მატჩი ვერ მოიგო და საზაფხულო ლიგის ბოლო მატჩს IX-X ადგილებისთვის "ფილადელფიასთან" გამართავს. შეხვედრა 12 ივლისს, ჩვენი დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.

www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული