ქართული ლეგიონი: კარლენ ასეიშვილისა და შალვა სუთიაშვილის წყვილი ლელო

AutoSharing Option
ნოემბრის ტესტების დასრულებისთანავე განახლდა ასპარეზობა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში, სადაც სატურნირო ცხრილის პირველი ოთხი საფეხური ქართველ მორაგბეთა გუნდებს: "ტულონს", "კლერმონს", "სტად ფრანსეს" და "მეტრო რასინგს" უკავიათ.

მე-12 ტურის ცენტრალური მატჩი ტულონში გაიმართა, სადაც მამუკა გორგოძის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას გუნდმა დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონს" უმასპინძლა და 27:19 დაამარცხა.

კოლელიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-11 წუთზე დაშავდა, გორგოძე და ზირაქაშვილი ტრავმირებულნი არიან, მიქაუტაძე
და ჩილაჩავა განაცხადში არ იყვნენ. ამ გამარჯვების შემდეგ ტულონელებმა "ვულკანებს" ერთი ქულით გაასწრეს და გალიდერდნენ.

"კლერმონს" ერთი ქულით ჩამორჩება ზურაბ ჟვანიასა და დავით ქუბრიაშვილის "სტად ფრანსე", რომელმაც შინ დაამარცხა ანტონ ფეიქრიშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გოდერძი შველიძის "ბრივი" - 20:17.

მასპინძლები უპირატესობას მატჩის დაწყებისთანავე დაეუფლნენ და ანგარიშშიც საგრძნობლად დაწინაურდნენ. სტუმრებმა ხელი თამაშის დასკვნით ათ წუთშიღა გამოიღეს. 74-ე წუთზე ასეიშვილმა, რომელმაც 47-ე წუთზე შველიძე შეცვალა, ლელო გაიტანა, თუმცა თავისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.

ჟვანია მოედანზე მე-60 წუთიდან გამოჩნდა, ქუბრიაშვილი და ფეიქრიშვილი განაცხადში არ იყვნენ.

დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგს" 33 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა. პარიზელებმა სტუმრად შეძლეს "კასტრის" დამარცხება 14:9. ხინჩაგიშვილი ტრავმირებულია.

საპლეიოფო ზონასთან ახლოს იმყოფება ზაზა ნავროზაშვილის "ბორდო", რომელიც სტუმრად დამარცხდა "ოიონაქსთან" - 23:28. შერკინების ქართველ ბურჯს არ უთამაშია.

ბორდოელებს ერთი ქულით ჩამორჩება ვასილ კაკოვინის "ტულუზი", რომელმაც შინ მოულოდნელად წააგო "გრენობლთან" - 22:25. კაკოვინი ძირითად შემადგენლობაში იყო და 45-ე წუთზე შეცვალეს.

ტულუზელებს კვალში უდგას მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე", რომელმაც სტუმრად წააგო დივიზიონის დებიუტანტ "ლიონთან" - 20:23. ნარიაშვილმა სრულად ითამაშა.

ჩვენებურის გუნდი ახლა 27 ქულით მე-8 ადგილზეა, რაც გუნდიდან მამუკა გორგოძის წასვლას უნდა დავაბრალოთ. "მონპელიედან" ახლახან დაითხოვეს შერკინების არგენტინელი მწვრთნელი მარიო ლედესმა.

დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელი", რომელიც შინ ფრეს დასჯერდა გიორგი ჟღენტის "ბაიონთან" - 19:19. ყაულაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, ჟღენტი მოედანზე 72-ე წუთიდან გამოჩნდა.

I დივიზიონი
XII ტური
ტულონი-კლერმონი 27:19, კასტრი-მეტრო რასინგი 9:14, ლა როშელი-ბაიონი 19:19, ლიონი-მონპელიე 23:20, ოიონაქსი-ბორდო 28:23, ტულუზი-გრენობლი 22:25, სტად ფრანსე-ბრივი 20:17.

სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 37 ქულა, 2. კლერმონი - 36, 3. სტად ფრანსე - 35, 4. მეტრო რასინგი - 33, 5. გრენობლი - 32, 6. ბორდო - 29, 7. ტულუზი - 28, 8. მონპელიე - 27, 9. ოიონაქსი - 25, 10. ბაიონი - 23, 11. ბრივი - 23, 12. ლიონი - 22, 13. ლა როშელი - 21, 14. კასტრი - 20.

XIII ტური
ბაიონი-ბორდო, ბრივი-ოიონაქსი, კლერმონი-კასტრი, გრენობლი-სტად ფრანსე, მონპელიე-ტულუზი, მეტრო რასინგი-ლა როშელი, ტულონი-ლიონი.

* * *
მეორე დივიზიონში პირველი წრე დასასრულს უახლოვდება. აქ დამაჯერებლად ლიდერობს გიორგი ნაცარაშვილის "პო". ჩვენებურის ეს გუნდი 13 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ "მონ დე მარსანს", რაც საკმაოდ დიდი უპირატესობაა.

"პომ" მე-13 ტურში სტუმრად ითამაშა "მონტობანთან" და დაძაბულ ბრძოლაში 24:22 მოიგო. მატჩის არბიტრმა მოედნიდან ოთხი მორაგბე გაასინბინა, აქედან სამი სტუმართა გუნდის მოთამაშე იყო. ნაცარაშვილი თამაშში 50-ე წუთიდან ჩაერთო.

ბექა შეყლაშვილისა და ვახტანგ მაისურაძის "ალბის" 35 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.

ჩვენებურთა ამ გუნდმა სტუმრად წააგო სწორედ უშუალო კონკურენტ "მონ დე მარსანთან" - 17:26. ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო.

საპლეიოფო ზონაში მოხვედრისთვის იბრძვის დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის "პერპინიანი", რომელიც შინ ფრეს დასჯერდა ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკთან" - 15:15. ქართველთაგან მხოლოდ დათუნაშვილმა ითამაშა, მან მოედანზე თავიდან ბოლომდე დაჰყო.

უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა საკუთარ მოედანზე ლაშა ლომიძის "ბეზიემ". ლანგედოკელებმა ამჯერად "კარკასონს" მოუგეს - 16:12. ლომიძე თადარიგში იყო და თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო. "ბეზიე" პლეი ოფში მოხვედრის შანსს ისევ ინარჩუნებს.

ოდნავ უარესი მდგომარეობა აქვს თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენს", რომელმაც შინ მოუგო "დაქსს" - 22:17. თეთრაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს, მჭედლიძეს არ უთამაშია.

გიორგი ნემსაძის, ირაკლი მირცხულავასა და კახაბერ კობერიძის "ტარბმა" შინ მოუგო შალვა სუთიაშვილის, დავით დადუნაშვილის, დავით აშვეთიას, ელიზბარ ყუფარაძისა და ვახტანგ ახობაძის "მასის" - 26:7.

სუთიაშვილმა, რომელმაც სრულად ითამაშა, 79-ე წუთზე ლელო გაიტანა, აშვეთია 48-ე წუთზე ყუფარაძემ შეცვალა და ერთ წუთში მატჩის არბიტრმა სინბინში გაუშვა, ნემსაძე მე-6 წუთზე შეცვალეს, მირცხულავა იმავდროულად ჩაერთო თამაშში, სხვა ქართველი მორაგბეები განაცხადში არ იყვნენ.

II დივიზიონი
მონტობანი-პო 22:24, აჟენი-დაქსი 22:17, ბეზიე-კარკასონი 16:12, პერპინიანი-ორიაკი 15:15, ტარბი-მასი 26:7, კოლომიე-ბურგუენი 24:17, მონ დე მარსანი-ალბი 26:17, ნარბონი-ბიარიცი (გადაიდო).

სატურნირო მდგომარეობა
1. პო - 48 ქულა, 2. მონ დე მარსანი - 35, 3. ალბი - 35, 4. კოლომიე - 34, 5. პერპინიანი - 32, 6. ორიაკი - 32, 7. ბეზიე - 31, 8. მონტობანი - 30, 9. ბიარიცი - 30, 10. აჟენი - 29, 11. კარკასონი - 24, 12. მასი - 24, 13. ტარბი - 23, 14. ნარბონი - 21, 15. დაქსი - 18, 16. ბურგუენი - 17.

XIV ტური
ალბი-პერპინიანი, ორიაკი-მონ დე მარსანი, ბიარიცი-კოლომიე, ბურგუენი-ნარბონი, კარკასონი-აჟენი, დაქსი-ბეზიე, მასი-მონტობანი, პო-ტარბი.

* * *
განახლდა ინგლისის ჩემპიონატიც, სადაც საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭის, შალვა მამუკაშვილის "სეილ შარქსმა" წარმატებას მიაღწია. მე-9 ტურში "ზვიგენებმა" სტუმრად ითამაშეს "ნიუკასლთან" და 18:13 დაამარცხეს. მამუკაშვილი თამაშში 66-ე წუთიდან ჩაერთო. "სეილ შარქსი" ახლა 24 ქულით მე-6 ადგილზეა და პლეი ოფში მოხვედრის შანსი გაუჩნდა.

ინგლისი
IX ტური
ბასი-ჰარლიქვინზი 25:6, ლესტერ ტაიგერზი-ვოსფსი 18:16, ექსეტერი-სარასენზი 27:19, ლონდონ აირიში-გლოსტერი 9:21, ლონდონ ველში-ნორსჰემპთონი 14:43, ნიუკასლი-სეილ შარქსი 13:18.

სატურნირო მდგომარეობა
1. ნორსჰემპთონი - 35 ქულა, 2. ბასი - 33, 3. ექსეტერი - 32, 4. სარასენზი - 25, 5. ლესტერ ტაიგერზი - 25, 6. სეილ შარქსი - 24, 7. ვოსფსი - 21, 8. გლოსტერი - 20, 9. ჰარლიქვინზი - 19, 10. ნიუკასლი - 14, 11. ლონდონ აირიში - 12, 12. ლონდონ ველში - 1.

X ტური
სეილ შარქსი-ექსეტერი, გლოსტერი-ბასი, ჰარლიქვინზი-ნიუკასლი, ნორსჰემპთონი-ლესტერ ტაიგერზი, სარასენზი-ლონდონ ველში, ვოსფსი-ლონდონ აირიში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული