თორნიკე შენგელია: ძალიან ცუდი რამ მოხდა...

AutoSharing Option
ევროპულ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა კვირის მატჩში თორნიკე შენგელიასა და დეიან ტოდოროვიჩის შეხლა-შემოხლას, რომელმაც ორივე გუნდის კალათბურთელები ჩაითრია.

შეგახსენებთ, რომ ეს ინციდენტი ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში, "ბილბაოსა" და "ბასკონიას" მატჩის (93:75) ბოლო წამებზე მოხდა. საინტერესო იყო ტრიბუნების რეაქცია - გულშემატკივარი თოკო-თოკოს სკანდირებდა. ცხადია, ეს "ბასკონიას" ქომაგები იქნებოდნენ, რომლებიც ბასკურ დერბიში უხვად იყვნენ.

როცა სიტუაცია ჩაწყნარდა, შენგელია მოედნის კიდესთან, ჩხუბის ადგილთან მჯდომ ბავშვთან მივიდა, მოეფერა და მოუბოდიშა. გამოცემა "მარკამ" ზემოთ აღწერილი ეპიზოდი კარგად განიხილა, ვიდეოჩანაწერიც დაურთო და დასძინა - შენგელიას ბავშვთან
მისვლა ამ არასასიამოვნო ამბის ერთადერთი დადებითი მომენტი იყოო.


ესპანური მედია იმასაც ვარაუდობს, რომ რამდენიმე კალათბურთელს დისკვალიფიკაცია არ ასცდება. მათ შორის თოკოც იქნება, თუმცა ჯერ უცნობია, რა სანქციებს გამოუტანენ დისციპლინარები.

ამასობაში გამოცემა "სოლობასკეტში" "ბასკონიას" მთავარი მწვრთნელ იბონ ნავაროს კომენტარი გამოქვეყნდა, რომელმაც მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე შეგირდებს საქციელი არ მოუწონა:

"ის, რაც მოედანზე ვნახეთ, სამარცხვინო იყო. ეს კალათბურთია და მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს".

ვიტორიაში დავუკავშირდით თორნიკე შენგელიას, რომელმაც ზემოთ ნახსენები ინციდენტის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა:

"არასასიამოვნო ეპოზოდი იყო და ნამდვილად არ მინდა გახსენება. ძალიან ცუდი რამ მოხდა, მით უმეტეს, რომ იმ ადგილას იყო ბავშვი, რომლისთვისაც ჩხუბის ხილვა, რა თქმა უნდა, სტრესი იქნებოდა.

მოვლენები ისე სწრაფად დატრიალდა, ადამიანები ვართ და ემოციების შეკავება ვერ შევძელით".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული