გივი ბაქრაძის 24-ქულიანი სანაკრებო განაცხადი

AutoSharing Option
ვითიბი ლიგაზე ფინური გუნდი თამაშობს, "ნილან ბიზონსი". ბოლოსწინა ტურში ჩეხეთში "ნიმბურკი" დაამარცხა, ბოლო ტურში რუსეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ "ხიმკისთან" სამი ქულის სხვაობით დათმო.

ამ შედეგებიდან ნათლად ჩანს, რომ "ბიზონსი" სერიოზული გუნდია და არც ის გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვით - ფინეთის ჩემპიონატის მთავარი ფავორიტია.

ნილანელთა მოკლე დახასიათება იმიტომ დაგვჭირდა, რომ წარმოდგენა შეგვქმნოდა გივი ბაქრაძის დამსახურებაზე - ლაპუას "კორიკობრატის" ქართველმა გამთამაშებელმა, ფაქტობრივად, მარტომ დაამარცხა "ნილან ბიზონსი".

ლაპუელთა თავკაცმა დერიკ გრეიტონმა გივიკო სასტარტო ხუთეულში დააყენა, სათამაშო დროც საკმარისად გამოუყო და არც ინანა: ბაქრაძის შეჩერება
"ბიზონსის" უკანახაზელებს ძალიან გაუჭირდათ. ქართველის ანგარიშზე საბოლოოდ 24 ქულა დაფიქსირდა, რაც ფინეთში გადასვლის შემდეგ მისი რეკორდია.

გივის სრულ სტატისტიკასაც გაგაცნობთ და გირჩევთ, ყურადღებით დააკვირდეთ სროლის სიზუსტეს: 32 წუთი, 24 ქულა (9/6 ორქულიანი, 5/3 სამიანი, 3/3 საჯარიმო), 1 პასი, 1 მოხსნა, 2 ჩაჭრა.

ბაქრაძის "კორიკობრატმა" "ბიზონსი" 88:78 დაამარცხა, თუმცა ბოლოსწინა, მეათე ადგილს თავი მაინც ვერ დააღწია. ლაპუელებს 9 მოგების წილ 21 მარცხი აქვთ. მომდევნო მატჩს "ლაჰტისთან" 7 მარტს ჩაატარებენ.

მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი რიკი ჰიკმანი იტალიაში სწორედ ფინეთის ჩემპიონატიდან გადავიდა.

ამ შეჯიბრებაში 24 ქულის ჩაგდება სახუმარო შედეგი ნამდვილად არ არის. გივი ბაქრაძემ "ბიზონსთან" მატჩით სერიოზული სანაკრებო განაცხადი გააკეთა... ისევე, როგორც იტალიაში მოთამაშე გიგა ჯანელიძე, გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვედრას ბაქრაძე ნადვილად იმსახურებს. შემდეგ უკვე მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვის გადასაწყვეტია, ვის შეარჩევს საევრობასკეტო თორმეტეულში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული