დუდა სანაძე: ევროპის კლუბში უნდა დაამტკიცო, რომ NBA-სთვის მზად ხარ

AutoSharing Option
დუდა სანაძემ ამერიკის კოლეჯების ლიგაში სამწლიანი კარიერა დაასრულა. სად ითამაშებს მომავალ სეზონში, ამერიკაში დარჩება თუ ევროპაში დაბრუნდება, ამას ქვემოთ წაიკითხავთ.

დუდასთან ვრცელ ინტერვიუს ჟურნალ "ლელო week"-ში იხილავთ.

საქართველოს ნაკრები
- ყველა ერთზე ვთანხმდებით - იოლად ვერაფერს მივაღწევთ. ისევე, როგორც ჩვენ, მეტოქეებიც სათანადოდ მოემზადებიან და ევრობასკეტზე მოხვედრისთვის ძალას არ დაიშურებენ. დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ გასვლით შეხვედრებს. სტუმრად თამაში ყოველთვის რთულია. გვაქვს პორტუგალიური მაგალითი, სადაც კინაღამ წავაგეთ. 23-ქულიანი ჩამორჩენა ამოვიღეთ.

მთავარი მეტოქე ჩერნოგორია იქნება. ალბათ, ნიკოლა პეკოვიჩი არ ჩამოვა, მაგრამ ითამაშებს ნიკოლა ვუჩევიჩი,
რომელიც მაღალი დონის ფორვარდია. ევროპის წამყვან გუნდებში მოასპარეზე ლეგიონერებიც ჩავლენ და სერიოზული ბრძოლები გველის.

ჩვენი მთავარი ამოცანა ჩერნოგორიასთან პირველი, საშინაო მატჩის მოგება იქნება, რაც შეიძლება დიდი სხვაობით...

მამა, გია სანაძე
- ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი გადაიცემოდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველთათვის მოუხერხებელ დროს, გამთენიისას იყო, მამაჩემს არც ერთი შეხვედრა არ გამოუტოვებია.

კმაყოფილი არასოდესაა. ყოჩაღო, რომ გითხრას, 50 ქულა უნდა ჩააგდო. 38 ქულა რომ მოვაგროვე, კომპლიმენტი მითხრა, თუმცა შემდეგ დეტალურად განვიხილეთ რამდენიმე ეპიზოდი, რა როგორ უნდა გამეკეთებინა.

სარეკორდო მატჩი
- კოლეჯების ლიგის ბოლოსწინა მატჩში ყველაფერი გამომივიდა, ერთი ვისროლე, ჩავაგდე, მეორეც, მესამეც... ასეთ დროს კალათბურთელი ბოლომდე იხსნება. მეც სარეკორდო 38 ქულამდე ავედი.

შემდეგ დაწერეს, ისტორიული შედეგიაო, თუმცა ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ზედიზედ 5 მარცხის შემდეგ გავიმარჯვეთ. თან ქალაქ სან დიეგოში ჩემს ბოლო საუნივერსიტეტო მატჩს ვატარებდი და გულშემატკივარს სამწლიანი ერთგულებისთვის მადლობა თამაშით გადავუხადე.

სან დიეგოში კალათბურთი ძალიან უყვართ, თამაშებზე მხოლოდ სტუდენტები როდი დადიან. ამ წარმატებით ყველამ ძალიან გაიხარა. "ტორეროსში" აღარ ვითამაშებ, მაგრამ მუდამ ვუქომაგებ.

სან დიეგო
- კოლეჯების ლიგის გუნდებში არიან "სინიორები" (რომლებიც ბოლო სეზონს ატარებენ), მეორეწლიანები და ახლები. "სან დიეგოში" მხოლოდ ორი "სინიორი" ვთამაშობდით, ძალიან ახალგაზრდა შემადგენლობა იყო. ასეთი გუნდით კი გაცილებით გამოცდილ მეტოქეებთან გამარჯვება ძალიან ძნელია.

სწორედ ეს იყო ჩვენი წარუმატებლობის მიზეზი.

როლი
- ურიგო ნამდვილად არ არის, როცა გუნდში მთავარი მექულე ხარ. სულ სხვა პასუხისმგებლობაა, სულ სხვანაირად თამაშობ. თუმცა, როგორც იტყვიან, მედალს მეორე მხარეც აქვს - როდესაც მეტოქემ იცის, რომ შენზეა თამაში აწყობილი და შენ უნდა ისროლო, განსაკუთრებით ხისტად გეთამაშება, საუკეთესო დამცველს მოგამაგრებს.

წინა წლებში, ამერიკაში თუ საქართველოს ნაკრებში ბურთებს მხოლოდ მაშინ ვისროდი, როცა თავისუფალ პოზიციაში დავრჩებოდი. წლეულს "სან დიეგოში" თავად მიწევდა სატყორცნი სივრცის გამოთავისუფლება და ბევრჯერ ისეთი რთული სიტუაციიდან მისვრია, სხვა შემთხვევაში კალათისკენაც რომ არ გავიხედავდი.

როდესაც კონფერენციის აუტსაიდერ გუნდში ასპარეზობ, თუნდაც ქულების სიუხვით რთულია NBA-ს გუნდების ყურადღების მიპყრობა. როცა კალათბურთელი წარმატებული გუნდის ლიდერია, მეტია აგენტების ინტერესიც.

ამ ეტაპზე უფრო ევროპაზე ვფიქრობ, კარიერის რომელიმე კარგ გუნდში გაგრძელება მინდა. სწორედ ევროპის კლუბში უნდა დაამტკიცო, რომ NBA-სთვის მზად ხარ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები დუდა!

მონაცემები გაქვს.
შრომაა საჭირო და წარმატებებიც მოვა!
ქომაგი
10:27 11-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული