დრამატულ, დაძაბულ მატჩში ზაზა ფაჩულიას გუნდმა საამაყო გამარჯვება მოიპოვა. ამ მოგებამ დალასელებს მოედნის უპირატესობა მოუტანა. სერიაში ანგარიში გათანაბრდა - 1:1 და მომდევნო 2 შეხვედრა დალასში - 22 და 24 აპრილს გაიმართება.
მატჩი ძალიან დაძაბული იყო, რომლის ფინალური წუთებიც დრამატიზმით სავსე გამოდგა.
შეხვედრის
დასრულებამდე 9 წამით ადრე კევინ დურანტი სამქულიანით მინიმუმამდე ამცირებს ჩამორჩენას, ფელტონი კი საპასუხო შეტევაში ორივე საჯარიმოს აცილებს და ოკლაჰომელებს 7 წამი რჩებათ.
სწრაფ შეტევაში ჯერ დურანს უფარებს დალასელი ჯასტინ ანდერსონი, თუმცა ბურთს რასელ ვესტბრუკი ეუფლება და ისიც აცილებს. მესამე ცდა, რომელიც სტივ ადამსმა შეასრულა, წარმატებული აღმოჩნდა და საფინალო სირენის შემდეგ ოკლაჰომელები გამარჯვებას ზეიმობენ. ზეიმი ხანმოკლე აღმოჩნდა, ვიდეოგადახვევამ აჩვენა, რომ სტივ ადამსს ბურთი ჯერაც ხელში უჭირავს, საფინალო სირენა რომ გაისმის. საბოლოოდ "დალასმა" 85:84 მოიგო.
ქართველმა ლეგიონერმა გამარჯვებაში საკუთარი წილი დაიდო. ზაზა ფაჩულია ძირითადად დაცვითი კუთხით გამოირჩეოდა და მეტოქე ცენტრებს ზღუდავდა. ის სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 20 წუთი გაატარა, რის განმავლობაშიც 6-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 2 ქულით, 6 მოხსნით და 1 ჩაჭრით დაასრულა.
დალასელთა მეორე ცენტრი, ტუნისელი სალაჰ მეჯრი მოედანზე 28 წუთი იმყოფებოდა და თავი 12 ქულას მოუყარა. ყველაზე შედეგიანი ფელტონი გახლდათ 21 ქულა-11 მოხსნით, დირკ ნოვიცკის ანგარიშზე კი 17 ქულა დაგროვდა.
რეგულარულ ჩემპიონატში გალაღებულმა ოკლაჰომას ლიდერებმა დიდი ვერაფერი შედეგიანობა აჩვენეს. დურანტმა 21 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა, რასელ ვესტბრუკმა კი 19 ქულას 14 მოხსნა მოაყოლა.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით