11:06 02-10-2016
"გოლდენ სტეიტში" ზაზა ფაჩულიას დებიუტი სასტარტო ხუთეულში შედგა [VIDEO]
AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტმა" 93:97 წააგო. ოკლენდელთა მწვრთნელმა სტივ კერიმ არც ერთი სასტარტო მეორე ტაიმში არ ათამაშა - საგამოფენო მატჩების დანიშნულება არა შედეგის ჩვენება, არამედ ახალბედების შეთვალიერება, მათი თანაგუნდელებთან ადაპტაცია, ახალ ატმოსფეროსთან შეგუება და გუნდის ლიდერების დასვენებული კუნთების ტონუსში მოყვანაა.
კევინ დიურანტმა ამ მატჩამდე მხოლოდ 3 ვარჯიში ჩაატარა "გოლდენ სტეიტთან". არც კარის და გუნდის სხვა ლიდერებს მოუკლავთ თავი ვარჯიშებით. NBA-ს სეზონი ახლა იწყება, ლიგა გამოღვიძების პროცესშია და საგამოფენო მატჩებში ნაჩვენები შედეგები არანაირად არ განსაზღვრავს მომავალი სეზონის ფავორიტსა თუ აუტსაიდერს. სიმართლე ითქვას, არც "ტორონტოა" ურიგო გუნდი და ვინძლო, შუა სეზონში შინ მართლაც გამოაძროს "ვორიორზთან" გამარჯვება, მაგრამ დღევანდელ მატჩში რომ შედეგს არც ერთი გუნდი მნიშვნელობას არ ანიჭებდა, სასტარტოთა სათამაშო დროიდანაც გამოჩნდა.
სასტარტოთაგან ყველაზე მეტი - 19-19 წუთი დიურანტმა და ტომპსონმა ითამაშეს. 17-17 წუთი დაეთმოთ სტეფ კარის და დრეიმონდ გრინს, ხოლო ზაზა ფაჩულიამ მოედანზე 8 წუთი გაატარა. სასტარტოთაგან 10-ქულიანი ბარიერი 16 ქულით მხოლოდ ტომპსონმა დაძლია. 9 ქულა ჰქონდა დიურანტს, 8 - კარის, 2 - გრინს, ხოლო ქართველმა ცენტრმა 1 ქულა მიითვალა. ზაზამ 2 ორქულიანი ააცილა და 2 საჯარიმოდან 1 გამოიყენა. ქართველი ცენტრის ანგარიშზე 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დაგროვდა. პასივში ზაზას 1 დაკარგვა ჰქონდა, მთლიანობაში კი ამ კომპონენტში "საუკეთესო შედეგი" დიურანტმა, ანდრე იგუდალამ და დევიდ ვესტმა აჩვენეს, რომლებმაც ბურთი 3-3-ჯერ დაკარგეს.
მთლიანობაში მოედანზე "გოლდენ სტეიტის" 18 მოთამაშე გავიდა, რომელთაგან საუკეთესო შედეგი ახალბედა უკანახაზელმა პატრიკ მაკაუმ აჩვენა - 11 ქულა, 5 ჩაჭრა და 4 პასი 22 წუთში. ოკლენდელთა შემადგენლობაში ფაჩულიას გარდა კიდევ ერთი ცენტრი - ჯავალ მაკგი გამოჩნდა, რომელმაც 16 წუთში 5 ქულა, 4 მოხსნა, 3 დაფარება და 1 პასი მიითვალა.
"ტორონტოს" მოთამაშეებზე უპირველესად იონას ვალანჩიუნასზე უნდა ვთქვათ, რომელიც ფაჩულიას ოპონენტია. ლიტველი ცენტრი, ცხადია, თავისი გუნდის სასტარტო იყო, რომელმაც 15 წუთში 3 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა. საუკეთესო შედეგი დემარ კეროლმა დააფიქსირა, რომელმაც 19 წუთში ტორონტოელებს 14 ქულა, 4 მოხსნა და 4 ჩაჭრა შემატა.
მომდევნო საგამოფენო მატჩს "გოლდენ სტეიტი" 5 ოქტომბერს, "ლოს ანჯელეს კლიპერსთან" გამართავს.
gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული