დუდა სანაძემ სლოვენიის ჩემპიონატი 15 ქულითა და სტუმრად გამარჯვებით დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების უკანახაზელმა დუდა სანაძემ და მისმა გუნდმა "ლასტოვკა პრიმორსკამ" სლოვენიის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყეს - დომჟამლეს გუნდმა სტუმრად სკოფია ლოკას "კასტინგი" ანგარიშით 80:50 დაამარცხა.

გამარჯვებულთაგან ერთ-ერთი საუკეთესო სანაძე გახლდათ. ქართველი ლეგიონერი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ის მოედანზე არასრული 19 წუთით გამოჩნდა და საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტით (15) მხოლოდ თანაგუნდელ ბოიან რადულოვიჩს (20) ჩამორჩა. რადულოვიჩმა 10 ქულა, 10 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა, სანაძის ანგარიშზე კი 15 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა გახლდათ. დუდამ ბურთი ერთადერთხელ დაკარგა, 1
ჯარიმა მიიღო, ხოლო მეტოქეებმა მასზე წესები 4-ჯერ დაარღვიეს.

სანაძემ ერთნაირი, 100-პროცენტიანი სიზუსტით ესროლა ორქულიანები და საჯარიმოები. ორივე პოზიციდან მან 4-დან 4 ტყორცნა ჩააგდო, ხოლო სამქულიანი ნიშნულიდან დუდამ 5-დან მხოლოდ 1 სროლა გამოიყენა.

სანაძის მსგავსად, სარგებლიანობის კოეფიციენტის 15 ერთეული დაუგროვდა მატჩის დომჟალელ ბომბარდირ გეზიმ მორინას. ამ უკანასკნელმა 21 წუთში 16 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.

მომდევნო, მეორე ტურში, დომჟალელები ისევ სტუმრად ითამაშებენ. სანაძის გუნდი სენტურში "ტაიფუნს" დაუპირისპირდება, რომელმაც პირველ ტურში "ჰელიოსთან" 54:85 წააგო.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული