ფრაგმენტი ზაზა ფაჩულიას მომავალი წიგნიდან: კაკუნი "გოლდენ სტეიტის" კარზე

AutoSharing Option
დღეს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულია NBA-ს ახალ სეზონს ახალ გუნდთან ერთად გახსნიდა.

"სან ანტონიოსთან" მატჩი თბილისის დროით დილის 6:30 საათზე დაიწყო და ცხადია, მიმოხილვა გაზეთის ამ ნომერში ვერ მოხვდა.

- ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს სეზონი მარცხით დაიწყეს [VIDEO]

სამაგიეროდ, გადავწყვიტეთ, შემოგვეთავაზებინა ფრაგმენტი ზაზას მომავალი წიგნიდან, რომელშიც უახლესი ისტორიის ერთი საინტერესო მონაკვეთია მოცემული - შებიჯება "გოლდენ სტეიტ უორიორსში".

ვის არ უოცნებია ვარსკვლავობაზე. პატარაობაში გგონია: რომ გაიზრდები, ბევრ რამეს შეძლებ - ითამაშებ "ბარსელონაში" ლიონელ მესის გვერდით, "ელ კლასიკოში" ფეხს წამოუდებ კრიშტიანო
რონალდოს, გაუტან მანუელ ნოიერს...

საკალათბურთო ოცნებაც ანალოგიურია: ითამაშებ სტეფ კარის გუნდში, ფარქვეშ შესვლისას მხარს მისცხებ ლებრონ ჯეიმსს, ჩატენი "სან ანტონიოს" კალათში...

...მაგრამ რაც დრო გადის, ასაკთან ერთად ჭკუაც მატულობს, მოზარდი მით უფრო შორდება პატარაობის ოცნებას: თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება და "ბარსელონაში" ვინ აიყვანს? ან ვინ დააყენებს სტეფ კარის გვერდით, როცა ფარქვეშ შესვლისას მარცხენით ვერ აგდებს?

NBA უკვე ოცნების კუნძულად მოჩანს, სადაც მხოლოდ დევკაცები თამაშობენ. მათი ხილვა არათუ მოედნიდან, ტრიბუნიდანაც სანატრელია. რჩება ერთი გამოსავალი - ტელევიზორი.

მოკლედ, NBA-ს ვიწრო ბილიკიდან ზოგი თავიდანვე გადადის, ზოგი შუა გზაში დაღლილი ჩერდება, ზოგი საქართველოს ჩემპიონატისკენ გადაუხვევს, ზოგიც ევროპულ კალათბურთში შედის, მარათონის ფინიშთან კი ვარსკვლავეთია, რომელსაც ლათინურად შეესიტყვება NBA. ოღონდ მასში ქანცგაწყვეტილი თუ შეაბიჯებ, უკანვე გამოგისვრის.

ზაზა ფაჩულია სხვა პატარებივით ოცნებობდა დიდ კალათბურთელობაზე, NBA-ზე... მაგრამ სხვა თანატოლებთან შედარებით ერთი უპირატესობა ჰქონდა: ასაკის მატებასთან ერთად ოცნების კუნძულს კი არ შორდებოდა, უახლოვდებოდა. თუნდაც ტერიტორიული თვალსაზრისით: თურქეთი ამერიკასთან საქართველოზე ახლოსაა. 15 წლის ზაზა სტამბოლის "ულქერში" წავიდა, 2003 წლის დრაფტზე კი 42-ე ნომრად "ორლანდო მეჯიქმა" აირჩია. გუნდში ტრეისი მაკგრეიდი დახვდა... ეს ერთი ვარსკვლავი. შემდეგ წელს "მილუოკიში" ტონი კუკოჩის გვერდით ითამაშა... ეს მეორე ვარსკვლავი. "ატლანტაში" ჯო ჯონსონი... მესამე. "დალასში" დირკ ნოვიცკი... მეოთხე.

"გოლდენ სტეიტში" სტეფ კარი, კევინ დურანტი, დრეიმონდ გრინი, ანდრე იგუოდალა, კლეი ტომპსონი... ეს რეალობას არ ჰგავს, დაახლოებით ისეთი სურათია, პატარაობაში რომ წაგვიოცნებია, ან სულაც სიზმარში გვინახავს. თუმცა, ოცნებამდე რომ მოსულიყო, ფაჩულიამ ბევრი ითმინა.

გაგახსენებთ 2006 წელს ნათქვამს:

- "ატლანტაში" თავს კარგად ვგრძნობ, საშუალოდ 12 ქულასაც ვაგდებ და გუნდს წინსვლაში ვეხმარები, მაგრამ ამ სეზონში აუტსაიდერები ვიყავით, პლეი ოფში ვერ გავედით. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ისეთ გუნდში ვითამაშებ, ჩემპიონობისთვის რომ იბრძოლებს. საჩემპიონო ბეჭედი ხომ ნებისმიერი ვარსკვლავის ოცნებაა. ბევრ სუპერვარსკვლავს დაუსრულებია კარიერა ბეჭდის გარეშე.

ფაჩულიამ NBA-ს პლეი ოფში პირველად 2008 წელს ითამაშა (გარნეტთან რომ იჩხუბა, სწორედ მაშინ), ხოლო საჩემპიონო გუნდში გადასვლის შანსი 8 წლის შემდეგ, ამერიკული კარიერის მე-14 სეზონზე მიეცა...

2016 წლის ივლისში მის მაგიდაზე ერთმანეთში არეულიყო "ვაშინგტონის", "დალასის" და კიდევ არაერთი გუნის ემბლემით დამშვენებული ფურცელი. ზოგი კონკრეტულ წინადადებას შეიცავდა, ზოგი გუნდის უბრალო სტატისტიკა იყო...

- NBA-ში თავისუფალ აგენტთა ბაზარი ყოველწლიურად პირველ ივლისს იხსნება და პირველივე დღიდან ჩნდება სხვადასხვა ვარიანტი. ეს შეიძლება სატელეფონო ზარი იყოს, შეიძლება - სერიოზული ინტერესი, არის ოფიციალური შემოთავაზებებიც და ა.შ. საქმიანი პროცესია. წინადადებებიდან ზოგი მე არ მაძლევდა ხელს, ზოგ შემთხვევაში გუნდს არ აწყობდა ჩემი პირობები, თუმცა, ბოლოს, გადაწყვეტილების მიღების დრო რომ დადგა, სამი-ოთხი კარგი კონტრაქტი მქონდა. არჩევის პროცესი მეტისმეტად რთული გამოდგა, რადგან იყო გუნდები, რომლებიც უკეთეს პირობებს მთავაზობდნენ.

საქართველოს ნაკრების კაპიტანს საიმისო გამოცდილება კი ჰქონდა, რომ არ აჩქარებულიყო...

- ყოველთვის, როცა ახალი კონტრაქტის გაფორმება მიწევდა, გადაწყვეტილებას ნაჩქარევად არ ვიღებდი. ბევრს ვფიქრობდი და მიმაჩნია, რომ კონკრეტულ სიტუაციაში სწორ ნაბიჯს ვდგამდი. "ატლანტა ჰოქსში" 8 წელი გავატარე. ჯორჯიელებთან პირველი ოთხწლიანი ხელშეკრულება რომ დამიმთავრდა, რამდენიმე სხვა ვარიანტი მქონდა. ერთ-ერთი "სან ანტონიო" იყო. ძალიან კარგად მახსოვს ის ზაფხული და ყველა საკონტრაქტო ნიუანსი. მაშინ, ბევრი ფიქრის შემდეგ, "სან ანტონიოს" უარი ვუთხარი. კალათბურთი ბიზნესივითაა, ყოველ გადაწყვეტილებას ახლავს რისკი. როდესაც თავისუფალი აგენტი ხარ, გადაწყვეტილებას შენ იღებ - საითაც გინდა, იქით წახვალ, თუ სურვილი გექნება, იმავე გუნდში დარჩები... ამიტომ ვამბობ ხშირად, კალათბურთელისთვის მხოლოდ ფიზიკური მონაცემები არ არის მთავარი...

მაშ, რა?

- მნიშვნელოვანია ჭკუა, ინტელექტი, მომავლის სწორი ხედვა. კალათბურთელი კარიერაში რამდენიმეჯერ დგება გზაგასაყარზე და სწორედ მაშინ უნდა გადადგას სწორი ნაბიჯი.

ამ ზაფხულს ზაზა გზაგასაყარზე მართლაც დადგა: დიდ ქვაზე ეწერა - აქეთ წახვალ, "ვაშინგტონია", იქით წახვალ - "დალასი", პირდაპირ - "გოლდენ სტეიტი". მის მაგიდაზე იდო 20-მილიონიანი კონტრაქტიცა და 3-მილიონიანიც. ამერიკულ პრესაში ასეთი პუბლიკაციაც გაჩნდა: "ზაზა ფაჩულია "ვაშინგტონ უიზარდსთან" თათბირობს, ორწლიან, 20 მლნ დოლარიან კონტრაქტზე".

წელიწადში 10 მილიონი! ზაზას აქამდე ერთ სეზონში 5 მილიონზე მეტი არ მიეღო. გამოდის, რომ "ჯადოქრებში" გადასვლით თანხა გაორმაგდებოდა.

- თუმცა ყველაფერი ფული არ არის, - დინჯად განაგრძობს ფაჩულია. - მინდა ეს ახალგაზრდა მოთამაშეებმაც იცოდნენ, ვინც მისმენს, ვინც წაიკითხავს. რა თქმა უნდა, კარიერაში ფულიც მნიშვნელოვანია, მაგრამ არის მომენტები, როცა მატერიალურ მხარეზე უფრო მაღლა სწორი გადაწყვეტილების მიღება დგას. სწორი კი ის გადაწყვეტილებაა, რომელიც საშუალებას მოგცემს, მოუმატო, უკეთესი კალათბურთი ითამაშო. ფული ძალიან მალე იხარჯება, დროც მალე გადის და ისეთი გუნდის არჩევა, სადაც ბევრს ითამაშებ და ლიდერის ფუნქცია დაგეკისრება, უფრო გაგიხანგრძლივებს კარიერას. ასეთ გუნდში მეტს ისწავლი, მეტ გამოცდილებას მიიღებ, რეპუტაციასაც აიმაღლებ... ასე რომ, ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ძალიან ბევრი ნიუანსია გასათვლელი.

მოდით, ერთად ვკითხოთ, მართლა იყო "ვაშინგტონის" 20-მილიონიანი შეთავაზება?

- გუნდებსა და თანხებს ახლა უკვე აღარ აქვს დიდი მნიშვნელობა, თუმცა არ უარვყოფ, მართლაც იყო "ვაშინგტონი" და უკეთესი კონტრაქტი თანხის მხრივ. უბრალოდ, იყო სხვა შანსი, რომლის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა...

ალბათ, მიხვდით, რა შანსზეც ლაპარაკობს: თავისუფალ აგენტთა ბაზარი 1 ივლისს გაიხსნა, სამმა დღემ ფიქრსა და განსჯაში ჩაიარა.

- 4 ივლისი იყო, როცა გავიგე, რომ კევინ დურანტი "გოლდენ სტეიტში" გადავიდა. საინტერესო ტრანსფერია, ახლა ვინღა შეაჩერებს "გოლდენ სტეიტს"? - გავივლე გონებაში. არადა, ამ გუნდიდან შეთავაზება მეც მიღებული მქონდა. დურანტის დამატებიდან 24 საათში ჩემი გადასვლაც გადაწყდა...

იოლი წარმოსადგენია, რას ნიშნავს ნებისმიერი კალათბურთელისთვის ასეთი სიტუაცია: მატჩის წინ შენს სახელს აცხადებენ, გადიხარ და ხელს დურანტს, კარის, ტომპსონს ურტყამ... თუმცა, ზაზა არც ოცნების გუნდში მოხვედრამ ააჩქარა. იგი ჯერ მთავარ მწვრთნელ სტივ კერს ელაპარაკა:

- სტივენ კერმა მითხრა, რომ მე ვიყავი მათი გუნდის ნომერ პირველი ვარიანტი ცენტრის პოზიციაზე. ეს იყო ჩემთვის ძალზე ამაღელვებელი მომენტი. ყოველთვის სასიამოვნოა, როცა გაფასებენ და უნდიხარ, მით უფრო, როცა ლაპარაკი "გოლდენ სტეიტის" დარ გუნდზეა. მიმაჩნია, რომ "უორიორზში" გადასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო ჩემი კარიერისთვის, ჩემი ოჯახისთვის, ჩემი მომავლისთვის, ჩემი ქვეყნისთვის. ასეთ გუნდში ქართველის ხილვა, ალბათ, ბევრი გულშემატკივრის ოცნებაა."უორიორზში" თამაში ჩემთვისაც ბევრს ნიშნავს, ამერიკაში ასეთი მიზნების კლუბში ჯერ არ მითამაშია, საერთო აღიარებით ხომ იგი ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია?! თან რა დონის ვარსკვლავები თამაშობენ...

გაგრძელება იქნება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯეიმსი კლივლენდმა რო აყვანა 1 ნომრად იმ დღიდან მისი გულშემატკივარი ვარ (ზაზას შემდეგ) მისი თითქმის არცერთი თამაში არ გამომიტოვებია. წელს ალბათ როგორც ყველა ქართველს მეც ზაზას ჩემპიონობა მინდა. მაგრამ წინასწარ მოდი ნუ მიულოცავთ არ დაგავიწყდეთ კლივლენდში მეფე თამაშობს.
kobera
12:15 06-11-2016
0
გოლდენ სტეიტს კერძოდ კარის ვგულშემატკივრობ 2 წელია თამაშს არ ვმაზავ . მათი ყურება სიამოვნებაა, საღოლ ზაზა მთავარია მოხსნრბზე იმუშაო 8-12 ქულა ჩააგდო და ყველაფერი კარგად იქნება, წინასწარ გილოცავ ბეჭედს!!!!
კაი კაცი
21:17 02-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული