- თქვენ "დალასიდან" "გოლდენ სტეიტში" გადახვედით. ახლა, რაც სეზონი დაიწყო, თუ ხართ კმაყოფილი ამ გადაწყვეტილებით?
- მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ "გოლდენ სტეიტის" კლუბის წევრი გავხდი. აქ ძალიან კარგი თანაგუნდელები და მწვრთნელი მყავს. ამ ზაფხულს ყველაზე მეტად ჩემი დამატება სწორედ "გოლდენ სტეიტს" სურდა, ეს კი სპორტსმენს ყოველთვის მოტივაციას გმატებს.
- რამდენ ხანს მიმდინარეობდა მოლაპარაკება კონტრაქტზე?
- ჩემი მხრი
- თუ იღებთ იმ კრიტიკას, რაც მედიაში არის ხოლმე თქვენ მიმართ და როგორ ხვდებით იმ ფაქტს, რომ ხშირად გადარებენ გუნდიდან წასულ ენდრიუ ბოგუტს?
- სიმართლე გითხრათ, ეს ნაკლებად მაინტერესებს. მე თავად კარგად ვიცი, ვინ ვარ და რა შემიძლია. კარგად ვიცი, რით შემიძლია დავეხმარო გუნდს დაცვასა და შეტევაში. რაც უნდა დაიწეროს, ერთი, რაც შემიძლია, ეს არის თამაში, თამაში დიდი გულმოდგინებით.
არასოდეს შემიდარებია ჩემი თავი ენდრიუ ბოგუტისთვის ან ვინმე სხვისთვის. მე კარგი ცენტრი ვარ და ბევრი რამ შემიძლია გუნდისთვის, მაგრამ ასე არიან სხვა ცენტრებიც. ჩემი საქმეა, გუნდს დავეხმარო წარმატების მიღწევაში.
- როგორ ეწყობით ახალ გუნდს? ჩვენი აზრით, თქვენ უნდა გიხაროდეთ, რომ ირგვლივ ამდენი კარგი მსროლელია, თქვენ ხომ კარგი პასით გამოირჩევით...
- დიახ, როცა გუნდში ამდენი კარგი მსროლელია, ეს საქმეს აიოლებს, მაგრამ სხვა დეტალებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. დიახ, პასის მიცემა მიყვარს, როცა მას კარგ დროს და კარგად აკეთებ. მთავარია, სწორად ვითამაშოთ და ვფიქრობ, ახალ გუნდს კარგად ვეწყობი.
- სტივ კერი ამბობდა, რომ თქვენ მაინც დრო დაგჭირდებათ, ახალ გუნდში საჭირო ბალანსის მოსაძებნად. სეზონი ჯერ ახალი დაწყებულია და როგორ ფიქრობთ, იპოვეთ საჭირო ბალანსი?
- ჩვენ სწორი მიმართულებით ვმოძრაობთ. უკეთ ვთამაშობთ ყოველ ახალ მატჩში, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. ნორმალურია, როცა ამ გზაზე პრობლემებს და სირთულეებს აწყდები, მაგრამ ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვაქვს - ტიტული! ჩვენ მოწადინებულნი ვართ, რომ მივაღწიოთ ამ მიზანს და ვპროგრესირებთ.
- თქვენ ახლა სასტარტო ხუთეულში ხართ გუნდში, რომლის ოთხი წევრიც "ოლსტარელია". არ გრძნობთ თავს, თითქოს, "ბითლზს" გადაეყარეთ?
- თქვენ შეგიძლიათ თქვათ ეს (იცინის). უდიდესი ყურადღების ცენტრში ვართ, როგორც გუნდი. მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ მხოლოდ იმ მიზნებზე, რაც გაგვაჩნია.
- ახლა თქვენ უკვე ვეტერანი გეთქმით. გაიხსენეთ პირველი ნაბიჯები...
- ძალიან გამიმართლა და კარიერის განმავლობაში, ბევრ კარგ მწვრთნელთან მიმუშავია. დოკ რივერსი, მაიკ ვუდსონი, ლარი დრუ, რიკ კარლაილი, ჯეისონ კიდი და სტივ კერი. მათგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. მე-14 სეზონია NBA-ში ვარ და ძალიან ბევრი პოზიტივი მახსოვს, ძალიან გამიმართლა.
- კიდევ რამდენ ხანს აპირებთ თამაშს?
- ამის შესახებ ჯერ არც მიფიქრია, მხოლოდ ახლანდელ სეზონზე ვფიქრობ და მინდა, მისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღო.
- ამას იმიტომ გეკითხებით, რომ თქვენ ზაფხულშიც არ ისვენებთ, როცა თქვენი ქვეყნის ნაკრებს ეხმარებით, სადაც პირველი ვარსკვლავი ხართ...
- ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ საქართველოს სახელით ვთამაშობ. ეს დიდებულია ჩემი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, ფანებისთვის. დიდი ხანია, ერთად ვართ გუნდის ბირთვი და კარგ დროს ვატარებთ.
ზაფხულში თამაშისთვის არავინ გიხდით, მაგრამ ეს არც ითვლება, როცა ქვეყნისთვის თამაშობ. ბევრი თამაში მოვიგეთ და გავახარეთ ქვეყანა, ამისთვის ვცხოვრობთ!
- შესაძლოა, თქვენ არვიდას საბონისივით ქვეყნის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა მოინდომოთ?
- (იცინის) ვნახოთ, ვნახოთ. ჩემთვის ქართული კალათბურთის ბედი ძალზე მნიშვნელოვანია. ახლა ამაზე ჯერ არ ვფიქრობ, ჯერ მხოლოდ კარიერასა და თამაშზე ვარ კონცენტრირებული. როცა დრო მოვა, დავფიქრდები!