დუდა სანაძის 33 ქულა "კრკასთან", MVP-ს ტიტული და ლიგის ბომბარდირობა

AutoSharing Option
დუდა სანაძე ფენომენალური შედეგიანობით სლოვენიას იპყრობს. წინა ტურის მატჩში ლიდერ "კრკასთან" ჩაგდებულ 27 ქულას ქართველმა სნაიპერმა "ჰოპსი პოლზელასთან" 33 ქულა მოაყოლა, რითაც სლოვენიის ლიგაში ყველაზე მაღალი შედეგიანობა გამოავლინა. ამ ტურის შემდეგ ის ლიგის ბომბარდირია.

გამოსარჩევია სანაძის შორი სროლების მაღალი პროცენტულობა. ბოლო 2 მატჩში დუდამ 13 სამქულიანი ჩააგდო, რისთვისაც 22 ცდა დასჭირდა. "ჰოპსისთან" ქართველმა სნაიპერმა 12-დან 8 სამქულიანი მიითვალა, მაგრამ დასანანი ისაა, რომ სანაძეს ეს შედეგიანი გარჯა გამარჯვებით ვერ დაუფასდა. დუდას გუნდმა "პრიმორსკამ" შეხვედრა 76:86 დათმო.

სანაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა,
მოედანზე გამოჩენის შემდეგ კი, შეუჩერებელი იყო. საბოლოოდ, დუდამ 31:51 წუთში 33 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 2 ორქულიანი, 12-დან 8 სამქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, სანაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 31-ს გაუტოლდა და რა გასაკვირია, რომ ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ისიც ვთქვათ, რომ ამ დროისთვის დუდას საშუალო მაჩვენებელი 21.4 ქულა გახლავთ, რაც სლოვენიის ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია.

5 მატჩიდან 3 მოგებით "პრიმორსკა" მე-7 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრა კი ისევ სტუმრად, 12 ნოემბერს, "პორტოროჟთან" ელის.

gbf.ge
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული