ოკლენდელთა სნაიპერმა სტეფ კარიმ 13 სამქულიანი ჩააგდო, რაც NBA-ს ყველა დროის აბსოლუტური რეკორდია. აქამდე საუკეთესო შედეგი კობი ბრაიანტსა და დონიელ მარშალს ეკუთვნოდათ, რომელთაც 12-12 სამქულიანი ჰქონდათ ჩაგდებული.
სტეფ კარიმ, რომელმაც წინა მატჩში 10-დან ყველა სამიანი ააცილა და მინიმუმ 1 სამიანის 197-მატჩიანი სერია შეწყვიტა, დღეს "ნიუ ორლეანს" 13 სამქულიანი ჩაუგდო და საამაყო რეკორდი გამოაცხო.
კარიმ საბოლოოდ 46 ქულა მიითვალა, რითაც მებრძოლ ნიუორლეანელებს შანსი არ დაუტოვა. 24 ქულა ჰქონდა კლეი ტომპსონს,
რაც შეეხება ვარსკვლავური გუნდის ქართველ წარმომადგენელს, ზაზა ფაჩულიამ ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა, თუმცა მოედანზე მხოლოდ 11 წუთი გაატარა. ისეთი ყაიდის თამაში იყო, ცენტრი გოლდენსტეიტელებს ნაკლებად სჭირდებოდათ. მთელი კონცენტრაცია პერიმეტრზე იყო გადატანილი, საიდანაც კარიმ სარეკორდო შედეგი დააფიქსირა.
ზაზამ 11 წუთში მეტოქის ფარს 2-ჯერ შეუტია და 1 ჩააგდო. ფაჩულიას საბოლოო მონაგარი გახლდათ 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი. 5 მოგებით და 2 წაგებით ფაჩულიას გუნდი "სან ანტონიოსთან" დასავლეთ კონფერენციის მე-3-მე-4 ადგილებს იყოფს.
მომდევნო მატჩს ოკლენდელები 10 ნოემბერს, შინ "დალასთან" გამართავენ.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით