გოგა ბითაძის 18 ქულა "ადმირალთან" მატჩში

AutoSharing Option
სერბეთის უმაღლეს ლიგაში მოთამაშე 16 წლის ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე შედეგიანად თამაშს აგრძელებს.

"მეგა ლეკსის" საკუთრებამ, თუმცა "სმედერევოში" განათხოვრებულმა ბითაძემ ამას წინათ 19 წუთში 18 ქულა ჩააგდო, გასულ ტურში კი მან ისევ 18 ქულას უწია.

ბითაძე "სმედერევოში" იმიტომაა განათხოვრებული, რომ დიდებში თამაშის პრაქტიკა მიიღოს.

სერბეთის მოწინავე გუნდები - "ცრვენა ზვეზდა", "პარტიზანი", FMP და "მეგა ლეკსი" სხვა წამყვან ბალკანურ გუნდებთან ერთად ადრიატიკის ლიგაზე თამაშობენ და როცა ეს ჩემპიონატი დასრულდება, საკუთარი ქვეყნის ეროვნულ პირველობაში ცდიან ძალებს.

ადრიატიკის ლიგის პარალელურად მიმდინარეობს სერბეთის ჩემპიონატი
და სწორედ აქ ასპარეზობს "სმედეროვო", რომელიც აუტსაიდერთა შორისაა და სადაც ბითაძე თამაშობს.

გასულ ტურში ბითაძის გუნდი სტუმრად "მლადოსტ ადმირალს" შეხვდა და 66:97 განადგურდა.

214-სანტიმეტრიანმა ქართველმა ცენტრმა 24 წუთში 18 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. ბითაძემ 11-დან 7 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

ბითაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა, რაც "სმედერევოს" რიგებში ვერავინ გადაფარა. ისიც ვთქვათ, რომ მიმდინარე სეზონში ჩვენებურის საშუალო მაჩვენებლები ასეთია: 16.7 წუთი, 9.7 ქულა, 4.5 მოხსნა, 1.2 ბლოკ-შოტი.

"სმედერევის" ექვს ტურში ერთადერთი მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ აუტსაიდერ "კონსტანტინს" უსწრებს. ქართველი კალათბურთელის კლუბს შემდეგი მატჩი 19 ნოემბერს, შინ, "ბეოვუკ 72"-თან ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული