ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსი" გაანადგურეს [VIDEO]

AutoSharing Option
24 ნოემბერს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უმასპინძლა და ანგარიშით 149:106 გაანადგურა.

ზაზა ფაჩულია, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 17:57 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ქართველმა ცენტრმა 6 ქულა, 3 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 პასი მოაგროვა. ფაჩულიამ 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან ორივე საჯარიმო ჩააგდო.

როგორც ჩანს, "გოლდენ სტეიტის" მწვრთნელ-მოთამაშეები ისე გაბრაზდნენ 5 ნოემბერს "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან" დამარცხებით, რომ ამ გუნდთან მორიგ შეხვედრაშივე გაათმაგებულად იძიეს შური.

ლეიკერსელები ოკლენდში ჩავიდნენ, თუმცა ამჯერად დიდად შერცხვენილები დარჩნენ. "გოლდენ
სტეიტის" მოთამაშეებმა საკლუბო ისტორიაში სარეკორდო, 47 შედეგიანი გადაცემა გაიღეს.

მატჩის ბედი მესამე პერიოდის შუაწელში გადაწყდა, როცა მასპინძელთა უპირატესობამ 30 ქულას მიაღწია. სწორედ ამ მომენტში გავიდა მოედნიდან ზაზა ფაჩულია და ასპარეზი ძირითადად სათადარიგოებს დაეთმოთ, რომლებმაც არათუ დააგდეს ტემპი, არამედ სხვაობა უფრო გაზარდეს და საბოლოოდ "გოლდენ სტეიტმა" 43-ქულიანი გამარჯვება იზეიმა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ზაზა ძალიან სარგებლიანი იყო, რაც მხოლოდ სტატისტიკური მონაცემებით არ განისაზღვრება. ფაჩულია ძალიან სასარგებლოდ მოქმედებდა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში და ტაქტიკური ბლოკების დაყენებით მეტოქის ფარისკენ გზის გახსნით თავის გუნდელებს ქულების მოპოვებას უადვილებდა.

განსაკუთრებით გამოსარჩევია ფაჩულიას ჩაჭრები: მოედანზე ყოფნის 8-წუთიან მონაკვეთში ზაზას უკვე 3 ჩაჭრა ჰქონდა მოგროვებული და ეს იმ ფონზე, რომ მის გუნდელთაგან არავის 1 ჩაჭრაზე მეტი არ ჰქონია. "გოლდენ სტეიტის" 7 ჩაჭრიდან 3 ქართველ ცენტრზე მოდის.

"გოლდენ სტეიტში" 31 ქულითა და 9 პასით სტეფ კარი გამოირჩა. 28 ქულით ეფექტური იყო კევინ დურანტიც, კლეი ტომპსონმა კი ოკლენდელებს 26 ქულა მიაშველა. გაიბრწყინა სათადარიგო იან კლარკმა, რომელმაც სნაიპერული თვისებები ისევ გამოაჩინა. კლარკმა 5-დან 5 სამქულიანი ჩააგდო და 18-წუთიანი თამაში 21 ქულით დაასრულა.

ეს გახლდათ ოკლენდელთა ზედიზედ მე-9 გამარჯვება, თუმცა არც "ლოს ანჯელეს კლიპერსი" აგებს, რომელსაც "გოლდენ სტეიტზე" ერთით მეტი გამარჯვება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში ლიდერობს.

მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს ისევ "ლეიკერსთან" ელის. ეს გუნდები ერთმანეთს 26 ნოემბერს, ამჯერად ლოს ანჯელესში შეხვდებიან.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
გუშინ კომენტატორებიც ამახვილებდნენ ყურადღებას მის საოცრად ჭკვიანურ თამაშზე. როცა კევინ დიურანტს გაზა გაუხსნა და იმანაც ჩააგდო, კომენტატორი აღფრთოვანებულიც კი იყო! მაგარია. ესმის საქმე! გოლდენ სტეიტს კალათბურთის თამაშიც ასწავლა ცოტა, ცოტა! )))
არჩილ ხოფერია
13:02 25-11-2016
0
ვუყურე ამ თამაშს.ზაზა დიდებულად მოქმედებდა და გუნდიც იყენებდა მის ჭკვიანურ მანევრებს.უკვე აშკარად უკეთ ესმით მისი და მას თანაგუნდელების,მაგრამ ეს არაფერია,ზაზა კიდევ მოუმატებს.
სოსო
13:29 24-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული