თორნიკე შენგელია მოედანს ევროლიგაზე, ცსკა-სთან 10 ქულით დაუბრუნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებისა და ესპანური "ბასკონიას" კალათბურთელი თორნიკე შენგელია მოედანს დაუბრუნდა. ტრავმის გამო 4 მატჩის გამოტოვების შემდეგ, ქართველმა ფორვარდმა "ბასკონიას" რიგებში ევროლიგის მე-9 ტურში ითამაშა და საკმაოდ შედეგიანადაც, თუმცა მისი გუნდი მოსკოვში, ევროპის სუპერგრანდ ცსკა-სთან მაინც უშანსოდ დამარცხდა - 84:112.

შენგელია სათადარიგო იყო და მოედანზე მთლიანობაში 18:22 წუთი გაატარა. მან ოთხივე ორქულიანი ჩააგდო, რასაც 3-დან 2 საჯარიმო მოაყოლა და შეხვედრა 10 ქულითა და 2 პასით დაასრულა. ქართველი ფორვარდი 3-ჯერ დაჯარიმდა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

სტუმართა რიგებში
ყველაზე შედეგიანი ფრანგი როდრიგ ბობუა გახლდათ 19 ქულით, ამერიკელმა შეინ ლარკინმა კი 18 ქულა მიითვალა.

საინტერესოა, რომ ბასკური კლუბი პირველ მეოთხედში 12 ქულითაც კი დაწინაურდა, თუმცა, შემდეგ სამივე მეოთხედი "ჩაუვარდა" და 28 ქულით განადგურდა.

ვიტორიელთა განადგურებაში ლომის წილი დაიდო სერბმა გამთამაშებელმა, მილოშ თეოდოსიჩმა, რომელმაც არასრულ 30 წუთში 34 ქულა, 10 პასი, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. შედეგად, მოსკოველებმა მე-9 ტურში მერვედ იმარჯვეს და ერთპიროვნულ ლიდერებად რჩებიან, "ბასკონია" კი 5 მოგებითა და 4 მარცხით მეშვიდეა.

შენგელიას კლუბს ევროლიგაში მომდევნო მატჩი 2 დეკემბერს სტამბოლში, "გალათასარაისთან" ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული