თორნიკე შენგელიამ "ბასკონიას" ევროლიგაზე მოაგებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელიამ "ბასკონიაში" ისევ გაიბრწყინა და თავის გუნდს ევროლიგის მორიგი მატჩი მოაგებინა.

ქართველი ფორვარდი ყაზანში, "უნიკსთან" გამართული მატჩის მთავარი მოქმედი პერსონა იყო და ბასკურმა გუნდმა რომ 92:91 იმარჯვა, უპირველესად მისი დამსახურებაა. დაძაბული მატჩის ბოლო 3 წუთში თორნიკემ 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო.

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა, მატჩის მიმდინარეობისას თავი გამოიჩინა და მე-2 ტაიმი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. თორნიკემ მწვრთნელს ნდობა დაუფასა და გადამწყვეტ წუთებში შეუდარებელი იყო.

მატჩის დასრულებამდე 02:54 წუთით ადრე, როდესაც "ბასკონია" 80:84-ს აგებდა, ქართველ ლეგიონერზე პაველ ანტიპოვი
დაჯარიმდა და შენგელიამაც ორივე ტყორცნა გამოიყენა. თორნიკემ იქვე ჩაჭრა მიითვალა და კვლავ ანტიპოვის ფოლის მერე, კიდევ 2 ჯარიმა ჩააგდო - 84:84.

ყაზანელთა ლიდერმა კიტ ლენგფორდმა მასპინძლები ზუსტი ორქულიანით ისევ წინ გაიყვანა, თუმცა, შენგელიამ წესების დარღვევა უკვე ბერძენ კოსტას კაიმაკოღლუს აიძულა და საჯარიმოს ხაზიდან კვლავ ზუსტი იყო - 86:86.

მომდევნო შეტევაში 2 საჯარიმო ლენგფორდმა ჩააგდო, რასაც ილიმანე დიოპმა მხოლოდ 1 ზუსტი ტყორცნით უპასუხა, კინო კოლომმა შორეული სროლა ააცილა, შეინ ლარკინი კი შორი მანძილიდან შეტევას არ მოერიდა და საფინალო სირენამდე 6 წამით ადრე ბასკური კლუბი 90:88 დაწინაურდა.

თითქოს სტუმრები გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა 4.9 წამით ადრე ლენგფორდი მეტოქეებს დიდებულად დაუსხლტა და სამქულიანით "უნიკსი" ისევ წინ გაიყვანა - 91:90.

შენგელიამ თავისი სიტყვა სწორედ გადამწყვეტ წამებში თქვა. "ბასკონიას" ბოლო იერიშის დროს ფარქვეშ შესვლა სცადა, რასაც მის მიერ გაწამებული ანტიპოვის მორიგი ფოლი და თოკოს კიდევ 2 ზუსტი საჯარიმო მოჰყვა - 92:91. დარჩენილ 1.8 წამში ლენგფორდმა შორეული ტყორცნა კი მოასწრო, მაგრამ ამჯერად არაზუსტად.

საერთო ჯამში, ქართველმა ლეგიონერმა მოედანზე 24:05 წუთი დაჰყო და 19 ქულა, 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. თოკომ 6-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და რაც ყველაზე საინტერესოა, 11-დან 10 საჯარიმო ჩააგდო.

ქართველმა ფორვარდმა ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 9-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 24-ს გაუტოლდა, რითაც ის თანაგუნდელთაგან მხოლოდ ლარკინს (26) ჩამორჩა. ამერიკელმა გამთამაშებელმა 28:53 წუთში 22 ქულა, 6 პასი, 2 ჩაჭრა და 1 მოხსნა მოაგროვა.

მასპინძელთა მხრიდან საუკეთესონი უკანახაზელები იყვნენ. ლენგფორდმა 34:46 წუთში 28 ქულა და 5 პასი მიითვალა, ხოლო კოლომმა 29:54 წუთში 8-დან 5 სამქულიანი გამოიყენა და 23 ქულას 6 შედეგიანი პასი წაამატა.

"ბასკონიამ" ევროლიგის მე-12 ტურში მე-8 გამარჯვება იზეიმა და სხვა მატჩების დასრულებამდე, მადრიდის "რეალთან" და სტამბულის "ფენერბაჰჩესთან" ერთად, მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს.

შენგელიას კლუბი მომდევნო მატჩს 21 დეკემბერს, შინ, ესპანურს "ბარსელონასთან" ჩაატარებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული