მაგალითად, გიორგი ქინქლაძე, ნიკოლოზ ცქიტიშვილი... რატომ ვერ იქცა "ქინქი" მარადონად ან ცქიტიშვილი - ნოვიცკიდ? რა დააკლო ერთმა თუ მეორემ? დაუშვეს თუ არა კარიერის გარკვეულ მონაკვეთში შეცდომა კლუბის შერჩევისას?
გიორგი ქინქლაძის მოსაზრებებს არ ვიცნობ, ამიტომ მასზე წერისგან თავს შევიკავებ. ნიკა ცქიტიშვილთან კი ამ თემაზე არაერთხელ მისაუბრია და თავადაც კარგად იცის, რატომ ვერ იქცა დირკ ნოვიცკიდ. 2002 წელს, როცა 215 სმ სიმაღლის ნიკა NBA-ში მოხვდა, ყველა ერთთავად ნოვიცკის ადარებდა, მასავით მოქნილი, სწრაფი (სიმაღლის კვალობაზე),
ცქიტიშვილის "დენვერი" 2002-ში ნოვიცკის "დალასს" რომ დაუპირისპირდა, გერმანელი ქართველს თბილად შეხვდა, თამაში შეუქო და უთხრა - შეგიძლია ამერიკაში ჩემზე არანაკლებ წარმატებული კარიერა გქონდესო...
დღეს, 36 წლის დირკი კვლავ NBA-ს "ოლ სტარში" თამაშობს, ნიკა კი ლიბანის ჩემპიონატშია. სხვათა შორის, ლიბანში, ერთ მატჩში ჩაგდებულმა 52-მა ქულამ გადამაწყვეტინა ნიკას შესახებ "სპორტრეტის" დაწერა. რა მოხდა, რატომ ვერ მოიკიდა ცქიტომ ფეხი NBA-ში? სადმე ხომ არ მოუვიდა შეცდომა? ამას წინათ მითხრა:
- ვიცი, ამერიკაში 2002-ში არ უნდა წავსულიყავი. თინეიჯერულ ასაკში NBA-ს კლუბთან კონტრაქტის გაფორმება შეცდომა იყო. მანამდე ევროპაში სათამაშო დრო ძალიან ცოტა მქონდა, იტალიური "ბენეტონის" შემადგენლობაში ევროლიგაზე ჯამში 40 წუთიც არ მქონდა ნათამაშები. არ უნდა ავჩქარებულიყავი, ევროპაში კიდევ ორი წელი მეთამაშა და NBA-ზე შემდეგ მეფიქრა.
ნიკას ვკითხე: დროის დაბრუნების შესაძლებლობა რომ იყოს, ამერიკაში 18 წლისა არ წახვიდოდი-მეთქი? კითხვითვე მიპასუხა:
- შენი თავი წარმოიდგინე ჩემს ადგილას. ამერიკული გუნდები გპირდებიან, რომ NBA-ს დრაფტზე ტოპ-ხუთეულში აგიყვანენ, რაც გარანტირებულ სამწლიან კონტრაქტს გულისხმობს. ასეთ დროს, არ გაგიჩნდება შეგრძნება, რომ შენ ამას იმსახურებ, რომ შეგიძლია ვარსკვლავებში ვარსკვლავურად ითამაშო? არ შეგემატება თვითრწმენა, თავდაჯერება?
"დენვერ ნაგეტსმა" ცქიტიშვილი დრაფტზე მე-5 ნომრად აიყვანა და მოხდა ის, რასაც თორნიკე შენგელიამ დროულად გამოასწრო: მწირწუთიანობას.
- NBA-ს რეგულარულ სეზონში კვირაში 3-4 თამაშია, გუნდები მატჩიდან მატჩამდე შედიან ფორმაში, თუ მოედანზე გასვლა იშვიათად გიწევს, ვერც ფორმაში შეხვალ და სათამაშო პრაქტიკაც არ გექნება.
ვარჯიშებზე ხომ არავინ იტვირთება, რათა მომდევნო დღის თამაშისთვის საღად იყოს. მთელი სეზონი მხოლოდ ინდივიდუალური წვრთნა ბევრს არაფერს შეგმატებს.
ცქიტიშვილი "დენვერში" გატარებულ პირველ სეზონში საშუალოდ 16.3 წუთს თამაშობდა, მას მერე, ოთხი წლის განმავლობაში მისი წუთობრივი მონაგარი 2.6-დან 7.9-მდე მერყეობდა. არადა, სკიტაზე მოთხოვნა იყო: "დენვერიდან" "გოლდენ სტეიტმა" გადაიყვანა, შემდეგ იყო "მინესოტა", "ფინიქსი" და 2006 წელს იგი ევროპაში დაბრუნდა.
უკვე შუასაკალათბურთო ხნის ცქიტიშვილს ყველაფრის ახლიდან დაწყება მოუწია. თამაშობდა იტალიასა და ესპანეთში, ყველაზე დიდი დრო მადრიდის "ფუენლაბრადაში" გაატარა და "ბარსა"-"რეალის" წინააღმდეგაც არაერთი კარგი მატჩი ჩაატარა, თუმცა მისგან ესპანელ-იტალიელებიც იმაზე მეტს მოელოდნენ, რასაც აკეთებდა.
რატომ? იმიტომ, რომ ცქიტიშვილი NBA-ს დრაფტის მე-5 ნომერი იყო. ის კი ავიწყდებოდათ, რომ 2002 წლის შემდეგ ოთხი წელიწადი სათამაშო პრაქტიკის ძიებაში გაატარა, რაც ახალგაზრდა კალათბურთელისთვის დიდი შეფერხებაა. მოთამაშედ ხომ ყველა სწორედ 18-24 წლის ასაკში ყალიბდება.
საქართველოს ნაკრებში ხომ ჰქონდა საკმარისი სათამაშო დრო? - იკითხავთ. ეროვნულ გუნდში მას 1998-დან 2012 წლამდე სიხარულით იწვევდნენ, თუმცა აქაც იყო დიდი მოლოდინი, რაც სავსე ტრიბუნების წინაშე მოთამაშე ახალგაზრდისთვის უთუოდ ფსიქოლოგიურ ბარიერად იქცეოდა.
თუმცა სათამაშო პრაქტიკაზე ბოდიში - წელიწადში ნაკრები 3-4 ოფიციალურ მატჩს ატარებდა, მხოლოდ 2010 წლიდან ავიდა 7-8-მდე. თუმცა ამხანაგურ-ოფიციალურებიანად მაინც შეიძლებოდა გარკვეული კონდიციების მიღწევა და შესაძლებლობების კარგად გამოვლენა.
მაგალითი გაინტერესებთ? კი ბატონო:
2005 წელს, ფინეთში ზაზა ფაჩულიას ერთბაშად 2-3 კალათბურთელი რომ "ეჭიდავებოდა", ნიკა ბოლომდე გაიხსნა - 9-დან 6 სამქულიანი ჩააგდო და საბოლოოდ 23 ქულას გამორჩა. 2011 წლის ევრობასკეტზე მაკედონიის წინააღმდეგ მატჩის წინ მწვრთნელებმა ნიკას უთხრეს - მეტოქის ცენტრი პერო ანტიჩი როგორც ფარქვეშ, ისევე წარმატებით თამაშობს პერიმეტრზე, სწორედ იმ ტიპის მატჩი იქნება, შენს სტილს რომ შეესაბამებაო: მართლაც, ნიკამ 20 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, რაც საქართველოს ნაკრებში მისი საუკეთესო თამაში გამოდგა. ნიკამ სამქულიანებიც ჰყარა, ბოლო წამებზე ორი საჯარიმოს ტყორცნისას ხელი არ აჰკანკალებია და ანგარიშიც გაათანაბრა - 63:63.
ეროვნულ გუნდსა თუ კლუბში ცქიტიშვილის კიდევ არაერთი ეფექტური მატჩის გახსენება შეიძლება, ბევრი ქულამწირისაც, მაგრამ აქ მთავარი ორი რამაა: სკიტას სტილი და ხასიათი. მაკედონიასთან იგრძნო, რომ მასზე თამაშის მოგება იყო დამოკიდებული და ყველაფერი გამოუვიდა.
2011-12 წლების სეზონში ირანის ჩემპიონი გახდა, შეუცვლელი კალათბურთელი იყო, დაახლოებით ისე თამაშობდა, როგორც ახლა, ლიბანის "ჩამპვილში": სამოვერტაიმიან მატჩშიც კი არ ისვენებს, სრული კარტ-ბლანში აქვს და 52 ქულამდეც ადის. "ჩამპვილში" ცქიტიშვილი თავისუფალი მხატვარია, რა ფერში, რომელი წერტილიდანაც მოისურვებს, იქიდან "ხატავს" ორქულიანს თუ სამქულიანს.
შემოქმედ ადამიანს ერთი თვისებაც აქვს: თუ ხასიათზე არ არის, შედევრს ვერ შექმნის, ჩარჩოში მოქცევა არ უყვარს და არც შეიძლება. ხასიათზე მწვრთნელმა უნდა მოიყვანოს, პალიტრაც მისცეს, საღებავებიც და ტილოც, მაგრამ რა უნდა ქნას მაშინ, როცა გუნდში ასეთი ნიჭის კიდევ ექვსი-შვიდი შეგირდი ჰყავს? - ფუნჯი და ფუნქციები ყველას გადაუნაწილოს, რაც თავისთავად გულისხმობს ჩარჩოს...