"ვითას" ხელმძღვანელობა: ვითიბი ლიგაში ვითამაშებთ

AutoSharing Option
არაერთხელ გვითქვამს და დაგვიწერია - სპორტის გუნდურ სახეობებში აუცილებელია არსებობდეს გუნდი-ფლაგმანი, რომელიც ევროთასებზე რეგულარულად ითამაშებს, ქართველ გულშემატკივარს სპორტისკენ დააბრუნებს და ნაკრებებსაც გამოცდილ კადრებს მოუმზადებს.

ამ მიმართულებით ნათელი საკალათბურთო კონტურები უკვე გამოიკვეთა: ვითიბი ლიგის საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ქართული კლუბი "ვითა" ლიგაში ჩართვას აპირებს.

ვითიბიზე, პოსტსაბჭოური გუნდების გარდა, ჩეხები და ფინელებიც ასპარეზობენ. ასე რომ, ქართული კალათბურთისთვის ასეთ შეჯიბრებაში ჩართვა ნამდვილად სასარგებლო იქნება.

რაც მთავარია, შეიკრიბება ძლიერი შემადგენლობა, რათა ცსკა-ს და მის დარ კლუბებს ღირსეულად ეპაექროს.

უფრო დეტალურად ვითიბი ლიგის საიტზე
გამოქვეყნებული პუბლიკაციიდან შეიტყობთ:

"ლიგის ოფიციალური დელეგაცია 19 მაისს საქმიანი ვიზიტით საქართველოს სტუმრობდა. მიზეზი თბილისური გუნდის, "ვითას" ვითიბიზე მონაწილეობის განაცხადია. ლიგის სპორტული დირექტორი ალექსეი ჩუდინი და გენერალური დირექტორის თანაშემწე ალექსანდრ ფედოტოვი "ვითას" წარმომადგენლებს შეხვდნენ: გუნდის პრეზიდენტ თემურ დათიკაშვილს, გენერალურ მენეჯერ ლევან მიქელაძეს და ვიცე-პრეზიდენტ გიორგი მარკოიშვილს. სტუმრები ასევე ესაუბრნენ კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ კახა შენგელიას.

დელეგაციის წევრები ეწვივნენ არენას, სადაც "ვითა" საშინაო მატჩებს ჩაატარებს - თბილისის სპორტის სასახლეს, რომელიც 9 ათას გულშემატკივარს იტევს. ასევე მოინახულეს სარეზერვო დარბაზი 2500-იანი ტევადობით. სწორედ იქ ჩატარდება ამ ზაფხულს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საკალათბურთო ტურნირი.

რაც შეეხება "ვითას", იგი 90-იან წლებში ქართული კალათბურთის ფლაგმანი იყო და წლეულს ხელახლა დაიბადა. ამბიციურ მიზნებს ისახავს, რომელთა შორის ერთ-ერთი ვითიბი ლიგაზე ასპარეზობაა.

- ჩვენი კლუბი მზადაა, ითამაშოს ისეთ პრესტიჟულ შეჯიბრებაში, როგორიც ვითიბია, - განაცხადა გენერალურმა მენეჯერმა ლევან მიქელაძემ, - ამ ლიგას მრავალწლიან პროექტად განვიხილავთ, რომელიც საქართველოში კალათბურთის განვითარებისთვის დამატებითი ბიძგი იქნება.

თუ ვითიბი ლიგაზე მოვხვდებით, დარწმუნებული ვარ, სადებიუტო სეზონშივე ვიბრძოლებთ ღირსეული ადგილებისთვის. უახლოესი ერთი თვის განმავლობაში საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით შემადგენლობასთან და სამწვრთნელო შტაბთან დაკავშირებით. გვარებს ჯერ არ დავასახელებ, მაგრამ ბრძოლისუნარიანი გუნდი გვეყოლება გამოცდილი ქართველი კალათბურთელებით, ნიჭიერი ახალგაზრდებითა და მაღალი კლასის ლეგიონერებით.

ვითიბი ლიგის გენერალური დირექტორის, ანდრეი შიროკოვის კომენტარი ასეთი იყო:

- ქართული კლუბი "ვითა" ლიგის პოტენციური ახალწვეულია. მან პირველმა შემოიტანა განაცხადი შეჯიბრებაში მონაწილეობის სურვილით. ეს განაცხადი დიდ ყურადღებას იმსახურებს, რადგან ბევრი დადებითი მომენტის დანახვა შეიძლება: ქართული კალათბურთის მდიდარი ტრადიციები, ამბიციები და ქვეყანაში სპორტის ამ სახეობის პოპულარულობა აუცილებლად გასათვალისწინებელია. ასე რომ, ვითიბი ლიგაში ასპარეზობის მსურველი, როგორც ყოველთვის, ახლაც ბევრია. საბოლოო გადაწყვეტილებას ლიგის საბჭოზე მივიღებთ. განაცხადების შემოტანის ბოლო თარიღია 15 ივნისი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგი წამოწყებაა მარა მთავარია ლიგის საბჭომ დადებითი პასუხი მოგვცეს
saba
09:15 25-05-2015
0
საინტერესო პროექტი ჩანს. თბილისურ თამაშებს მაყურებელი არ მოაკლდება ბილეთის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში.ქართულ კალათბურთს კი ნამდვილად წაადგება და ძალიან აამაღლებს ტურნირში მოთამაშეთა კლასს. წარმატებები !
dave
09:11 22-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული