ქართველები "სასკი ბასკონიას" საერთაშორისო კემპზე

AutoSharing Option
27 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით, ესპანეთის ქალაქმა ვიტორიამ საერთაშორისო საკალათბურთო კემპს უმასპინძლა. კემპი კლუბ "ლაბორალ კუჩას" ბაზაზე, მისი მფლობელი სპორტული კომპანია "სასკი ბასკონიას" ორგანიზებით ჩატარდა.

აღნიშნული კემპის შემაჯამებელი პრესკონფერენცია დღეს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში გაიმართა.

კემპში მონაწილეობა მიიღეს პერსპექტიულმა მოთამაშეებმა იტალიიდან, ესპანეთიდან, ჩინეთიდან, ჰონგ კონგიდან, ბულგარეთიდან, საფრანგეთიდან. ვიტორიის საერთაშორისო კემპზე ქართველებს ყველაზე მრავალრიცხოვანი დელეგაცია ჰყავდათ. ესპანური კემპისთვის ქართველი მოთამაშეები 13-27 აპრილს თბილისში ჩატარებული "სასკი ბასკონიას" კემპზე შეირჩნენ.

თბილ
ისის კემპში 4 ასაკობრივი ჯგუფის 160-მა მოზარდმა მიიღო მონაწილეობა. ესპანელმა მწვრთნელებმა 2-კვირიანი ვარჯიშების შედეგად ის 16 საუკეთესო მოთამაშე შეარჩიეს, რომლებიც ვიტორიის საერთაშორისო კემპზე მიიწვიეს. ვიტორიაში ჩატარებულ 2-კვირიან კემპზე მოზარდებს "ლაბორალ კუჩას" მწვრთნელები ავარჯიშებდნენ. ვარჯიშებზე მიწვეულნი იყვნენ ამერიკელი სპეციალისტებიც, რომლებიც თითოეულ მოთამაშეს აკვირდებოდნენ და წარმატებულებს ესპანურ კლუბში დარჩენის პერსპექტივა ჰქონდათ.

საქართველოს დელეგაციას ვეტერანი ქართველი კალათბურთელი - გივი ბიჭიაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც ვიტორიაში იმყოფებოდა და ქართველების ვარჯიშებს ესწრებოდა.

ამჯერად მიმდინარეობს იმ მოთამაშეების შერჩევა, რომლებსაც "ლაბორალ კუჩა" კონტრაქტს გაუფორმებს და სავარჯიშოდ ესპანეთში წაიყვანს. ზოგადი ვარაუდით, ესპანელებმა 2-3 კალათბურთელი უნდა წაიყვანონ და მათ ვინაობასაც უახლოეს პერიოდში დაასახელებენ.

საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან გაფორმებული 5-წლიანი ხელშეკრულების საფუძველზე, "სასკი ბასკონიასთან" თანამშრომლობა გაგრძელდება და ის კალათბურთის სხვა სფეროებს მოიცავს.

გივი ბიჭიაშვილი:
"მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ასეთი დიდი მასშტაბის პროექტი ჩატარდა. საკალათბურთო კემპში სულ 160-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. მათგან ესპანელ სპეციალისტთა მიერ 16 საუკეთესო მოთამაშე შეირჩა, რომლებიც ვიტორიაში გაემგზავრნენ და უდიდესი გამოცდილება მიიღეს.

ჰქონდათ მაქსიმალურად დატვირთული გრაფიკი, ვარჯიში უმაღლეს დონეზე ტარდებოდა და მწვრთნელები ყველა დეტალზე დიდ ყურადღებას ამახვილებდნენ. სასიამოვნოდ ვარ გაოცებული ბავშვების მონდომებითა და დისციპლინით, რაც ესპანეთში ყოფნისას გამოიჩინეს.

საინტერესოა, რომ ესპანეთში შევხვდით საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, თორნიკე შენგელიას, რომელმაც წარმატებული პროექტის ჩატარება მოგვილოცა და ბავშვებსაც კიდევ ერთი დიდი სტიმული მიეცათ".

ირაკლი კილაძე (კემპის მონაწილე):
"ძალიან კმაყოფილი ვარ. თითოეულმა ჩვენგანმა ესპანეთში ყოფნით დიდი გამოცდილება და ცოდნა მიიღო. ძალიან მაღალი დონის ვარჯიშები გვიტარდებოდა, საკმაოდ დატვირთულები ვიყავით, ბევრი რამ ვისწავლეთ ისეთი, რაც პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში დაგვეხმარება.

ამას გარდა, ესპანელი მეგობრებიც შევიძინეთ და კემპი ამ მხრივაც დასამახსოვრებელი იყო".

გიორგი გახოკიძე (კემპის მონაწილე):
"შთაბეჭდილებების ქვეშ ვართ. ძალიან მაღალი დონის კემპი იყო და მიხარია, რომ მეც მომეცა საშუალება, ამ ყველაფრის მონაწილე ვყოფილიყავი. არაფერი გვკალდა, მწვრთნელები ძალიან დიდ ყურადღებას იჩენდნენ, ჩვენთან საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ და ყველაფერში გვეხმარებოდნენ".

დაჩი ქავთარაძე (კემპის მონაწილე):
"კემპმა საინტერესოდ და ძალიან კარგად ჩაიარა, ნასიამოვნები და კმაყოფილები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ დატვირთულები ვიყავით, ესპანელი მწვრთნელები ყველაფერში გვეხმარებოდნენ, მეგობრული ატმოსფერო იყო და ეს ძალიან დაგვეხმარა".

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია