კალათბურთი

უცხოური კალათბურთი

რუსეთი ყველაფერს ჩამოაშორეს

AutoSharing Option
ევრობასკეტზე რუსებს თამაშის მინიმალური შანსი აქვთ

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის საკალათბურთო ასოციაციას აცნობა საერთაშორისო ტურნირებიდან ამ ქვეყნის ყველა ასაკობრივი ნაკრების მოკვეთის შესახებ. ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა გაუთავებელი სკანდალები ფედერაციაში.

დისკვალიფიკაცია არ შეეხება მხოლოდ რუსეთის 18-წლამდელ გოგონათა ნაკრებს, რომელიც დღეს დაიწყებს გამოსვლას სლოვენიაში ევროპის ჩემპიონატზე. დანარჩენი გუნდები ჩამოშორებულნი არიან კონტინენტის პირველობებს, მათ შორის, ძირითადი ნაკრები, რომელსაც წინ აქვს 2015 წლის ევრობასკეტი. ჯერჯერობით, დისკვალიფიკაციის ზუსტი ვადების შესახებ არაფერია ცნობილი.

ამასთან, საერთაშორისო ფედერაციამ მიუთითა იმის შესახებ, რომ რუსეთის პირველ ნაკრებს შეეძლება ევროპის ჩემპიონატზე
გამოსვლა, თუ დროულად მოაგვარებს დაგროვილ პრობლემებს.

"FIBA უდიდეს იურიდიულ პრობლემებს ხედავს მთელს ამ ისტორიაში. ეს გაუგებრობა ორი წელია გრძელდება და სიტუაცია სულ უფრო მძიმდება. ჩვენი ორგანიზაციის მისამართით რუსეთის კალათბურთის ფედერაციის ორი აღმასკომი აგზავნის წერილებს. ასეთი რამ შესაძლებელია? მხარეებმა მოლაპარაკებები უნდა დაიწყონ და გამოსავალი იპოვნონ. უნდა განსაზღვრონ - ვინ არის ფედერაციის პრეზიდენტი, როგორია აღმასკომის შემადგენლობა. ფედერაციას აქვს დრო", - წერია საერთაშორისო ფედერაციის განცხადებაში.

საერთაშორისო ფედერაციამ გამოაცხადა, რომ თუ რუსული მხარე ვერ მოასწრებს ევროპის ჩემპიონატის სტარტამდე შიდა პრობლემების მოგვარებას, რუსეთის ნაკრების ადგილს სხვა გუნდი არ დაიკავებს. "უბრალოდ, ჯგუფში იქნება ხუთი ნაკრები. მიუხედავად ამისა, იმედი გვაქვს, რომ კონფლიქტი რუსეთის ფედერაციაში მოგვარებული იქნება. FIBA-ს შეუძლია სანქციების გაუქმება იმ შემთხვევაში, თუ აირჩევენ აღმასკომსა და ფედერაციის პრეზიდენტს", - წერს FIBA.

რაც შეეხება რუსული მხარის რეაქციას, იქაური ფედერაციის პრეზიდენტი იულია ანიკეევა შეეცდება დისკვალიფიკაციის გაუქმებას. ამისთვის, პრეზიდენტი სიტყვით გამოვა საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელობის წინაშე სხდომაზე, რომელიც 8-9 აგვისტოს ტოკიოში გაიმართება.

ამ შეხვედრის რანგში, ანიკეევა წარადგენს მოქმედების პროგრამას, რომელმაც უნდა დაუდოს სათავე რუსულ კალათბურთში გაჭიანურებული კონფლიქტის მოგვარებას. კონფლიქტი კი იმაში მდგომარეობს, რომ ფედერაციის საქმიანობაში უცხო პირები ერევიან.

FIBA-ის საშეჯიბრო კომისიის წევრმა, რუსეთის კალათბურთის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტმა სერგეი ჩერნოვმა განაცხადა, რომ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ნებისმიერ დროს შეიძლება მოხსნას. ამასობაში, ტელეჟურნალისტმა ვლადიმირ გომელსკიმ გუშინდელ კომენტარში განაცხადა, რომ საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილება არასამართლიანია და ის მიღებულია მხოლოდ ჩერნოვის ინტერესებიდან გამომდინარე.

"ეს გადაწყვეტილება ინსცენირებული და მიღებულია მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესებიდან გამომდინარე. ამ ადამიანს ჰქვია სერგეი ჩერნოვი. ეს მისი შურისძიებაა. და მან გამოიყენა საკუთარი მდგომარეობა FIBA-ში და თავისი მეგობრული ურთიერთობები ამ ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან პატრიკ ბაუმთან. სწორედ მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება", - განცხადა გომელსკიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები: