ვენესუელა - ამერიკის მოულოდნელი ჩემპიონი

AutoSharing Option
დასრულდა ამერიკის კონტინენტის პირველობა კალათბურთში. ტურნირის მოულოდნელი ჩემპიონი გახდა ვენესუელას ნაკრები, რომელმაც ფინალში არგენტინა დაამარცხა - 76:71.

მანამდე, ვენესუელამ ნახევარფინალში სძლია ჩემპიონატის მთავარ ფავორიტს კანადის ნაკრებს (79:78), რითაც 1992 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლის უფლება.

რაც შეეხება არგენტინასთან ფინალს, აქაც არგენტინელი სპეციალისტის ნესტორ გარსიას შეგირდები ფავორიტებად არ ითვლებოდნენ, მით უმეტეს, რომ აკლდათ თავიანთი ლიდერი - "მილუოკი ბაქსის" გამთამაშებელი გრეივის ვასკესი. მაგრამ ვენესუელამ მოიგო იმის მიუხედავად, რომ არგენტინელთა რიგებში 21 ქულა დააგროვა ანდრეს ნოჩიონიმ, ხოლო ორმაგი დუბლი (14+11 მოხსნა)
შეასრულა ლუის სკოლამ.

მესამე ადგილისთვის მატჩში, კანადამ მექსიკის ნაკრები დაამარცხა - 87:86. გადამწყვეტი ბურთი სირენასთან ერთად, "ტორონტო რეპტორზის" მცველმა კორი ჯოზეფმა ჩააგდო. ამ გუნდებმა, აგრეთვე მეხუთე ადგილზე გასულმა პუერტო რიკომ 2016 წლის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე თამაშის უფლება მოიპოვეს.

ფინალის შემდეგ, MVP-ის პრიზით დაჯილდოვდა არგენტინის ნაკრების ფორვარდი ლუის სკოლა, რომელმაც საშუალოდ 21.1 ქულას (ტურნირის ლიდერი) და 10.1 მოხსნას (მეორე შედეგი) მოუყარა თავი. სიმბოლურ ნაკრებში მასთან ერთად მოხვდნენ: ჰაისლერ გილენი (ვენესუელა), ენდრიუ უიგინსი (კანადა), ანდრეს ნოჩიონი (არგენტინა) და გუსტავო აიონი (მექსიკა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული