NBA. რეგულარული ჩემპიონატი: გეი ტორონტოში წავიდა

AutoSharing Option
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში შედგა უკვე არაერთგზის დაანონსებული და ყველაზე პროგნოზირებადი ტრეიდი, რომლის მიხედვითაც "მემფის გრიზლისის" ლიდერი რუდი გეი "ტორონტო რეპტორზში" გადავიდა.

ამ ფორვარდის გარდა, კანადური კლუბი მიიღებს ცენტრ ჰამედ ჰადადის, 2013 წლის დრაფტის მეორე რაუნდში არჩევის უფლებას და გარკვეულ ფულად კომპენსაციას. ამის სანაცვლოდ, "მემფისი" "ტორონტოსგან" გადაიბირებს ფორვარდ ედ დევისსა და მცველ ხოსე კალდერონს. თუმცა ეს უკანასკნელი "გრიზლისში" დიდი ხნით არ დარჩება - ესპანელ გამთამაშებელს "დეტროიტ პისტონზში" გაუშვებენ.

კალდერონის სანაცვლოდ, "მემფისს" ერგება ახალგაზრდა ფორვარდი ოსტინ დეი და ვეტერანი თავდამსხმელი ტაიშონ პრინსი.
სავარაუდოდ, სწორედ ის დაიკავებს "მემფისის" სასტარტოში ადგილს გეის ნაცვლად.

ეს გაცვლა "დეტროიტს" სახელფასო ბიუჯეტის განტვირთვის საშუალებას მისცემს, მით უმეტეს, რომ წლევანდელ ზაფხულს კონტრაქტი უმთავრდება "პისტონზის" ერთბაშად სამ მოთამაშეს (მაგეტის, მაქსიელსა და ბაინუმს). მართალია, ტაიშონ პრინსს კონტრაქტით დარჩენილი სამი წლისთვის 22 მილიონი დოლარი ერგება, მაგრამ ის "მემფისისთვის" უფრო "იაფი" მოთამაშეა, ვიდრე გეი, რომელიც ანალოგიური პერიოდისთვის 34 მილიონ დოლარს მიიღებს.

რონდოს ლოპესი შეცვლის
ერთი ცვლილება მოხდა "ყველა ვარსკვლავის მატჩში" მონაწილე აღმოსავლეთ კონფერენციის შემადგენლობაში. როგორც იცით, ხანგრძლივი დროით გამოვიდა მწყობრიდან "ბოსტონ სელტიქსის" გამთამაშებელი რაჟონ რონდო.

მის ნაცვლად, NBA-ს კომისარმა დევიდ სტერნმა "ოლ სტარზე" მიიწვია "ბრუკლინ ნეთსის" ცენტრი ბრუკ ლოპესი.

ლოპესს დებიუტი ექნება "ყველა ვარსკვლავის მატჩში". წელს ეს ცენტრი საშუალოდ მატჩში 18.6 ქულასა და 7.3 მოხსნას აგროვებს.

Sportall.Ge

* * *
ამასობაში "ბოსტონ სელტიქსი" რაჟონ რონდოს შემცვლელს ეძებს. როგორც ჩანს, ეს რთული პროცესია, რადგან გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დოკ რივერსმა "სელტიქსის" მოთამაშეთა განვითარების კოორდინატორს კეიონ დულინგს სთხოვა მოედანზე დაბრუნება რონდოს ადგილის დასაკავებლად.

თუმცა დულინგმა უარი განაცხადა მოთამაშის კარიერის განახლებაზე და დაეხმარება რაჟონს ტრავმის შემდეგ აღდგენაში.
* * *
NBA-მ გამოაცხადა "ყველა ვარსკვლავის უქმეებზე" დებიუტანტებისა და მეორეწლიანების ტრადიციული მატჩის მონაწილეთა სია.

ზედიზედ მეორე წელია, ეს შეხვედრა ახალი ფორმატით გაიმართება. NBA-ს ორი ლეგენდა - ჩარლზ ბარკლი და შაკილ ო’ნილი საერთო სიიდან სპეციალური "დრაფტის" მეშვეობით აირჩევენ კალათბურთელებს და დააკომპლექტებენ შემადგენლობებს. თუმცა არის ერთი სიახლე შარშანდელთან შედარებით: ბარკლისა და ო’ნილის გუნდებში სასტარტო ხუთეულებს მაყურებელთა შორის ჩატარებული გამოკითხვა გამოავლენს.

მეორეწლიანები: კაირი ირვინგი ("კლივლენდი"), კენეტ ფარიდი ("დენვერი"), ბრენდონ ნაითი ("დეტროიტი"), კავაი ლეონარდი ("სან ანტონიო"), ჩენდლერ პარსონსი ("ჰიუსტონი"), კლეი ტომპსონი ("გოლდენ სტეიტი"), ტრისტან ტომპსონი ("კლივლენდი"), ნიკოლა ვუჩევიჩი ("ორლანდო"), კემბა უოკერი ("შარლოტი").

ახალბედები
: ალექსეი შვედი ("მინესოტა"), დემიან ლილარდი ("პორტლენდი"), ენტონი დევისი ("ნიუ ორლეანი"), ჰარისონ ბარნსი ("გოლდენ სტეიტი"), ანდრე დრამონდი ("დეტროიტი"), მაიკლ კიდ-გილკრისტი ("შარლოტი"), ბრედლი ბილი ("ვაშინგტონი"), დიონ უეიტერსი ("კლივლენდი"), ტაილერ ზელერი ("კლივლენდი").

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის მოთამაშეები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული