NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ოკლაჰომა" პირველობას უმიზნებს

AutoSharing Option
პლეი ოფის პირველი რაუნდის შესაძლო რეპეტიცია შედგა ბრუკლინში და სტუმრების - ჩიკაგოელი "ხარების" გამარჯვებით დასრულდა. ნოას, ჰემილტონის, ბელინელის, გიბსონისა და როუზის გარეშე მოთამაშე "ბულზმა" მეორე მეოთხედში წარმოქმნილი 16-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილება შეძლო და დაძაბულ მეოთხე მეოთხედში აჯობა "ნეტსს".

ბოლოსკენ, არც ერთი გუნდის მხრიდან არ დაფიქსირებული 4-ქულიანზე დიდი სხვაობა. ნეიტ რობინსონმა და კარლოს ბუზერმა ყველაფერი გააკეთეს "ჩიკაგოს" მოგებისთვის, ბრუკ ლოპესმა კი, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა პირველ ტაიმში, ააცილა ორი სროლა, რომელსაც შეიძლება გამარჯვება მოეტანა მასპინძლებისთვის. თუ პირველ სამ მეოთხედში "ბრუკლინმა" მხოლოდ რვა შეცდომა
დაუშვა, ბოლო 12-წუთეულში ამდენჯერვე დაკარგა ბურთი. "ბულზმა" მეტოქის ეს შეცდომები 10 ქულაში გარდასახა. საერთო ჯამში, სტუმრებმა კარგად დაიჭირეს საკუთარი თამაში და ბოლო მეოთხედში 61-პროცენტიანი სიზუსტით ისროლეს.

* * *
"დენვერს" კვლავ წინ მიუძღვის კორი ბრიუერი. საშინაო მატჩში "დალასის"წინააღმდეგ, რომელიც, როგორც ჩანს, საბოლოოდ დემორალიზებულია, "მავერიქსის" ყოფილმა კალათბურთელმა მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ "დენვერის" საშინაო მოგებათა სერია 19 მატჩამდე აეყვანა. "ნაგეტს" კიდევ ერთი მოგება სჭირდება საკუთარ მოედანზე, რათა 30 წლის წინანდელი საკლუბო რეკორდი გაიმეოროს.

ბოლოსკენ "დენვერს" მატჩის გადარჩენა მოუწია და ეს ბრიუერის დაცვაში ბრწყინვალე თამაშის წყალობით მოახერხა. მან ჯერ ბურთი მოპარა დირკ ნოვიცკის, შემდეგ მეტოქის ფარზე
აიღო მოხსნა და აგრეთვე, დააფარა მოროუს ტყორცნას, რომელსაც შეიძლებოდაა მატჩი ოვერტაიმში გადაეყვანა. შეტევაში კი იმავე ბრიუერის გარდა, კარგად ითამაშეს იგუოდალამ და მილერმა. ამ უკანასკნელმა მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, როცა "დალასი" სამი ქულით იყო დაწინაურებული, იგუოდალამ კი ურთულესი შესვლის შემდეგ გამარჯვების მომტანი ბურთი ჩააგდო. ახლა, მხოლოდ სასწაული თუ მოხდება და "დალასი" გავა პლეი ოფში. თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა და ბოლო 13 წლის განმავლობაში პირველად, ეს გუნდი რეგულარულის შემდეგ დაასრულებს სეზონს. "დენვერი" კი, რომელმაც, როგორც ჩანს, დიდი ხნით დაკარგა გალინარი (მან მუხლის ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ, ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი. ასე რომ, ამ სეზონში იტალიელის თამაში გამორიცხულია), ყველაფერს აკეთებს კონფერენციაში მესამე ადგილის დასაკავებლად.

* * *
"ოკლაჰომას" ძალიან უნდა დასავლეთში პირველი ადგილის დაკავება. "თანდერმა" თავის მოედანზე ზედიზედ მეხუთედ დაამარცხა "სან ანტონიო", თანაც ისე, რომ მინიმუმ 100 ქულას აგროვებდა მატჩში. თავის მხრივ, გრეგ პოპოვიჩის გუნდისთვის ეს იყო სეზონის მიწურულს ზედიზედ მეოთხე წაგება.

"ოკლაჰომამ" ტრადიციული შტურმით დაიწყო, მაგრამ შემდეგ მოდუნდა და მეტოქეს დაწევის საშუალება მისცა. მეორე მეოთხედში მასპინძლების უპირატესობამ 20 ქულა შეადგინა, მაგრამ ინტრიგა თითქმის ბოლომდე შენარჩუნდა. მეოთხე მეოთხედში, დანკანმა და კომპანიამ სამ ქულამდე შეამცირა სხვაობა და თითქოს მატჩს დაძაბული ფინალი გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ იქვე დურანტმა და უესტბრუკმა 11:2 გაქცევა მოაწყვეს და ახლა, დასავლეთის ცხრილში ამ გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ ერთი მოგებაა.

აღვნიშნავთ, რომ "თანდერის" 20-ქულიანი უპირატესობა არ იქნებოდა, რომ არა "მკვდრეთით აღმდგარი" დერეკ ფიშერი, რომელმაც 14 წუთში 17 ქულა დააგროვა (შვიდიდან ხუთი სამქულიანი გამოიყენა). ისიც არ უნდა გამოგვრჩეს, რომ მატჩის მსვლელობისას პოპოვიჩმა სათადარიგოთა სკამზე დასვა ტონი პარკერი, რომელიც შესამჩნევად კოჭლობდა.

ბრუკლინი-ჩიკაგო 90:92
26:13, 21:23, 20:29, 23:27
ბ: უილიამსი (30+10 პასი), ლოპესი (28+5 მოხსნა), ჯონსონი (12), რ. ევანსი (0+13 მოხსნა)
ჩ: ბუზერი (29+18 მოხსნა), დენგი (18+7 მოხსნა), ბატლერი (16+10 მოხსნა), რობინსონი (12+5 პასი), ჰაინრიხი (10+6 პასი).

დენვერი-დალასი 95:94
19:23, 28:24, 23:30, 25:17
დენ: ბრიუერი (23), მილერი (22+7 პასი), ფარიდი (12+19 მოხსნა+4 დაფარება), იგუოდალა (8+9 მოხსნა+8 პასი).
დალ: რაიტი (16+6 მოხსნა), კამანი (13+9 მოხსნა), ნოვიცკი (13+6 მოხსნა+3 დაფარება), კარტერი (11+6 მოხსნა+6 პასი), კოლისონი (11+5 პასი), მერიონი (10+6 მოხსნა).

ოკლაჰომა-სან ანტონიო 100:88
29:18, 23:26, 25:27, 23:17
ო: უებსტერი (27+7 მოხსნა+7 პასი+3 ჩაჭრა), დურანტი (25+9 მოხსნა+6 პასი+3 დაფარება), ფიშერი (17), იბაკა (11+11 მოხსნა+3 დაფარება), სეფოლოშა (11+5 მოხსნა).
ს-ა: ლეონარდი (24+14 მოხსნა+6 პასი), დანკანი (24+11 მოხსნა+3 დაფარება), ნილი (14).

ტიბოდო: კიდევ ოთხი წელი ხარებში
"ჩიკაგო ბულზის" მთავარმა მწვრთნელმა ტომ ტიბოდომ ოფიციალურად გააფორმა გუნდთან ახალი კონტრაქტი, რომლის ვადა ოთხი წელია. მხარეებმა ახალი ხელშეკრულების დეტალები ჯერ კიდევ ზაფხულში შეათანხმეს, მაგრამ გარიგების შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი, რისი მიზეზიც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რამდენიმე წესია.

შეგახსენებთ, რომ ტიბოდომ "ჩიკაგო"2010 წელს ჩაიბარა. მანამდე ეს სპეციალისტი 21 წელი მუშაობდა "მინესოტას", "სან ანტონიოს", "ფილადელფიას", "ნიუ იორკის", "ჰიუსტონისა" და "ბოსტონის" სამწვრთნელო შტაბებში. 2011 წელს, ტიბოდომ NBA- ის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო მოიპოვა.

პეიტონი დიდების დარბაზში
ლეგენდარულ მცველს გერი პეიტონს 2013 წელს, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის დიდების დარბაზში შეიყვანენ, - იტყობინება NBA.com-ის მიმომხილველი სკოტ ჰოვარდ-კუპერი. ოფიციალურად ამის შესახებ ორშაბათს გამოაცხადებენ.

გერი პეიტონმა NBA-ში 17 სეზონი ითამაშა "სიეტლის", "მილუოკის", "ლეიკერსის", "ბოსტონისა" და "მაიამის" შემადგენლობაში. მან ცხრაჯერ მიიღო მონაწილეობა "ყველა ვარსკვლავის მატჩში", 2006 წელს კი "მაიამისთან" ერთად მოიგო NBA-ის ტიტული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: გარნეტი ბრუნდება, ჰილი მიდის, ბოშს ძარცვავენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული