- არასოდეს გიფიქრიათ სხვა კლუბში გადასვლაზე? სხვაგან უფრო სერიოზული როლი გექნებოდათ...
- ამაზე სერიოზულად არასოდეს მიფიქრია. “სპურსში” ბედნიერი ვარ.
- კარიერის დასრულებას “სან ანტონიოში” გეგმავთ?
- დიახ, რა თქმა უნდა.
- პროფესიულ დონეზე 15 წელია თამაშობთ. ყველაზე სასიამოვნოდ რა გახსენდებათ NBA-ში ან ნაკრებში თამაშიდან?
- ოლიმპიადა 2004 წელს და 2004-05 წლების “სან ანტონიო”. და, რა თქმა უნდა, სეზონი იტალიაში 2001 წელს. ეს
- ყველაზე დასამახსოვრებელი ისტორია, რომელიც გრეგ პოპოვიჩს უკავშირდება...
- ასეთი ბევრია, მაგრამ, ალბათ, ვახშმობები გუნდთან ერთად, აგრეთვე მასთან ხანგრძლივი საუბრები. გრეგთან სასიამოვნოა ურთიერთობა.
- შესაძლებელია თუ არა ევროლიგისა და NBA-ს მოთამაშეების ნიჭის შედარება?
- რა თქმა უნდა, მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში მეტი ნიჭიერი მოთამაშეა, განსაკუთრებით, ათლეტიზმის მხრივ. მაგრამ ევროპაშიც არის ბევრი ნიჭიერი კალათბურთელი, რომლებიც ფეხს მოიკიდებდნენ ოკეანის გაღმა.
- რამდენად პოპულარულია კალათბურთი არგენტინაში?
- იმედია, მეორე ადგილს იკავებს. რა თქმა უნდა, ფეხბურთს კონკურენციას ვერ გავუწევთ, მაგრამ NBA-ს მატჩებს მართლაც ბევრი ადამიანი ადევნებს თვალს.
- AT@T Center-ის გარდა, რომელია NBA-ში თქვენი საყვარელი არენა?
- “მედისონ სკვერ გარდენი” – შესანიშნავი არენაა. ასევე კარგია “სტეიპლ ცენტრი” ლოს ანჯელესში.
- თქვენი საყვარელი მოთამაშე იმათგან, ვინც “სან ანტონიოში” არ თამაშობს?
- არ შეიძლება არ აღფრთოვანდე ლებრონით ან დურანტით. ისინი ფენომენალურ კალათბურთს აჩვენებენ.
- როგორია NBA-ს ერთ-ერთ ყველაზე ინტერნაციონალურ გუნდში თამაში? მოახერხეთ სხვა ერების კულტურის გაცნობა?
- შესანიშნავი შესაძლებლობაა. კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ბოლო წლებში ჩვენს გუნდში თითქმის მთელი მსოფლიოდან შეიკრიბნენ მოთამაშეები. მე ეს მომწონს.
- რა არის მთავარი ჯილდო ისეთ მწვრთნელთან ურთიერთობისას, როგორიც პოპოვიჩია?
- ის შესანიშნავი მწვრთნელი და ადამიანია, იუმორის ბრწყინვალე გრძნობა აქვს. ხალხს ჰგონია, რომ ის ძალიან მკაცრია, მაგრამ ასე არ არის. მე მისგან ბევრი რამ ვისწავლე, როგორც საკალათბურთო, ასევე ადამიანური თვისებების მხრივ.
- რას უპასუხებთ მათ, რომლებიც სიმულანტს გიწოდებენ?
- ისინი არ მაღელვებენ. მე, უბრალოდ, საკუთარ საქმეს ვაკეთებ.
- ზოგიერთს თამაში “სან ანტონიოს” შესრულებით მოსაწყენი ეჩვენება. რას იტყვით ამის შესახებ?
- ყველას აქვს საკუთარი აზრის უფლება. მე მომწონს ჩვენი თამაში. ამ სეზონში რამდენიმე დანკიც კი შევასრულე.
- კარიერის დასაწყისში ბევრი დიდი კალათბურთელისგან გქონდათ სწავლის საშუალება. თანაგუნდელთაგან ვინ მოგცათ ყველაზე მეტი, საკალათბურთო განვითარების მხრივ?
- მქონდა ბედნიერება, ბევრი ნიჭიერი კალათბურთელის გვერდით მეთამაშა. მათგან ბევრი რამის სწავლა შეიძლებოდა. მაგალითად - ესპილი არგენტინაში, ბოუენი, ფინლი, კერი, სმიტი და სხვები NBA-ში. შეიძლება ვიღაც გამომრჩა.
- “მინუს ხუთის” თამაშისას რომელია თქვენი საყვარელი სროლა?
- გარკვეულ ილეთებს ვიღებ ფეხბურთიდან, მაგალითად, თავით დარტყმა. ამერიკელების წინააღმდეგ ეს ყოველთვის მუშაობს!
- დაასახელეთ ნებისმიერი ეპოქის ნებისმიერი მოთამაშე, ვისთანაც ისურვებდით ერთ გუნდში თამაშს.
- ბილ რასელი. არასოდეს მინახავს მისი თამაში, მაგრამ ბევრი მსმენია მის შესახებ. მაგრამ თუ დავფიქრდებით, კალათბურთის ისტორიაში მოინახება ბევრი დიადი შემსრულებელი, ამიტომაც ერთის ამორჩევა რთულია.
- კალათბურთის გარდა, კიდევ რას თამაშობთ?
- სეზონის მსვლელობისას ამის გაკეთება არ ხერხდება, რადგან ნაკლები თავისუფალი დრო გვაქვს და თან ორგანიზმის გაფრთხილებაა საჭირო. ზაფხულში კი ჩოგბურთს ვთამაშობ.
- საინტერესოა, როგორ მიმდინარეობდა თქვენთვის დრაფტი. თქვენ ხომ NBA-ს ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე ხართ, რომელიც დრაფტის მეორე რაუნდის ბოლოს აირჩიეს. ელოდით, რომ 60 ბედნიერს შორის მოხვდებოდით?
- არც კი ვიცოდი, რომ იმ დღეს დრაფტი მიდიოდა. ბრაზილიაში ვიყავი და იქ ნაკრების შემადგენლობაში ვთამაშობდი. სწორედ იქ შემატყობინეს ეს ამბავი. არ მჯეროდა და არ ველოდი.
- თქვენ, სავარაუდოდ, 2005 წელს მიაღწიეთ კარიერის პიკს. თანაც, გამოირჩეოდით არა მხოლოდ თამაშით, არამედ... ვარცხნილობით. რატომ აღარ გვინახავს ბოლო ექვსი წელია ჯინობილი გრძელი თმით?
- სიამოვნებით გავიზრდიდი თმას, მაგრამ ბუნებამ სხვაგვარად გადაწყვიტა.
- რას ფიქრობთ კარიერის მოცემულ მომენტზე?
- რა თქმა უნდა, ვეღარ ვაჩვენებ საუკეთესო კალათბურთს. სამაგიეროდ, გუნდი პირველ ადგილზეა დასავლეთ კონფერენციაში.
- ახლა რომ სრულდებოდეს სეზონი, კარიერის გაგრძელების სურვილი გექნებოდათ?
- აუცილებლად.
- რას გააკეთებთ მაშინ, როცა კარიერას დაასრულებთ?
- ჯერ არ ვიცი. იდეა ბევრია.
- თანაგუნდელთაგან ვისთან გაქვთ ყველაზე ხშირი ურთიერთობა?
- სპლიტერთან, დიაოსთან, მილსთან, დანკანთან, ბონერთან და პარკერთან.
- როგორ შეეგუეთ “მეექვსე მოთამაშის” როლს?
- მადლობა პოპოვიჩს! მწვრთნელს მიაჩნია, რომ მე ასე უფრო მეტი სარგებლობა შემიძლია მოვუტანო გუნდს. როგორც ხედავთ, ის მართალია.
- როგორ ისწავლეთ კალათბურთის თამაში?
- მწვრთნელების წყალობით, აგრეთვე ვიდეოჩანაწერებით. ყოველთვის ბევრს ვამუშავებდი ამა თუ იმ მოთამაშის ილეთს, ყველა წვრილმან დეტალსა და ნიუანსს ვიმახსოვრებდი.
- რას გააკეთებთ, თუ არგენტინის ნაკრები ფეხბურთში 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონატს მოიგებს?
- ძალიან გავიხარებ. მინდა ბრაზილიაში გამგზავრება და მატჩების “ცოცხლად” ხილვა, მაგრამ არ მგონია, ასეთი შესაძლებლობა მივიღო.
- არგენტინაში სახლში კიდევ გაქვთ? რომელ ქალაქსა თუ პროვინციაში მოგწონთ დროის გატარება?
- რა თქმა უნდა, იქ სახლი მაქვს. სეზონის შემდეგ ყოველთვის ვბრუნდები იმ ადგილებში, სადაც გავიზარდე. არგენტინა ის ქვეყანაა, რომლის მონახულება ღირს.
- რა ასაკში ხდება NBA-ში კალათბურთელი ვეტერანი?
- აქ 40 წლის მოთამაშეებიც არიან. საქმეს პროფესიულად უნდა მიუდგეთ, საკუთარი ორგანიზმი დაზოგოთ და საჭირო დიეტა დაიცვათ - მაშინ თქვენი კარიერა დიდხანს გაგრძელდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის მოთამაშეები